„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს გადაწყვეტისთვის. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ ბევრის გადახდა ელექტროენერგიისთვის. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა 24 მაისს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
„მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ ბევრის გადახდა ელექტროენერგიისთვის.“ - კელი დეგნანი
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კი დიალოგისკენ მიუთითებს. მისი თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა ჩატარდეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, ხელისულებამ უნდა დაასაბუთოს, რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი.
ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!
ნათია თურნავა: კომპანია არ დაიწყებს ,,ნამახვან ჰესის" ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ ჩავატარებთ
„ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას. მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ბუნების დაცვას და ზოგადად, უსაფრთხოების საკითხს, არსებობს სტანდარტიზირებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ასეთ ჰესებთან დაკავშირებით კვლევას და აუდიტს. ვვარაუდობ, რომ ასეთი აუდიტი აუცილებლად უნდა იყოს დადებული ამ პროექტთან დაკავშირებით.
მაგალითად, არის ევროკავშირის სერთიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით მუშაობენ, ასეთი ორგანიზაციების მიერ კვლევები უკვე უნდა იყოს გაკეთებული. ვერც დავიჯერებ იმას, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიც არის „ენკა“, ასეთი მსხვილი მსხვილი პროექტის მსგავსი კვლევა არ აქვს გაკეთებული. გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაკეთებული აუდიტი უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი ამ დოკუმენტაციის, სხვანაირად წარმოიდგინეთ, ვერც სესხს აიღებ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტში, თუ ასეთი საბუთი არ არსებობს და ვერც ისეთი კომპანია წავა ასეთ რისკზე, როგორიც „ენკაა“. ეს საბუთი უნდა არსებობდეს. თუ ეს საბუთი არ არსებობს, დიდი პრობლემაა. რატომ არ ხდება ამის კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩემთვის გაურკვეველია.
მეორე საკითხი არის ეკონომიკური დასაბუთება, რა მოაქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის, რისთვის არის საჭირო. ეს არის ურთულესი საკითხი და აღიშნულთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა აზრი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, დიალოგი, კომუნიკაცია თავად პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს არ უნდა გადასცდეს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს. შექმნილია კარგი, ძალიან საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს. ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, რომ საქმიანად კონკრეტულ ჯგუფებში, ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურანავამ.
ჰესის საწინააღმდეგო აქცია და პიკეტი დღეს ისევ არის დაგეგმილი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროტესტს. გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინააღმდეგოა.
„ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების.
ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწორედ საკომიტეტო მოსმენაზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პროტესტის მონაწილეებმა უნდა გასცენ დეპუტატების კითხვებს პასუხები.
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა გუშინ განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი
„ვიკრებთ ძალებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად ვიზრდებით და ვფიქრობთ, ეს ზრდა გაგრძელდება, ჩვენ ვრჩებით, როგორც გუშინ დავრჩით, „რესპუბლიკის მოედანზე“ და ვკეტავთ აქაურობას. ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. როგორც არ უნდა დავიღალოთ, მთავარია, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ლოკაციებს, რომლის პიკეტირებასაც დღეს აპირებენ, სპეციალურად არ ასახელებენ.
არასამთავრობოების პოზიცია
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას უჭერენ მხარს. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ მსგავსი ობიექტის მშენებლობისას მნიშვნელოვანია ორი რამ: შინაარსი და ხალხის ჩართულობა: შინაარსი ,ანუ დასაბუთება, მეცნიერული გათვლა, შეიძლება თუ არა მშენებლობა. რაც შეეხება განხილვის პროცესს, რომელშიც ყველა უნდა მონაწილეობდეს, ვხედავთ, რომ ესეც დარღვეულია“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჰესის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან თებერვალში მიიღო.