ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს - სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. „ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ „ინაუგურაცია“ საიდუმლოდ გამართა, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ,ლეგიტიმურობა დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს“, - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა Twitter-ზე. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

პრეზიდენტი კარტერი 96 წლის გახდა

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 96 წლის გახდა. ჯანმრთელობის პრობლემებმა და პანდემიამ მისი საქმიანობა საგრძნობლად შეზღუდა. ის ეკლესიაში წირვებს ვერ ესწრება და ვეღარც საკვირაო სკოლაში ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ კვლავ ჩართულია კარტერის ცენტრის ჯანდაცვისა და სამშვიდობო პროექტებში და ტელეფონით გამუდმებით ელაპარაკება დონორებს. ყოფილი პრეზიდენტი და ქალბატონი კარტერი თვალს ადევნებენ საარჩევნო მარათონს. ისინი ჯო ბაიდენს უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ შორეულ 1976 წელს ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ კარტერს მიემხრო. კარტერის ცენტრი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების მონიტორინგის დიდი გამოცდილება აქვს, არსებობის ისტორიაში პირველად, 3 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება.

ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იმ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც გასულ სამშაბათს დავესწარი, კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგულაციების თანახმად, ხვალ დილამდე თვითიზოლაციაში ვრჩები,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ მისივე თქმით, ხუთშაბათს კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი იყო, განმეორებითი ტესტის ჩატარებას კი დღეს გეგმავს.

ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი აცხადებს, რომ მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ოპოზიციური ძალები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ყირგიზეთში არეულობა კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

დემონსტრანტების ძალისხმევით 6 ოქტომბერს გათავისუფლებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, 10 ოქტომბერს ყირგიზეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax ატამბაევის პარტიის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს. ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა. 6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი", რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერმინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი. 6 ოქტომბრის დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყირგიზეთის მთავრობის შენობა. უკანასკნელი მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი. პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "ატა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა, ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნება ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერმინისტრი. ამავე დროს მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ ყირგიზეთის სამ ოლქში. ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დააპატიმრებს. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის პარტია ერთობამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით, ის მზადაა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები მას შემდეგ გააუქმა, რაც არჩევნებს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, მთავრობის კაბინეტის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ ვინ გაუძღვება დროებით მთავრობას. 9 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და სამთავრობო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება.

პრეზიდენტი დავით გარეჯის თემაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი აჟიოტაჟი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენაა მიმართული. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს. “ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელივიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ვისაუბრე, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი თითქოსდა ამ თემის ირგვლივ ჩემს მიმართ კითხვები კიდევ არსებობს. ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005). ამის მიუხედავად, და იმიტომ რომ, პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ, საჯაროდ გაგიზიაროთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს. დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც აზერბაიჯანელ ასევე, სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს. მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს. მეორე მხრივ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია. აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერცერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული. ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხვედრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის, იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები. საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად, შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე, ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. "დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან ვერ განმუხტა დაძაბულობა. სამწუხაროდ, არ იკლებს აგრესია და ჩემი გადადგომის მოთხოვნები. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვლადებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს არ წამოეგონ პროვოკაციებს. ჩემთვის ყირგიზეთში მშვიდობა, ერთობა და საზოგადოებაში სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჩემი ყოველი თანამემამულის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. მე არ ვებღაუჭები ძალაუფლებას. არ მსურს ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და ცეცხლი გაუხსნა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება. მოვუწოდებ ჯაფაროვს და სხვა პოლიტიკოსებს, გაიყვანონ საკუთრი მომხრეები დედაქალაქიდან და ბიშკეკს მშვიდობიანი ცხოვრება დაუბრუნონ. არცერთი ძალაუფლება არ ღირს ქვეყნის ერთობად და საზოგადოების თანხმობად". - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. შედეგად, ხელახალი არჩევნების ჩატარების დრო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასახელდეს. ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები. ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული, სადირ ჯაფაროვი აირჩიეს. თავდაპირველად ჟეენბეკოვმა ჯაფაროვი პოსტზე არ დაამტკიცა და პარლამენტს სთხოვა, ხელახალი კენჭისყრა ჩაეტარებინათ. მას შემდეგ, რაც ჯაფაროვი პარლამენტმა მეორედ აირჩია, ჟეენბეკოვმა მისი დამტკიცების ბრძანებას ხელი მოაწერა. განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, ჯერ კიდევ არ არის დანიშნული.

ზუგდიდის სპეცოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და პარტიებსა და მედიას მოუწოდებს “დამატებითი დაძაბულობა” ხელოვნურად არ უნდა შექმნან. როგორც პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა უნდა გაითავლისწინოს. “მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”, – წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს, დაახლოებით 14:30 წუთზე დაიწყო. თავმდამსხმელმა 19-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად, რომლებიც ეტაპობრივად გაათავისუფლა. საღამოს კი თანხის სანაცვლო, სამ მძევალთან ერთად დატოვა ტერიტორია. ჯერ უცნობია თუ სად და რა დამატებითი პირობა წამოაყენა მან

პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტისპრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ გაავრცელა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. „გუშინ პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან“, - აცხადებს სპიხალსკი. მან ასევე განმარტა, რომ თავადაც აპირებს კარანტინში გადასვლას.

ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ის, წარმოუდგენელია დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა - პრეზიდენტი

ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მიმართვაში აცხადებს. პრეზიდენტის შეფასებით, მიუღებელია, დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. “მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ. ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოა - პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ის მიმართულებები და საკითხები, რომელთა იმპლიმენტაციამაც განაპირობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. რობერტო მონტელამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის პოზიტიურ განვითარებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა განვითარების თვალსაზრით წარმატებული მაგალითია. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მზაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში თავისუფალ საარჩევნო გარემოს. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მინდა ყველას მოვუწოდო მივიდნენ არჩევნებზე - პრეზიდენტი

ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა. პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე დააფიქსირა. ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რადგან დაცულია უსაფრთხოების ნორმები. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად ყველას მინდა მოვუწოდო, ძალიან მშვიდად მოვიდეს, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ მობრძნება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. დაიცავით დისტანცია თქვენ თვითონაც, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რიგები დაიცვათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი - საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები

საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებს. მისივე შეფასებით, მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს. „ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, ძალიან საამაყოა მათ მიერ საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება. ჩვენ შევძელით, არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც მეტწილად პროპორციული გახდა. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ხოლო ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფს პარლამენტის უფრო მეტ მრავალპარტიულობას და გაუმჯობესებულ გენდერულ ბალანს. ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა ვუთხრა ცესკოს, მის წევრებს, მის თავმჯდომარეს და ყველა იმ ადამიანს ვინც საარჩევნო ადმინისტრაციაში ურთულესი პანდემიის პირობებში ზრუნავდა არჩევნების უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე. ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა. და ბოლოს, 31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!“, - აცხადებს პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ფაუჩის „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებს, სადაც მან საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს სერიოზულად უყურებს, დონალდ ტრამპს კი ქვეყნის გახსნა სურს, რაც საფრთხის შემცველია. ფაუჩის კომენტარებმა თეთრი სახლის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ისინი ფაუჩის ბრალს მიკერძოებაში სდებენ.

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი გადადგომიდან რამდენიმე საათში დააკავეს

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჰაშიმ ტაჩიმ პრეზიდენტის პოსტი გუშინ დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ მისთვის ომის დანაშაულის გამო ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაადასტურა. კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ, ჰაშიმ ტაჩის ბრალი სავარაუდო ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, მათ შორის 100-მდე მკვლელობის შემთხვევის გამო ივნისში წარუდგინა. ჰაშიმ ტაჩი ბრალდებებს უარყოფს. ტაჩი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. მანამდე ის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც „ევრონიუსი“ წერს ის ერთ-ერთი პარტიზანი ლიდერი იყო 1990-იან წლებში სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ჯო ბაიდენი: მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

„ამერიკა, დიდი პატივია, რომ ამირჩიე ამ შესანიშნავი ქვეყნის ლიდერად. რთული სამუშაო გველის, თუმცა გპირდები, მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი, განურჩევლად იმისა, დამიჭირეთ თუ არა მხარი“, - ეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებია. 48 წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების და უფროსი შვილის - ბოს გარდაცვალების შემდეგ, რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია. გამარჯვებისადმი მიძღვნილ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გამაერთიანებლის როლს შეასრულებს და არა გაყოფის. „მოდით, ერთმანეთს შანსი მივცეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა დელავერის შტატში გამართულ ღონისძიებაზე. ბაიდენმა იმ ხალხს მიმართა, ვინც მას ხმა არ მისცა. ვინ არის ჯო ბაიდენი და რა გზა გაიარა მან პრეზიდენტობამდე, ჯო ბაიდენის შესახებ სტატია „ევროპათაიმმა“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა. 77 წლის ჯო ბაიდენი პენსილვანიის შტატში, ქალაქ სკრანტონში დაიბადა. ცხოვრობს უილმინგტონში, დელავერის შტატის უდიდეს ქალაქში. ბაიდენი დელავერის სენატორად ექვსჯერ აირჩიეს, პირველად - 1972 წელს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი. New York Times-ი აღნიშნავს, რომ მისთვის ჯანმრთელობის დაცვა და მასზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად რჩება, ამისკენ კი უფრო მეტად უბიძგა პირადმა ტრაგედიამ. 1972 წელს, ბაიდენმა ავტოკატასტროფის დროს ცოლი და ერთი წლის ქალიშვილი დაკარგა. ვაჟები კი დაშავდნენ. თავის წიგნში „Promise Me Dad“ ბაიდენი ყვება, მამაჩემი მეუბნებოდა, როცა დაეცემი, ძალა მოიკრიბე და ადექიო“. ბაიდენმა მამის რჩევა არაერთხელ შეასრულა, მაგალითად, 1972 წლის 7 ნოემბერს, როდესაც დელავერის შტატის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მგლოვიარემ სენატორის ფიცი საავადმყოფოს ოთახში, მისი შვილების საწოლის თავთან დადო და თქვა, რომ 6 თვით ცდიდა ბედს და თუ სენატორობა კარგ მამობაში ხელს შეუშლიდა, პოლიტიკაზე უარს იტყოდა. ბაიდენმა სენატში 36 წელი, თეთრ სახლში კი 8 წელი გაატარა. გამოცემა ახლად არჩეული პრეზიდენტის შესახებ სამ შეკითხვას სვამს. 1. იქნება თუ არა ის ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი, დიახ, 20 ნოემბერს მას 78 წელი უსრულდება. 2. საიდან არის ბაიდენი წარმოშობით? სკრანტონში დაბადებული, 1942 წელს, დელავერში გადავიდა. როგორც პოლიტიკოსს, მას მჭიდრო კავშირები აქვს ორივე შტატთან, ტრამპი მას პენსილვანიის მიტოვებაში ადანაშაულებდა. „მე მაშინ მესამე კლასში ვიყავი“, - ასეთი იყო ჯო ბაიდენის პასუხი. ის პენსილვანიასთან კავშირების შენარჩუნებას განაგრძობს. 2016 წელს, საპრეზიდენტო მარათონი აქ ტრამპმა მოიგო და წელს, ბაიდენმა ამ შტატში დააფუძნა მთავარი შტაბი. 3. რა როლს თამაშობს ობამას ეპოქა ჯო ბაიდენის კამპანიაში? _როლი დიდია. ბაიდენმა და აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს. ის ხშირად საუბრობდა ობამასთან მეგობრობაზე, ისინი ერთად მუშაობდნენ ჯანდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ჯო ბაიდენის გზა თეთრ სახლამდე 77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. 2017 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ თავადაც აპირებდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, რომ არა ამ გადაწყვეტილების მთავარი მხარდამჭერის, მისი ვაჟის გარდაცვალება თავის ტვინის აგრესიული სიმსივნით. ბოს ჩემსავით სჯეროდა, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტობისთვის; არავინ იყო ჩემზე მეტად მზად“, - დაწერა ბაიდენმა მის წიგნში Promise me Dad“. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენმა 2019 წლის აპრილში გამოაცხადა. ამ დროს საარჩევნო რბოლაში დემოკრატიული პარტიიდან უკვე ოცზე მეტი სხვა კანდიდატი იყო ჩართული - ბევრად უფრო ახალგაზრდა, ან უფრო ლიბერალი, უფრო მემარცხენე და პოლიტიკაში ბევრად ახალბედა, ვიდრე ბაიდენი. ჯო ბაიდენი შეეცადა, სტაბილურობის ბურჯად წარმოედგინა თავი ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, „ბრძოლის ველად“ იქცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის განმავლობაში, ტრამპს მან ბრალი დასდო მოსახლეობის გახლეჩასა და საფრთხის შექმნაში. „ჩვენ ამ ერის სულისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც თავისი კანდიდატურის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, თუ ტრამპს კიდევ ოთხი წლით დაუთმობდნენ მართვის სადავეებს, ის „სამუდამოდ და ფუნდამენტურად შეცვლიდა ამ ერის ხასიათს. ბაიდენს პრობლემები ჰქონდა დემოკრატების მხარდამჭერ პროგრესულ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც იხრებოდნენ ან უფრო ლიბერალური კანდიდატებისკენ, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი, ან - უფრო ახალგაზრდებისკენ. საწყის ეტაპზე ბაიდენის სუსტმა შედეგებმა ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკ ბლუმბერგს, უბიძგა, მარათონში ჩართულიყო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით. მაგრამ თებერვალში, პირველი ადგილი მოიპოვა სამხრეთ კაროლინაში, რასაც ის მედიის ცნობით, ძირითადად აფრიკელი ამერიკელების მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს. ჯო ბაიდენის მიერ თანამებრძოლის დასახელებას განსაკუთრებული ყურადღებით ორი ფაქტორის გამო ელოდნენ. დიდია შანსი, რომ მან ამ პოსტზე მხოლოდ ერთი ვადა დაჰყოს და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტის მნიშვნელობა განუზომლად იმატებს. მეორე, არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორი ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატია. რასობრივი დაპირისპირებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლისთვის შეიძლება ძველი ყაიდის, ასაკოვანი თეთრკანიანი კანდიდატი საკმარისად მომხიბლავი არ აღმოჩენილიყო. ჯო ბაიდენმა თანამებრძოლის ვინაობა მრავალკვირიანი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ დაასახელა. მან თავიდანვე დადო პირობა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულად ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, დიდი ხნის განმავლობაში თავად მისთვისვე იყო უცნობი. ამერიკულმა პრესამ არაერთი სტატია მიუძღვნა კანდიდატის შერჩევის პროცესს. სერიოზულად განიხილებოდა პოპულარული სენატორის ელიზაბეტ უორენის კანდიდატურა, თუმცა ის კამპანიას არც ასაკობრივ და არც რასობრივ მრავალფეროვნებას შესძენდა. ფიქრობდნენ ბაიდენის მეგობარ სიუზან რაისზე, რომლის ძლიერ მხარესაც საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო დაიწუნეს. საბოლოოდ არჩევანი კალიფორნიელ სენატორ კამალა ჰარისზე შეაჩერეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმარიში ბაიდენის კონკურენტი იყო. კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ცენტრისტად მიიჩნევა (თუმცა, ოპონენტებმა მას უკვე დასდეს ბრალი რადიკალიზმში). მას თავად მოუგია არაერთი რთული არჩევნები, რაც ამ დაძაბული კამპანიის დროს დემოკრატებს ნამდვილად გამოადგებათ. ჯო ბაიდენისთვის პოლიტიკასთან ერთად ასევე ძალიან მნიშნელოვანია პირადი ურთიერთობები. ამ მხრივ კი კამალა ჰარისს განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა - ის ბაიდენის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო. არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომავლობაც. კამალა ჰარისი იამაიკელი მამის და ინდიელი დედის შვილია, რაც ბაიდენის კამპანიას მრავალფეროვნებას სძენდა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებიდან 24 საათის განმავლობაში ჯო ბაიდენის კამპანიამ 26 მილიონი დოლარის მიღება შეძლო. საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქცევს „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად“ და ევროპელ მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთს ძვირად დაუჯდეს უკრაინაში თავისი მოქმედებები. ბაიდენი ობამას ადმინისტრაციის დროს მთავარი ფიგურა გახდა უკრაინის საკითხებში. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი - პირველად 2008 წლის ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ სენატორი იყო. ბაიდენი გახდა საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი. „მაშინ მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს აღთქმას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოში 2009 წლის ივლისში დაბრუნებულმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. „მე ვლაპარაკობ არამარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მეცხრამეტე საუკუნის ცნებებისა, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ჩვენ არ მივიჩნევთ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას”, - აღნიშნა ბაიდენმა 2009 წელს. საქართველოში 2019 წლის ვიზიტის დროს დაჯილდოებულია საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. მომზადებულია New York Times-ის, BBC-ის და რადიო თავისუფლების მიხედვით.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ პრესიდან შევიტყვე - სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. „პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. ასევე პრესიდან გავიგე შეთანხმების პირობებიც. სამწუხაროდ, ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ამ დოკუმენტის თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა, არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა. მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული. „ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი, მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სომხეთს, არცახს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინტერესებსა და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით დოკუმენტის ხელმოწერა, ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის და, შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი. არმენ სარქისიანის მტკიცებით, არსებულ სიტუაციაში მისი, როგორც სომხეთის პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი მისია ეროვნული ერთობის ჩამოყალიბებაა. შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

უკრაინის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მკურნალობის კურსს კიევში მდებარე „კლინიკა ფეოფანიაში“ გადის. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ-ინფიცირების 500 865 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 9 145 პაციენტი. ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს. ოქტომბერში უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ წინა თვლის მაჩვენებელს 80%-ით გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებს გეგმიური ჰოსპიტალიზება შეწყვეტილი აქვთ და მხოლოდ იმ კოვიდ-ინფიცირებულებს ემსახურებიან, რომლებსაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა უვლინდებათ.

ამერიკის ხმა: კამალა ჰარისი - ამერიკის არჩეული პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის ისტორია და მნიშვნელობა

„ჩვენ, ხალხს გვაქვს ძალა, რომ ავაშენოთ უკეთესი მომავალი“, - ეს სიტყვები ამერიკის არჩეულ 49-ე ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ეკუთვნის. მან ეს თავის საზეიმო სიტყვაში თქვა, რომელიც გამარჯვების ღამეს წარმოთქვა. 7 ნოემბრის ღამეს, კამალა ჰარისი სუფრაჟისტების მოძრაობის პატივსაცემად, თეთრებში იყო გამოწყობილი. სწორედ სუფრაჟისტებმა მოიპოვეს 100 წლის წინ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება ამერიკაში. თეთრი ფერი კი მათი სიმბოლოა. კამალა ჰარისის სიტყვაში ძალიან დიდი ადგილი სწორედ ქალებს ეკავათ. თავის სამადლობელ სიტყვაში, ჰარისმა დედამისიც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კამალა ჰარისის მშობლები იმიგრანტები იყვნენ. დედა - ინდოეთიდან, მამა კი - იამაკიდან. მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს და შვილებს, კამალას და მაიასაც იქ ზრდიდნენ. „...[მადლობელი ვარ] დედაჩემის, შამალა გაპალან ჰარისის, ქალის, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ჩემ აქ ყოფნაზე... როდესაც ის ინდოეთიდან, 19 წლის ასაკში [ამერიკაში] ჩამოვიდა, ამ მომენტს ვერ წაროიდგენდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ასე რომ, დღეს მე ვფირობ მასზე და ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრკანიან, ლათინოს, მკვიდრ ამერიკელ ქალებზე, რომლებმაც ამ მომენტამდე მოგვიყვანეს. ქალებზე, რომლებმაც იბრძოლეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველას თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა ჰარისმა 7 ნომბერს, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. კამალა ჰარისი გახდა პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი, პირველი ინდური წარმოშობის და იმიგრანტების პირველი შვილი, ვინც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად ამერიკელმა ხალხმა აირჩია. გარდა ამისა, ამერიკას ეყოლება ისტორიაში პირველი - მეორე ჯენტლმენი, ჰარისის ქმრის, დაგ ემჰოფის სახით. 56 წლის კამალა ჰარისი ისტორიაში დარჩება, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა აქამდე ის იყო პირველი ქალი, ვინც კალიფორნიის ოლქის პროკურორად აირჩიეს, ასევე პირველი ქალი, ვინც ორი ვადით იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას. ახლა კი ის ამერიკის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე, მეორე ადამიანი იქნება. „მე შეიძლება ამ ოფისში პირველი ქალი ვიყო, მაგრამ, ნამდვილად არ ვიქნები ბოლო“, - აღნიშნა ჰარისმა. ის გახდა ამერიკაში, და არამხოლოდ, ყველა გოგოს იმედი, რომ ერთ დღეს, მათაც შეუძლიათ ჰარისის ადგილას ყოფნა. „ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება““,- ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის ეს სიტყვები, ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ისტორაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს. კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტად ჯო ბაიდენმა აგვისტოში წარადგინა. მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ჰარისი ძალიან სწორი არჩევანი იყო და ის ბაიდენს შავკანიანი ამომრჩევლების ხმებს მოუტანდა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რობერტ გრიფინი „დემოკრატიის ფონდიდან“ ამბობდა, რომ ჯო ბაიდენს ახალგაზრდა აფროამერიკელ ამომრჩეველში იმაზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ჰილარი კლინტონს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „მას [კამალა ჰარისს] შეუძლია ის გააკეთოს, რომ ფოკუსირდეს ამ ახალგაზრდა აფროამერიკელების ჯგუფზე და დაუბრუნოს ამ პარტიას ის მხარდაჭერა, რომელიც მას 2016 წელს ჰქონდა აღნიშნულ ჯგუფში“. ჰარისისა და ბაიდენისთვის თეთრ სახლში შესვლამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ თმობს თავის პოზიციას, არ აღიარებს აქამდე გამოქვეყნებულ შედეგებს და ამის მაგივრად, არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად, სასამართლოში სარჩელები შეაქვს. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ძალიან ცოტაა შანსი, ამან არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოახდინოს. საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და ოფიციალურად მიანიჭებს გამარჯვებულს კოლეგიის ხმათა უმრავლესობას. შემდეგ ეს მონაცემები კონგრესს გადაეგზავნება და ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური იანაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საქმიანობის შესრულებას შეუდგება. მომზადებულია ამერიკის ხმის მიხედვით

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში, ხმების 57%-ით, მაია სანდუ იმარჯვებს

15 ნოემბერს ჩატარებულ, მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 100% დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ხმების 57%-ით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო. მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება დაასახელა. „ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.