ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
პრეზიდენტი: ორივე დროშის წინაშე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ესაუბრა საერთაშორისო მედიასაშუალებებს და ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრეზიდენტის შეფასებით, მკაფიო განცხადება ჰქონდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ერთი გამონაკლისის გარდა, არავინ აღიარებს არჩევნების შედეგებს. „გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა] არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. „თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გამოჩნდეს სრული სურათი, როგორ შეიქმნა ხმების უპრეცედენტო, სისტემური წართმევა, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელმაც „წაგვართვა პარლამენტი და კონსტიტუცია“. მან დაამატა, რომ „არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს.“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე (53,931%) მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა.“ 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს და ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად აქციებს აანონსებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა განაცხადა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი. „მინდა, ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით. რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რომ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ მომავალში ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. „ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ შეგიძლიათ, დაიცვათ მოსახლეობა, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა, მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ გვერდში ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იქნეს გამოძიებული. "უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,” - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული - პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,“ ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით, ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. „საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცესკო პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა“
პრეზიდენტი: პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. ამასთან, წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ასახული იყო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები. პრეზიდენტმა პროკურატურას შეახსენა, რომ ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და მისგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა - პრეზიდენტის მტკიცებულებებს. „აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები, ბატონებო, პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხომ? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და სიმართლე ვთქვა, არ გამიგია არცერთი ასეთი პრეცედენტი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვუსმინე ჯოზეფ ბორელს, მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან, როგორც ჩანს, მასაც აქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რაც არის აღნიშნული უცხოელთა სადამკვირვებლო მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე. კიდევ უფრო უცნაურია, პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილია, იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. არ ვიცი, რატომ დისკრედიტაცია – ეს არის ფაქტები. ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა. ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მტკიცებულებების მოგროვებაში არიან ჩართული, პრაქტიკულად, მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება პროკურატურას ან სართაშორისო გამოძიებას. ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა. ეს ჩამოთვალა სწორედ ახლა ჯოზეფ ბორელმა – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან სწორედ „საიამ“ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტორნული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც, სხვათა შორის, „საიას“ ჰქონდა არჩვნებამდე, წინასწარ შეტანილი ეს შენიშვნა. ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ის ამბობს, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება. „ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი როცა გვყავს, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე, ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა საშუალება, თავისი არჩევანი გამოხატოს. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა მათი უფლებების და დისკრიმინაცია ჩვენს მოქალაქეთა შორის. მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ დავარქვა, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ-არა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ მომენტში ცესკოში შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი. „უშუალოდ ეხება 246 უბანს, რაც ამ ეტაპზე სადღაც 400 ათას ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც, 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაა და შეიძლება, დადგეს ეს საკითხი. ასე რომ, პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია პროკურატურას, რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს. ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი, თავის საქმეს მიხედავს. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ბევრი მხრივ ჩანს, რომ საზოგადოება, რომელიც ნათელია, განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას დღეს, რადგან ხედავს, რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს, მისი ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემ მიმართ და ამისთვის მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე დღეს სხვადასხვა კუთხით, რომ ნუ გეშინიათ – არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდობიანად და უნდა დადგეს რეალური შედეგები ამ არჩევნებისა. ძალიან დიდი მადლობა ყველას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია. საარჩევნო კოლეგიაში მას 277 ხმა აქვს, გამარჯვების მოსაპოვებლად 270 ხმა იყო საკმარისი. არჩევნების შედეგი ისტორიულია - ტრამპი ორჯერ იყო იმპიჩმენტზე წარდგენილი, ის პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტრამპი იქნება პირველი ხანდაზმული პრეზიდენტი (78 წლის), რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათ დილით ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან. დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.
ჰარისი: ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი
„დღეს ჩემი გული სავსეა, სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით,“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს პირველად ამ სიტყვებით მიმართა. ”ამ არჩევნების შედეგი არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით, არ არის ის, რისთვისაც მივეცით ხმა, მაგრამ როცა ვამბობ, ამერიკული დაპირების შუქი ყოველთვის იკაშკაშებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავნებდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას,“ განაგრძო ჰარისმა. „ვიცი, რომ ბევრი თავს გრძნობთ ისე, თითქოს, ბნელ პერიოდში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით," მიმართა ჰარისმა მხარდამჭერებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ დანებდნენ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა აღნიშნა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები. ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს. „მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში." კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. „ხელები არ ჩამოუშვათ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მთავარია, არასოდეს არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა," - ამბობს ჰარისი. ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რომ „ჩაერთვებიან ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში.“ „ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ჩვენ ჩავერთვებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით,“ აღნიშნა ჰარისმა. ჰარისმა ასევე ისაუბრა დემოკრატიაზე - ეს მისი კამპანიის ცენტრალური ნაწილი იყო. „ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვიღებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი, ჩვენი სინდისა და ღმერთისადმი.“ კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მისი მხარდამჭერები ყველას მოექცნენ სიკეთითა და პატივისცემით, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, რომლებიც დაცული უნდა იყოს.“ ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, მაგრამ არა „ამერიკის მომავლისა და იდეალებისთვის ბრძოლაში.“ „ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ბრძოლაზე კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის,“ განაცხადა ჰარისმა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხიინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის სახელით წარდგა. „26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მისცა ხმა ახალი პარლამენტის ასარჩევად. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღესაც. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და, პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ სხვადასხვა ქვეყანას და ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. თქვენ წარმოადგინეთ კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც არჩევნების პროცესში აღინიშნა. მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან. მმართველმა პარტიამ უთანასწორო საასპარეზო პირობებით ისარგებლა. გამოიყენა ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, როდესაც ამბობდა, თითქოს, საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და განსხვავებული მოსაზრებები ჩაახშო. აღნიშნული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა. არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და უკმაყოფილება გამოხატა არჩევნების შედეგებთან და ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა. როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს არამარტო მათ, არამედ ჩვენც გვეხება,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მან „ამ გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ ევროკომისიის სახელით, სამ მნიშვნელოვან საკითხს ავუსვა ხაზი.“ პირველი – ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მკაფიო პასუხი გასცა. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება– 30 მილიონი ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც ფაქტობრივად შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება მოქმედების კურსს არ შეცვლის. ამავდროულად, გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ დასაყრდენს წარმოადგენს. მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია საჯარო განცხადებებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოეხდინა დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგს. ეს მოგვცემს საშუალებას, განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ზომებზე შევთანხმდეთ. და ბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი შეასრულოს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების კანონი“ უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი,“ - აღნიშნა სხინასმა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს თავის ღრმა ერთგულებას დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და სწრაფვას ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიმართ. ეს მონდომება და მედეგობა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის კომპასი ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები იყო. იგივე ღირებულებები, რომელთა გამოხატვაც ადრე მაიდანზე, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუქარესტში ვნახეთ. შესაძლოა, პუტინის მეგობრებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ყოველი ევროპული დროშა თბილისის ქუჩებში, პროტესტის თითოეული მონაწილეს მიერ ამოღებული ხმა ასახავს ჩვენი საზოგადოების მოდელებს; ჩვენს ევროპულ დემოკრატიას; ჩვენს ევროპულ საფუძვლებს; ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს; ევროპულ კანონის უზენაესობას - იმედის შუქს ჩაგვრის წინააღმდეგ. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: მაშინ როდესაც ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ეხება მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი გაგრძელდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდავოა. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, რაც საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით იწყება. გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც კომისიამ ახლახან მიიღო, აჩვენებს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, მაგრამ ის ცხადად საქართველოს ხელმძღვანელობისგან ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ ვალდებულებების შესრულების ერთგულების მკაფიო ნიშნებს ველოდებით, როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული. ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროკომისიას მოუწოდა, „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით.“ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად. იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ. დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი, თავი შეიკავა.
ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია „ძალაუფლების დათმობის“ შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა. „აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩვნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩვნებში. ქვეყანას [ამის შემდეგ] ვიცე-პრეზიდენტი მართავს,“ - განუცხადა მან მომხრეებს. ე.წ. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ორჯერ „გადამდგარან“ ვადამდე ადრე. ეს მოხდა 2014 წელის პირველ ივნისს. მაშინ „თანამდებობა“ დატოვა ალექსანდ ანქვაბმა, როცა კონფლიქტი მოჰყვა ქართველი ეროვნებისთვის მოქალქეებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას. 2020 წლის 2 იანვარს „გადადგა“ რაულ ხაჯიმბა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩვების შედეგები. მაშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ასლან ბჟანიამ. ის და მისი მომხრეები ამტკიცებდნენ რომ ბჟანია ოპონენტებმა მოწამლეს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ბრძოლაში არ მიეღო მონაწილეობა. ბჟანიამ ე.წ. „არჩევნებში 2020 წელს, ხმების 56.5 % „მიიღო.“ 15 ნოემბერს, ე.წ. პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც ასახავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. ე.წ. პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ბჟანიამ რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი. მანამდე, ბჟანიამ ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ „გადადგომას“ არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.“ 15 ნოემბერს, ასლან ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, რომლებიც ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს, მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი. ე.წ. ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს. დაძაბულობამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს მიაღწია პიკს მას შემდეგ, რაც ადგილობრივები, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების ძალებთან რამდენიმესაათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები კანონმდებლების მიერ იმ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც რუსი ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების მინიჭებას ითვალისწინებს. აფხაზეთის დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. დეპუტატები კანონპროექტის რატიფიცირებას 15 ნოემბრის სხდომაზე გეგმავდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებსა და ე.წ. უშიშროების ძალებს შორის შუადღისას მომხდარი შეტაკებების ფონზე, სხდომა მომდევნო კვირამდე გადაიდო. სადავო კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და მიწის საკუთრების ლეგალიზებას ისახავს მიზნად. როგორ განვითარდა მოვლენები 15 ნოემბერს? მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გადაიდო, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ, რადგან მათ და ე.წ. უშიშროების ძალებს შორის შეტაკება დაიწყო, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს. ე.წ. უშიშროების ძალებმა სახანძრო მანქანით სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანქანა დააზიანეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კვამლის ბომბებს ესვრინ, ხოლო აქციის მონაწილეები მათ უკან ისვრიან. 15:30 საათისთვის ვითარება შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ე.წ. პარლამენტის შენობიდან მანამდე გამოსულმა დეპუტატებმა შენობაში დაბრუნება დაიწყეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მომიტინგეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ.“ მათ ოკუოპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ე.წ. პარლამენტთან „არა იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, არამედ, იმისთვის, რომ დაიცვან აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა.“ მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ფანჯრის გისოსები ჩამოხსნეს და მინები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ. ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა.“ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის „გადადგომის“ მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. „ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება,“ - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. მიტინგი 14:00 საათისთვის დაიგეგმა.
SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოში, რუმინეთსა და შვეიცარიაში ენერგომომარაგების ტრადიციული წყაროებიდან მზის ენერგიაზე გადავდივართ
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), China Energy-სთან თანამშრომლობით, ოფშორული ობიექტების დეკარბონიზაციის დაწყებას გეგმავს, განაცხადა SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა აფგან ისაევმა COP29-ის ფარგლებში გამართული SOCAR-ის დეკარბონიზაციის პროგრესის შესახებ სესიაზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „სოკარ გრინმა“ და შპს „China Energy Overseas Investment Co“-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფუზულის რაიონში 160 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აშენებაზე. განახლებადი ენერგიის განვითარების შესახებ მემორანდუმები ასევე გაფორმდა China Energy-სა და China Datang Co. Ltd-სთან. ისაევის თქმით, SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაიწყო 240 მეგავატი სიმძლავრის შაფაგის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა ჯაბრაილის რაიონში BP-სთან ერთად. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კასპიის რეგიონში ნავთობისა და გაზის უდიდესი ტერმინალის - სანგაჩალის ტერმინალის დეკარბონიზაციისთვის. „ეს არის ჩვენი ძალისხმევის პირველი ეტაპი ნახშირბადის ანაბეჭდის შესამცირებლად. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება ოფშორული ობიექტების დეკარბონიზაციაზე," - აღნიშნა ისაევმა. SOCAR-მა ამ მიმართულებით თანამშრომლობა ასევე დაიწყო აბუ დაბის ნავთობის ეროვნულ კომპანიასთან (ADNOC), რომელიც ნავთობისა და გაზის დეკარბონიზაციის ქარტიის ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით, „სოკარი“ განახლებადი ენერგიის პროექტებს აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს. „2017 წელს SOCAR Türkiye-მ ექსპლუატაციაში შევიდა 55 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური. „საქართველოში, რუმინეთსა და შვეიცარიაში კომპანია ენერგომომარაგების ტრადიციული წყაროებიდან მზის ენერგიაზე გადადის. შვეიცარიაშიც კი, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი პირველი, თუმცა მცირე, წყალბადის პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას და განვითარებას, რათა მზად ვიყოთ ახალი პარტნიორობისთვის,“ - აღნიშნა ისაევმა.
ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობა“ დატოვა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ წასვლას დასთანხმდა. მისი ე.წ. პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ „გადადგომა გადაწყვიტა“ „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტი" ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა, „გადადგეს,“ 19 ნოემბერს კი, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, თუმცა ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს
პრეზიდენტი: უკრაინელო მეგობრებო, 1000 დღეა, იბრძვით ყველას სახელით, ვისაც რუსული იმპერიალიზმისგან თავის დაცვა სურს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ომიდან 1000 დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. „1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან. თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება, დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს,“ ამბობს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.