საზოგადოება

ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებს ახლად გახსნილ, ზღვისპირა კურორტზე შესვლა აუკრძალა - BBC

ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებისთვის ახლად გახსნილი ზღვისპირა კურორტი დახურა. BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ახლად გახსნილი ზღვისპირა კურორტი – Wonsan Kalma Coastal Tourist Zone – უცხოელ ტურისტებს დროებით არ მიიღებს. კურორტი ოფიციალურად პირველ ივლისს გაიხსნა და ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება, რომლის მიზანიც ქვეყანაში  ტურიზმის განვითარებაა. თუმცა ამ კვირიდან ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ ტურისტულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა გაფრთხილება, რომ უცხოელებისთვის ვიზიტები "დროებით შეჩერებულია." ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კურორტზე რუსი ტურისტების პირველი ჯგუფი ჩავიდა. მათი ვიზიტი დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტს ვონსანში, სადაც ის პირადად შეხვდა კიმ ჩენ ინს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი ან რამდენ ხანს გასტანს უცხოელებზე შეზღუდვა.  

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია, 38-40 გრადუსს მიაღწიოს - პროგნოზი

21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში კი, 34-36 გრადუსს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.  

ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადება პირველად დააფიქსირეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, ვარსკვლავების გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადების მოწმე გახდა — მომავალში ის შეიძლება, ჩვენს მზის სისტემას დაემსგავსოს. „პირველად ჩვენ დავაფიქსირეთ ის ყველაზე ადრეული მომენტი, როცა პლანეტების ფორმირება ვარსკვლავის გარშემო იწყება — მზის გარდა სხვა ვარსკვლავის გარშემო,“ — აცხადებს მელისა მაკლური, ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტის მკვლევარი და ჯგუფის ხელმძღვანელი. მეცნიერებმა პლანეტარული სისტემის დაბადების მომენტი ზუსტად განსაზღვრეს — მაშინ, როდესაც მატერიის ნაწილაკებმა ახალგაზრდა ვარსკვლავ HOPS-315-ის გარშემო ფორმირება დაიწყეს. ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 1,300 სინათლის წლითაა დაშორებული, და სწორედ ამ მატერიიდან უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში პლანეტები. ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოში მდებარე ALMA-ის რადიოტელესკოპების ქსელის (66 ტელესკოპი) მონაცემებისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების შედეგად.  

კოფეინის ზემოქმედების შესახებ კვლევა ჩატარდა

კოფეინი შესაძლოა, ხელს უწყობდეს ქრონიკული სტრესით გამოწვეული დეპრესიის პრევენციას, ნაწლავებისა და ტვინის ურთიერთკავშირის გავლენით — ასეთია ჩინეთის ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში European Journal of Pharmacology (EJP). ექსპერიმენტისას, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა მოახდინეს ქრონიკული სტრესის სიმულაცია — რაც ადამიანებში დეპრესიულ სიმპტომებთან ასოცირდება. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დაწყებამდე კოფეინი მიაწოდეს. მათი ქცევა, ნაწლავის მდგომარეობა და ანთებითი მარკერები შეადარეს იმ თაგვებს, რომლებიც სტრესის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრამ კოფეინი არ მიუღიათ. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: კოფეინის მიღების მქონე თაგვები ისე აქტიურად იქცეოდნენ, როგორც კონტროლის ჯგუფის თაგვები, რომლებიც სტრესს არ გამოუცდიათ. მათ არ დაუკარგავთ ინტერესი ტკბილი წყლის მიმართ, არ დაუკარგავთ წონა და არ ჰქონიათ დეპრესიის ნიშნები. ამავე ჯგუფში არ დაფიქსირდა ნაწლავის ბარიერის დაზიანება, ანთებითი მოლეკულების დონე კი, სისხლსა და ჰიპოკამპში (ტვინის ის ნაწილი, რომელიც განწყობას აკონტროლებს) ნორმის ფარგლებში დარჩა. ნაწლავის კედლის მთლიანობისთვის პასუხისმგებელი ცილების დონე არ შემცირებულა, ხოლო მათი ნაწლავის მიკრობიოტა ჯანმრთელ თაგვებთან მსგავსად შენარჩუნდა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ის მიანიშნებს კოფეინის პრევენციულ ეფექტზე — ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა მას უკვე არსებული დეპრესიის შემსუბუქება. თუმცა აღმოჩენები აძლიერებს მოსაზრებას, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა კვებას, ნაწლავის მიკრობიოტასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირის გასარკვევად.  

თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება გადაიდო. შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს. „ჩვენ მოვისმინეთ მუქარები ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს, ეზეიმათ. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა, ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას," - განაცხადა კალაძემ. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ და ტერიტორია ერთგვარად შუაზე გაყვეს - ერთ მხარეს აქციის მონაწილეები იდგნენ, მეორე მხარეს კი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისული ადამიანები. „აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, - ასე მიმართა მათ პარლამენტიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიდა. „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით.“ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა უპასუხა: „არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია, ნათელა არის დედა და ბებია და არანაირი პროვოკაცია არ იქნება.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი ადამიანი.  

უამინდობის გამო, 14 დეკემბერს დაგეგმილი სამგზავრო მატარებლების რეისები უქმდება - რკინიგზა

უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ და რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. “ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.  

პრეზიდენტის არჩევის პარალელურად, პარლამენტთან აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა. გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ - „საქართველო.“ მოქალაქეები, პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ, რადგან ეს „არალეგიტიმური პროცესია.“ აქციის მონაწილეებს ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება. აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც. ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას. საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს მივიდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა. „ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ," - განუცხადა მედიას სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, სადაც 14 დეკემბერს გამოჩნდა. პრეზიდენტმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ 11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო. კანდიდატი პირველივე ტურში არჩეულად ითვლება, თუ ის მიიღებს კოლეგიის 200 ხმას. ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ. ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია: საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად]; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი]; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი]; პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.  

გაეროს ექსპერტების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ „მოქმედების კურსი დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს“

გაეროს ექსპერტები „გმობენ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა შელახვას,“ რომელიც „გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ სპონტანური სახალხო პროტესტის ჩახშობის მცდელობით.“ „ვშიშობთ, რომ რეპრესიები შესაძლოა, კიდევ უფრო გამძაფრდეს 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს,” - განაცხადეს გაეროს ექსპერტებმა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.  

ანდრია ჯაღმაიძე: რაც ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან - რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა - დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას.“ „რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. ის რაც დღეს ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს. დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, "ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში. დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს. ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა. სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!,“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ „რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.“ დეკანოზმა კეკელიამ განმარტა, რომ ის ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც.  

აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება, დემონსტრანტებისთვის კი, სახის დაფარვა აიკრძალა

მე-11 მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. მათი გამოყენების შემთხვევაში, დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია, დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია, გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება კანონის გამოქვეყნებისთანავე აეკრძალებათ. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც დემონსტრანტებს აქციებზე სახის დაფარვა აეკრძალებათ. ამ წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს 2000 ლარით დააჯარიმებენ. პარლამენტმა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 82-ხმით, ერთხმად დაამტკიცა. „ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის“ ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო. შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის კი, არსებული ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება მუნიციპალურ ქალაქებში იერ-სახის დამახინჯებაზე. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, პირს შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა - 15 დღემდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ამჯამად ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია), იგივე ქმედების განმეორება კი, 3 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდება. აღნიშნული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. არსებული ჯარიმები იზრდება დედაქალაქის - თბილისის შემთხვევაშიც. ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე - თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ.  შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.  

პატრიარქი: უმნიშვნელოვანესია დიალოგი

ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა, უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! - ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ასევე, პატრიარქი საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკონ ზარი და აღავლინონ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები. ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი. ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება). ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი. ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა. ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ: „მამაო ჩვენო“, 90-ე ფსალმუნი, „მოწყალებისა კარი განგვიღე“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპრები და ბოლოს ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი.“ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას. დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების. მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. თქვენთვის მლოცველი, ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“,- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.  

ადვოკატი მკვლევარ ვატო ბჟალავას დაკავებაზე: დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით და ვერ ვპოულობდით - მის მიმართ იყო ძალადობა

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის ვატო ბჟალავას ადვოკატმა გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ „განყოფილებაში ყოფნის დროს ვატო ბჟალავას პოლიციელმა სახეში ხელი ორჯერ დაარტყა.“ ადვოკატი განმარტავს, რომ დაკავებულს ფეხიც ჩაარტყეს წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება და აქვს სილურჯე. „დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატოს და ვერ ვპოულობდით, რაც სისტემური პრობლემაა, ვინაიდან, არ გვეუბნებიან სად იმყოფებიან დაკავებულები. ვეძებთ მთელი ქალაქის მასშტაბით. რაც შეეხება უშუალოდ ვატოს, ვატოს მიმართ იყო ძალადობა. როდესაც დააკავეს, მიიყვანეს განყოფილებაში, იქ შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ტელეფონზე მოეხსნა პაროლი და ეთქვა, თუ რა დაჯგუფებებში მონაწილეობდა აქციებზე. ამ დროს სახეში ხელი ორჯერ დაარტყა და ფეხი ჩაარტყა წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება, აქვს სილურჯე. სახეზე ჯერჯერობით დაზიანება არ ემჩნევა, თუმცა შეიძლება დროის გასვლის შემდეგ დაემჩნეს, რადგან ძლიერად მოხვდა ორჯერ ხელი," - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ. მისივე თქმით, დაკავებისას ბჟალავას ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და ძაღლი იქ არსებულ სუპერმარკეტთან დატოვეს მიბმული. „თავიდან ვატოსაც ეგონა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე ესაუბრებოდნენ. ვატო დაკითხულია სასამართლოშიც, მისცა ჩვენება ჩვეულებრივად და ამის შემდეგ მოხდა ეს ამბავი. ვატო არის მკვლევარი, აქციებზე დადის როგორც ჟურნალისტი, იღებს უფლებების დარღვევებს, მათ შორის, ჰქონდა ჟურნალისტის „ბეიჯიც", ამიტომ იგი თავად ამ აქციებზე მიმდინარე მოვლენებში არ მონაწილეობს, არამედ, ასახავს იქ არსებულ ვითარებას და შემდეგ სოციალურ ქსელში აზიარებს. ამიტომ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ არანაირ სამართალდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია, სისხლის სამართლის კუთხით ვეღარ წაიყვანეს საქმე და, როგორც ჩანს, დაკავების მიზეზი რომ გაემართლებინათ, შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თითქოს იგი პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ნახეთ ვიდეომასალა, როდესაც მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და უთხრეს, რომ უნდა წაგიყვანოთო, ჩვეულებრივად გაჰყვა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და იქ არსებულ სუპერმარკეტთან დატოვეს ძაღლი მიბმული," - ამბობს გიორგი ტაბატაძე. ადვოკატის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საქმის კურსშია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა მეგობარმა, აქტივისტმა ნათია ჩიქოვანმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული. დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, 30-ზე მეტი კი, სისხლის სამართლის საქმეზე.

თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციები იმართება, მიმდინარეობს მსვლელობები და გაფიცვა

თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციები იმართება. მიმდინარეობს მსვლელობები და გაფიცვა. T, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილდნენ. ამასთან, თბილისის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მათ მარშით შეუერთდნენ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან - კინემატოგრაფისტები

საქართველოს კინოაკადემიის წევრები და კინემატოგრაფისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს. განცხადებაში, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, წერია, რომ მმართველი პარტია "ქართლი ოცნება" არ აღიარებს შექმნილ კრიზისს და ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მკაფიო პოზიცია: "ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული კურსიდან გადახვევას და ხალხის ნების უგულებელყოფას. ვემიჯნებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებას, უკანონო დაკავებასა და წამებას. ვგმობთ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და რიგ შემთხვევაში სამსახურებრივ მოვალეობაზე - ადამიანის დაცვაზე - უარის თქმას, რაც ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას. ამის გათვალისწინებით, ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და აუცილებლობას გამოვუცხადოთ სოლიდარობა: ყველა უკანონოდ დაკავებულს. იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურად უსწორდებიან, სახლში უვარდებიან, ქუჩაში აკავებენ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იქცა ძალადობის მსხვერპლად. ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც ძალადობისა და დევნის ობიექტი გახდა. ვითხოვთ ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას; ვითხოვთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს,” - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

მოქალაქეების რეაქციის შემდეგ, რუსთავში ქანდაკება აიღეს

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე დადგმული ქანდაკება, რასაც მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, აიღეს. რუსთავის მერის თქმით, „ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო“, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი „ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ.“ „მინდა, ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. „არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი,” - აღნიშნავს ნინო ლაცაბიძე, რომლის კომენტარსაც რუსთავის მერია ავრცელებს.  

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად. გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. განახლება: პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" პრობლემების შექმნას უკავშირებს თავის წასვლას პოლიტიკაში. საპასუხოდ, ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არხის „გაძარცვაში“ დაადანაშაულა.  

ომბუდსმენი: დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. „სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას,” - ნათქვამია განცხადებაში.  

საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები შეიკრიბნენ. საჯარო სექტორში დასაქმებულები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც უკვე მე-14 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო,“ - განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ. ომბუდსმენის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი - 64%; ხოლო 157 ადამიანს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები - 44%-ს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.  

PACE-ს მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ რეიდებზე. მათი შეფასებით, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან დაუცველია. “ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, რომელთა შესახებაც ცნობები იყო, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში,” - ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში. კერნმა და ესტრელამ ასევე დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, რომელიც შეუნელებლად გრძელდება და რასაც საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს. “როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია,” განაცხადეს მომხსენებლებმა. მათ ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, სრულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის შესაბამისად სრულად აგონ პასუხი. „ასეთი სამწუხარო საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს,” - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე მომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - თბილისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწისში ჩამოვლენ.  

პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

„თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არამხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში,“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა. პრეზიდენტმა დააჯილდოვა: ჯონი ბაკურიძე; სერგი ბარამიძე; ნუცა ბახუტაშვილი; დავით ბერაძე; დავით ბიჭიკაშვილი; სალომე ბოკუჩავა; ნიკა ბუჩაშვილი; მინდია გაბაძე; მარიამ გაფრინდაშვილი; რუსუდან დუმბაძე; აკაკი ზარქუა; ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი; მალხაზ კანდელაკი; დავით კობიძე; ნიკოლოზ კოკაია;ანა ლომთაძე-მდივანი; მარიამ მაკასარაშვილი;დეა მამისეიშვილი;მიხეილ მარტიაშვილი; მირიან მელაძე;გივი მჭედლიშვილი; მარიამ ნიკურაძე; გურამ როგავა; დავით ქაშიაშვილი; ნანუკა ქაჯაია; ალექსანდრე კეშელაშვილი; გენადი ქვაჩახია; ბექა ყორშია; გიორგი შეწირული; მაკა ჩიხლაძე; ქეთევან ციცქიშვილი; პავლე ხაჩიძე; ირინა ყურუა; ბესო გაფრინდაშვილი. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აშუქებენ საპროტესტო აქციას. „თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და არა მხოლოდ მიკროფონი, თქვენ ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ თქვენ ჩაიწერებით, როგორც დღევანდელი დღის ეპოქის გმირები, იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო, კითხვებიც დაუსვა; იყო იქ, სადაც გაზს უშვებენ, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად; როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ და ეს არ არის ფორმულა, ეს არის რეალობა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს. მე თქვენს ადგილზე ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს საზღვრების გარეთ და რაზეც ალბათ, შურით გვიყურებენ, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, თავისი ფასეულობებისთვის, თავისი ენისა და რწმენისთვის, მომავლისთვის და ყველაფრისთვის. თქვენ ხართ წინა რიგებში. თქვენთან ერთად ბრუნავს ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება," - განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე, ისაუბრა ქვეყანაში ბოლო მოვლენების ფონზე არსებულ განწყობებზე და განაცხადა, რომ საქართველოში საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ არსებობს და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მედიას. „აქ არ არის ორი საქართველო. ხშირად არის მცდელობა იმის, რომ წარმოდგენილი იყოს რაღაც დაპირისპირება. არ არსებობს ის საქართველო, რომელიც რუსეთის მომხრეა, რომელიც მზად არის, რომ ჩაბარდეს. არსებობს უფრო და უფრო ვიწრო წრეები, რომლებიც არიან მიბმული რაღაცით - ხან ინტერესით, ხან პრივილეგიით, ხან ნათესაობით, ხან ჩადენილიო კომპრომატებით - რომლებიც არიან მიბმული, მაგრამ ქართველი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ჩაბარდეს რუსეთს და რუსული რეჟიმით იცხოვროს, ასეთი ქართველი არ ვიცი და აქ ორ საქართველოს შორის დაპირისპირება არ არსებობს. დაპირისპირება არის შემართული საზოგადოების, რომლის წინაშე დგანან “ტიტუშკები” და ვიღაც-ვიღაცები. იქაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში უფრო და უფრო უჭირთ ის, რომ მათი მეთაური და მათი იერარქია არიან კრიმინალები - ეს ღირსეული პოლიციელისთვის არის ალბათ, ის, რაც ყველაზე ძნელია. მე მინდა, გითხრათ უღრმესი მადლობა, მაგრამ თქვენ ამას მადლობისთვის არ აკეთებთ, თქვენ აკეთებთ ამას იმიტომ, რომ გესმით ბოლომდე, რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება. ხვალ, ალბათ, თქვენზე ძლიერი ზეწოლა წამოვა, ესენი თუ ამ მდგომარეობაში გააგრძელებენ ყოფნას, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რაც ხდება, თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ, არ ეცოდინებოდათ, იქ რა ხდება. თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელს ქალაქში ან სხვადასხვა ქალაქში - არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ,” - მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.