საზოგადოება

„მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ - განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. „უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამით არ შემცირდება სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა. მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი.“ უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.  

Passport Index-ის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზეა

Passport Index-ის 2026 წლის მონაცემების მიხედდვით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა. მათგან 79 ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას,  ოთხ ქვეყანაში კი, ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და იაპონიაში. 2023-2024 წელს რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე იყო, 135 ქვეყნაში უვიზოდ შესვლის ხელმისაწვდომობით. 2022 წელს საქართველო ამავე რეიტინგში 34-ე ადგილზე განთავსდა, ხოლო 2021 წელს – 35-ე პოზიცია ერგო. 2017 წელს რეიტინგში კი, საქართველო 45-ე ადგილზე იყო. Passport Index არის ონლაინ პორტალი/პლატფორმა, რომელიც კანადაში, მონტრალში დაფუძნებული კომპანია Arton Capital-ის მიერ შეიქმნა.  

Euronews Georgia: მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება

"ევრონიუს ჯორჯიას" განცხადებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება. Euronews Georgia-ს განცხადებით, განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე. „ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად,“ - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, „შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.“  

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს­-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-­პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა და მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „მღვდელმთავრებმა მის უწმინდესობას მიულოცეს ეს თარიღი, გაიხსენეს არაერთი ეპიზოდი წარსულიდან და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას. საქართველოს საპატრიარქოს სახელითაც გულითადად ვულოცავთ ჩვენს მამას, ჩვენს პატრიარქს, აღსაყდრების დღეს და შევთხოვთ უფალს, მისი მამამთავრობა ჰყოს მრავალჟამიერი,“ - წერია თავის მხრივ, საპატრიარქოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ფოტოები.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: იუნესკომ ქართული ხორბალიც აღიარა, ესაა ჩვენი ხალხის და სამშობლოს თავგადასავალი, ღვინის, მრავალხმიანი სიმღერის და ქართული ანბანის აღიარებასთან ერთად

ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  „ესე იგი ქართული ჭიდაობა, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა, და დღეიდან უკვე ქართული ხორბალი UNESCO-ს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აქვს აღიარებული. აი, ამაზე კარგად არაფერი აღწერს, როგორი ხალხის ქვეყანა ვართ. სიმღერა, ბრძოლა, ვაზი, ღვინო, ხორბალი, ანბანი. ესაა ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ისტორია...ეგეთები ვართ, გულიანები, შრომისმოყვარეები, ზარმაცები კი არა, ბედნიერებისკენ მიდრეკილი ხალხი... ცოტა შერეკილებიც, რადგან ამდენ მტერს, ამდენ თავსდატეხილ უბედობას რანაირად გავუძლებდით ისე. კიდევ ეს ყველაფერი რწმენით შევქმენით, ჩვენი ფესვები და იდენტობა ჩვენს სარწმუნეობაშიცაა. ქართველი, ფანატიკოსი არასდროს ყოფილა, მისი რწმენა სამშობლოსთან იყო ყოველთვის იდენტიფიცირებული. როგორი ფესვებიდან მოვდივართ, როგორი წინაპრებიდან... ამხელა მსოფლიოში, შენსას რომ აღიარებენ უნიკალურად... ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს, ხორბალს, ვაზს, ჭიდაობას, ანბანს, სიმღერას - ერთნაირი რუდუნებით რომ უვლიდნენ და ჩვენს სამშობლოს ქმნიდნენ შრომით, ბრძოლით, სწავლით და სიმღერით.“ UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა  

სუს-ი სურსათის ფასების საკითხის შესწავლას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გააკეთა. ლაშა მაღრაძის თქმით, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ. მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.  

2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 970.8 ლარი იყო - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 11.5%-ით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. კერძოდ, საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6 პროცენტით). „2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 340.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი (11.7 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 240.8 ლარი (11.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436.0 ლარით (20.6 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13.0 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 10.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 680.5 და 2 116.5 ლარი შეადგინა. 2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 197.2 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007.2 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 147.4 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება. 2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 217.2 ლარით (13.2%) და 1 866.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა- მთიანეთის რეგიონი,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

500 წლის შემდეგ პირველად, რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ ერთად ილოცეს

ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზმა რომის პაპთან ერთად საჯაროდ ილოცა. ლოცვა სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ცნობილ ფრესკასთან [„უკანასკნელი განკითხვა“] , ინგლისურ და ლათინურ ენებზე შესრულდა. Guardian-ის ცნობით, ეს მოვლენა სიმბოლური ნაბიჯია კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის შერიგების გზაზე. მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში დღეს, 23 ოქტომბერს ჩავიდნენ ისტორიული ვიზიტით, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.  

რომელ ადგილზეა თბილისი ცხოვრების ღირებულების მიხედვით

საერთაშორისო პლატფორმა Numbeo-ს მონაცემებით, თბილისმა ცხოვრების ღირებულების გლობალურ რეიტინგში 302-ე ადგილი დაიკავა. ოქტომბერში, საქართველოს დედაქალაქმა სექტემბერთან შედარებით სამი პოზიციით, წინ წაიწია. თბილისმა ისეთ ქალაქებს გაუსწრო, როგორიცაა, ბაქო (333-ე), მინსკი (361-ე) და კიევი (336-ე), მაგრამ მოსკოვს (229-ე) და სანქტ-პეტერბურგს (267-ე) ჩამორჩა. თბილისში ცხოვრების ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე მეზობელ ერევანსა (253-ე) და სტამბოლში (247-ე), ასევე, ბელგრადში (226-ე). Numbeo-ს შეფასებით, სექტემბერთან შედარებით, თბილისში სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები ოდნავ შემცირდა. ოთხსულიანი ოჯახისთვის, ქირის გამოკლებით, სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები 6,237 ლარია, ხოლო მარტოხელა ადამიანისთვის - 1,690 ლარი. ერევანში ოთხსულიანი ოჯახი (ქირის გამოკლებით) 7,289 ლარს დახარჯავს, სტამბოლში - 7,207 ლარს, ხოლო ბელგრადში - 7,252 ლარს. ერევანში საშუალოდ ადამიანი 2,004 ლარს ხარჯავს, სტამბოლში - 1,928 ლარს, ხოლო ბელგრადში - 2,087 ლარს. ერევანში ცხოვრების ღირებულება თბილისთან შედარებით, 18.7%-ით მეტია, ხოლო ქირა საშუალოდ 4.6%-ით მეტი. სტამბოლი თბილისს ცხოვრების ღირებულებით 20.8%-ით და ქირით 30.9%-ით აღემატება, ხოლო ბელგრადი თბილისს ხარჯებით 31.3%-ით და ქირით 25.4%-ით აღემატება.  

კვლევა: როგორია წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

ევროკავშირში გამოკითხულთა შორის, საქართველოს გაწევრების მომხრეები მოწინააღმდეგეებს მცირედით სჭარბობენ. კერძოდ, „ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, ხოლო 43% წინააღმდეგია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს შვედეთის (71%), ლიეტუვის (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოსახლეობა უჭერს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა (14 ქვეყანა) გაწევრიანების ყველაზე სასურველ კანდიდატად უკრაინას ასახელებს. მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს და მას შვიდი სახელმწიფოს მოსახლეობა ყველაზე სასურველ კანდიდატად თვლის. საქართველოს ყველაზე სასურველ კანდიდატად ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არცერთი არ ასახელებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%) უჭერენ მხარს. ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%. ევროკავშირის შესახებ ყველაზე დადებითი წარმოდგენა ალბანეთის მოსახლეობას აქვს (82%). აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 43%-ია, უკრაინაში 49%, მოლდოვაში 55%, ხოლო სერბეთში ყველაზე ნაკლები - 38%. სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.  

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებმა შეკრება 16:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. სტუდენტებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან მარში გამართეს. შეკრების ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის “ეროვნული კრების“ დეკლარაცია წაიკითხა. „კენჭისყრაზე ვაყენებთ სამ საკითხს: ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს; რომ ე.წ. ხელისუფლებას კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ, მისი ძალაუფლება შეწყვეტილია; მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას და ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას,“ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, „ამ წუთიდან შსს უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს.“ ამავე შეკრების დროს, მურთაზ ზოდელევამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისისკენ მიემართებიან, რათა „სასახლის გასაღები ჩაიბარონ.“ აქციის მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. ადგილზე სპეცრაზმის გარკვეული რაოდენობა იყო მობილიზებული. სპეცრაზმის თანამშრომლებმა ადგილზე სპეციალური სითხე [ჯერჯერობით უცნობი, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი] გამოიყენეს. განახლება: შსს-ს განცხადებით, მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და [ისინი] შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.“  

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,5%-ია

4 ოქტომბრის 17:00 საათისთვის ხმა მისცა 1 175 817-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 33,5%-ია. წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 17:00 საათისთვის აქტივობა 41,35% იყო. 4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა [„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“] ბოიკოტი გამოუცხადა. გამონაკლისია ძლიერი საქართველო-ლელომ, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი.“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიიწვია. ეუთო ODIHR-მა ივნისში განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, კენჭისყრაზე სადამკვირვებლოდ, თხოვნებს არჩევნებამდე 4-6 თვით ადრე იღებს.  ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებს უკვე წლებია, აკვირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორგანიზაცია სადამკვირვებლო ფუნქციას 2006 წლიდან ასრულებს – გამონაკლისი 2014 წელი იყო, როცა ეუთო/ოდირმა მისია ვერ გამოგზავნა „ფინანსური მიზეზების“ გამო.  30-წლიანი არსებობის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არ დააკვირდება არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით. მათ მსგავსად, პროცესს გამოეთიშნენ 31-წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და 25-წლიანი გამოცდილების მქონე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.“ ეს ორგანიზაციები მიზეზად ასახელებენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ჩარჩოს. ISFED-სა და TI-სთვის კი, დამატებითი მიზეზი არის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. მათ წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეზე. 2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნოდ მედიაკონტენტის მონიტორინგს არ განახორციელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ცესკოს თანახმად, 4 ოქტომბრის კენჭისყრას დააკვირდება 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორის არიან დამკვირვებლები იორდანიიდან, ტუნისიდან, მალდივებიდან, ეთიოპიიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც. ადგილობრივი ორგანიზაციების რიცხვი კი, 23-ია. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს.  არჩევნების წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.  

პატრიარქმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. შესაბამის ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.  

მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. „ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა,“ - წერს მანანა მენაბდის დისშვილი, მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში. მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა. მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა.“ მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზჯგუფებთან „შინ“ და „ადიო.“ იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.  

"საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა“ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ შეიძინა

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტმა“ (სეუ)" "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" (IBSU) $12 მილიონად შეიძინა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-ის წილის მფლობელი 2025 წლის 27 აგვისტომდე, კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო.  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი გია კავთელიშვილმა დააფუძნა.  ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, SEU საქართველოს „ტოპ 5“ უნივერსიტეტებს შორისაა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ კარიერულ წინსვლაზე, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური ზრუნავს. უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე როგორც აკადემიური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შესაბამისი სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ევროპული სტანდარტების ცოდნას, გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში, სტაჟირებებს, მასტერკლასებს. „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ საერთაშორისო პარტნიორებს შორის ევროპული და ამერიკული უნივერსიტებები არიან. SEU-ში მოქმედებს ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის კვლევითი ლაბორატორიები. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ტექ და სამეწარმეო ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების განვითარებას, ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში მეწარმეობის კულტურის გაძლიერებას.  გარდა ამისა, SEU-ში, უნიკალური პლატფორმა Orbit მსოფლიოს N1 უნივერსიტეტის - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT ულტრაინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რაც სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. Orbit გამოიყენება MIT-ის სტარტაპების განვითარების მთავარ ინსტრუმენტად. Orbit-ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ იდეების განვითარებაში ეხმარება. SEU ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონში, რომლის სტუდენტებსა და ლექტორებს ულიმიტო წვდომა აქვთ Orbit-ზე.  ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან პარტნიორობის ფარგლებში SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად. თანამშრომლობის ფარგლებში SEU, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, აგზავნის ლექტორებს MIT-ის კამპუსში გადამზადების ანტრეპრენერულ პროგრამაზე. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. SEU ყოველწლიურად, სტუდენტებს სრული დაფინანსებით, აგზავნის მასაჩუსეტსში, სადაც ისინი სამი კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად, MIT-ის კამპუსში StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობენ. SEU, მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი გლობალური ქსელის Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია. GLEEN ეს არის ინოვაციური ქსელი, რომელიც გლობალური მასშტაბით, ანტრეპრენერული განათლების გაძლიერებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ის აერთიანებს საქართველოს, კანადის, ავსტრიის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის და აშშ-ს მეწარმეობის და ინოვაციების განმავითარებელი ქსელის წევრებს, რაც გულისხმობს ერთობლივი კვლევითი პროექტების შექმნას, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, საგანმანათლებლო ლიტერატურის შემუშავებას, რის შედეგადაც გაჩნდება მეტი წარმატებული სტარტაპი და მეწარმე ჩვენს რეგიონში. ასევე, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობს ინტერდისციპლინური მიმართულებით და მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის კვლევითი და სასწავლო პროცესის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.  

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელ,ებს. Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.wizzair.com/en-gb უკვე შესაძლებელია. ერთი გზის საწყისი ფასი ამ დროისთვის 199 ლარია. ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.  

თბილისში მოტოინსპექცია შეიქმნა

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი - მოტოინსპექცია შეიქმნა. კახა კალაძის თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას განახორციელებს. „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.  მანვე განაცხადა, რომ მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. სამსახურის მიერ შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი.  

საპატრიარქო ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. საპატრიარქოს განცხადებით, შეხვედრებზე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა. განცხადებაში წერია, რომ „რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას.“ „აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა. უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება, განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ, იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია,“ წერია განცხადებაში. „სამწუხაროდ, ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავდა წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე. კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს. ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად, ევრიკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო. ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  

ჰერპეტოლოგმა გიურზას გავრცელების არეალები დაასახელა

„10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. „ჩვენს დედაქალაქში გიურზებიც არიან, არ მინდა, ამ მხრივ საპანიკო ფონი შევქმნათ. დედაქალაქის შემოგარენში, გიურზას გავრცელების არეალია და შესაძლოა, გვქონდეს მათთან შეხების მომენტი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს ტერიტორია, აფრიკის დასახლება, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. 10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. ეს არ არის განსაკუთრებული რიცხვი - როგორც გასულ წლებში, ისე გვაქვს ახლაც. ზოგადად, ყველა უბანში არიან ქვეწარმავლები, შესაბამისად, ყველა უბნიდან ხდება გამოძახება. დედაქალაქში, გამოძახების 60-70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით. ეს არ არის გველი, უფრო ხვლიკია, სრულად უწყინარი არსებაა, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ საცხოვრებელი უბნის მიმდებარედ შეგვხვდა ქვეწარმავალი, სანამ შესაბამისი ჯგუფი მოვა, რეკომენდებულია შორიახლოს ვადევნოთ თვალი ამ გველის გადაადგილების მიმართულებას. ჯგუფის მოსვლის შემდეგ, ჯგუფს გაუადვილდება მისი მოძიება და დაჭერა. თუ ბუნებაში შეგვხვდება, მოვერიდოთ, გამოვიწიოთ, მივცეთ საშუალება გველს თავისი გზით წავიდეს. როგორც ადამიანებს გვეშინია ქვეწარმავლების, ქვეწარმავალს ჩვენზე მეტად ეშინია. ადამიანთან შეხვედრის შემდეგ გველი ყველა შემთხვევაში ეცდება, ტერიტორიას თავი გაარიდოს. დაკბენის შემთხვევები იშვიათია. ისე არ ხდება, რომ [გველი] გამოექანოს და გამოგვეკიდოს, მივცეთ გველს საშუალება თავისი გზით წავიდეს, არ გამოვხატოთ ზედმეტი ინტერესი, არ დავუპიროთ დაჭერა ან შემთხვევით ფეხი არ დავადგათ, ეს დაკბენის ფაქტს აგვარიდებს. დაკბენის შემთხვევაში მიმართეს 112-ს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, კბენის შემთხვევაში სასურველია ჰორიზონტალურად დავწვეთ, დიდი რაოდენობის წყალი მივიღოთ, ასევე ნაკლებად ნერვიულობა, რათა სისხლის მიმოქცევა არ აჩქარდეს“,-აღნიშნა რატი მამუკაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.  

კოფეინის ზემოქმედების შესახებ კვლევა ჩატარდა

კოფეინი შესაძლოა, ხელს უწყობდეს ქრონიკული სტრესით გამოწვეული დეპრესიის პრევენციას, ნაწლავებისა და ტვინის ურთიერთკავშირის გავლენით — ასეთია ჩინეთის ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში European Journal of Pharmacology (EJP). ექსპერიმენტისას, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა მოახდინეს ქრონიკული სტრესის სიმულაცია — რაც ადამიანებში დეპრესიულ სიმპტომებთან ასოცირდება. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დაწყებამდე კოფეინი მიაწოდეს. მათი ქცევა, ნაწლავის მდგომარეობა და ანთებითი მარკერები შეადარეს იმ თაგვებს, რომლებიც სტრესის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრამ კოფეინი არ მიუღიათ. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: კოფეინის მიღების მქონე თაგვები ისე აქტიურად იქცეოდნენ, როგორც კონტროლის ჯგუფის თაგვები, რომლებიც სტრესს არ გამოუცდიათ. მათ არ დაუკარგავთ ინტერესი ტკბილი წყლის მიმართ, არ დაუკარგავთ წონა და არ ჰქონიათ დეპრესიის ნიშნები. ამავე ჯგუფში არ დაფიქსირდა ნაწლავის ბარიერის დაზიანება, ანთებითი მოლეკულების დონე კი, სისხლსა და ჰიპოკამპში (ტვინის ის ნაწილი, რომელიც განწყობას აკონტროლებს) ნორმის ფარგლებში დარჩა. ნაწლავის კედლის მთლიანობისთვის პასუხისმგებელი ცილების დონე არ შემცირებულა, ხოლო მათი ნაწლავის მიკრობიოტა ჯანმრთელ თაგვებთან მსგავსად შენარჩუნდა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ის მიანიშნებს კოფეინის პრევენციულ ეფექტზე — ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა მას უკვე არსებული დეპრესიის შემსუბუქება. თუმცა აღმოჩენები აძლიერებს მოსაზრებას, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა კვებას, ნაწლავის მიკრობიოტასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირის გასარკვევად.