საზოგადოება
პოლიციამ აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო პარლამენტის გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელები რუსთაველის გამზირზეც გადავიდნენ. პოლიციამ 02:40 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია. აქციის დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი. მედიაში ვრცელდება ცნობები დაკავებულების შესახებ, თუმცა შსს-ს ოფიციალური განცხადება აქციის დაშლის შემდეგ არ გაუვრცელებია. 03:16 საათზე პოლიციამ ისევ დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რითაც მომიტინგეების მიერ დანთებული ცეცხლი ჩააქრეს. პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. შსს: აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი: დღევანდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს
„დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. განცხადების თანახმად, მათი როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. "წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია. დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე. მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი," - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ანნა ბაღბაბია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ანა ძოწენიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; ანა ქოიავა - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; ანა შაიშმელაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ანა ჩიტალაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; არჩილ მენთეშაშვილი - საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ასმი გრძელიძე - საკონსულო დეპარტამენტი; ალექსანდრე გოგოლაძე - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო; ბაია კაპანაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ბონდო მესხი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; გიორგი წიქარიშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; გიორგი მურღვაშვილი - ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი; გიორგი თავართქილაძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; დავით ბაზერაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ერეკლე იანტბელიძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ეკა ფხოველიშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ვაჟა გვარამია - საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში; ვერა ხაჯალია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; თამარ ჩაჩიბაია - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; თამარ ბალავაძე - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი; თამთა უგლავა - პოლიტიკური დეპარტამენტი; თეონა ჯანაშია - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი; თორნიკე ფარულავა -ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; თინათინ თაბუკაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; თინათინ ლოლომაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ირაკლი სიმონიშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; ირმა კილასონია - ამერიკის დეპარტამენტი; ლანა ჯალაღონია - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ლუკა გაწერელია - პოლიტიკური დეპარტამენტი; მარიამ არბოლაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; მარიამ ჯანელიძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; მამიკა ანთაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; ნესტან ბეჟანიშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; ნინო საღინაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ნინო ჩხიკვაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ნინო ყამარაული - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ოლღა სპირანდი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; საბა ფუტკარაძე - საკონსულო დეპარტამენტი; სალომე აქუბარდია - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; ქეთევან სხილაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი; ქეთევან ფრუიძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; ქრისტინე ჟღენტი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ხატია ხორავა - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; ხუტა სალია - საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
არასამთავრობოები: უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით
28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ტექსტში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო საზოგადოებას, აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ ითქვა უარი საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე: "ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება." არასამთავრობოები საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ: „საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ." განცხადების ავტორები, სადამკვირვებლო მისიიდან - „ჩემი ხმა,“ ევროკავშირსაც მიმართავენ, რომ მან "არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ."
განათლების სამინისტრო: თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა. კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ. ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია: სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“ და „ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ. იგავ-არაკები კი საერთოდ ამოღებულია; საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი; ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“; შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი; შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“ და მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია; საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია; უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო; გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ „მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული; გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია „ნინოწმინდის ღამე“; რაც შეეხება ანა კალანდაძის შემოქმედებას, აქამდე არსებული ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით „ვაჟო, დილის მზის სხივო...“ ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია დღეს გამოაქვეყნა.
სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი: სამწუხაროა სახალხო დამცველის მონაწილეობა ისეთ პროცესებში, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს
25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს - ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,- ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ავრცელებენ. განცხადებას ხელს ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული მოხელეები ქმნიდნენ და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები. „ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ჩვენი ერთადერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვაზე დროული, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საჯაროდ გამოვხატოთ პოზიცია პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრების და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობის კონსტიტუციურობის საკითხზე. საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიერ (რომლებიც სახალხო დამცველთან ერთად, წარმოადგენენ სპეციალურ სუბიექტებს არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნებისთვის), საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერების საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ შემჭიდროვებულ ვადებში (30 დღე) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს. ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას. აღსანიშნავია, რომ აპარატის თანამშრომლები მუდმივად ვცდილობთ აღნიშნულ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ და მოსაგვარებლად შიდა რესურსების გამოყენებას. ვინაიდან, საკითხები საჯარო ინტერესის მქონე თემებს ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ჩვენი პოზიციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რომელთა წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები, როგორც საჯარო მოსამსახურეები. ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები. მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აქ დასაქმებული პროფესიონალების პოზიცია არის პრინციპული არამხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხების მიმართაც და საქმიანობის პრიორიტეტები, ხედვა თუ რწმენა ადამიანის უფლებებისადმი არ შეცვლილა,“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ანი სალდაძე; ეკა მამრიკიშვილი;ელენე ჩავლეშვილი; ევა ფაჯიშვილი; გიორგი კვირიკაშვილი;გიორგი ტყებუჩავა; გიორგი მელიქიძე; გიორგი ქაჯაია; გიორგი ჩარკვიანი; გიორგი ძაძუა; გვანცა ხარატიშვილი;ლარა ჯამარაული; ლიკა ბაციკაძე; ლიკა ღვინჯილია; ლევან პაპავა; მაკო არაბული; მარიამ თავდგირიძე; მარიამ მახარაძე; მარიამ მოსეშვილი; მერაბ დობორჯგინიძე; ნათია გორგილაძე; ნათია ფიცხელაური; ნათია საღრიშვილი; ნინო ათაბეგაშვილი; ნინო ბერიშვილი; ნინო ლეჟავა; ნინო შალამბერიძე; ნინო სულამანიძე; ნინო ვალიკოვი; სოფო რუსეცკი; თამარ გუგუტიშვილი; თამარ ოგანოვა; თამარ ხოხობაშვილი; თამთა პაპუაშვილი; თამუნა აბაზაძე; თინათინ თინიკაშვილი; ქეთი ხვედელიანი. სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა
სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. „არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის,“ - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „პროცედურული დარღვევები“ იყო, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გაყალბებულს არ უწოდებს. „მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს. მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“... არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა,“ - აღნიშნა მან 2024 წლის პირველ ნოემბერს. როგორც დღეს იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა. „ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიხდენია არჩევნების დაკვირვება და შესაბამისად, სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია,“ - განაცხადა იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდა. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს. პროტესტის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. აქციის მონაწილეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ. რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტიც იყო. მანამდე, თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები „არჩევნების მიტაცებას,“ „ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს,“ „პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებდნენ.“ დღესვე ქალთა მარში მოეწყო, რომლის მონაწლეებმაც საკუთარი პროტესტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით გამოხატეს. ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.
სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.“ სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. „მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი. სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ნებისმიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა იარსებებს ამის აუცილებლობა, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება. მნიშვნელოვანია, შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში, გმირთა მოედანზე საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „დღევანდელი დღეც შედგა“ და მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს ცხრა საათიდან შეუერთდნენ აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. 23 ნოემბრის აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვით გაგრძელდა. ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები იყო გაშლილი. ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას აანონსებენ. 25 ნოემბრის დილას პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. პარლამენტს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ და საიმედო პარტნიორად რჩება - ბორელი
„საქართველოში „უცხოური გავლენის“ კანონით სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოხდა, მაგრამ ამან ვერ შეაკავა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხარი დაეჭირათ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლისთვის,” - აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი. „დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამიტზე, ვაღიარებთ სამოქალაქო საზოგადოების არსებით როლს რეგიონში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხში. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი და საიმედო პარტნიორია და ასეთად დარჩება,“ ამბობს ბორელი.
სახალხო დამცველი: როცა შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის აქციის დაშლის დროს მელიქიშვილის გამზირზე. „სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს. იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელის საშუალებით, ტელევიზიით. არაერთხელ გინახავთ, რომ თუ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დროულად მოინახულონ, მე მივდივარ და ვხვდები დაკავებულებს. არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ ჩემი მისვლა იყოს საჭირო,“ - აღნიშნა იოსელიანმა. მისივე თქმით, მათი განცხადებები, ვინც სახალხო დამცველს მიმართავს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იგზავნება. „რაც შეეხება აქციას და აქციაზე დაკავებულ პირებს. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავავრცელეთ. მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება და ამის შესახებ ცნობილი გახდა, მაშინვე დაიწყეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში და ყველა დაკავების შემთხვევაზე გვაქვს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი, რეაგირება. არამარტო დღეს, არამედ 2 დღის წინ დაკავებულებიც მოვინახულეთ. ვინც აცხადებს ძალადობის შესახებ და გვაწვდის ინფორმაციას, მათი განცხადებები გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება მედიის მიმართ არსებულ საკითხს. არაერთგზის გამიკეთებია განცხადება, რომ ყველას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. დაუშვებელია მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა და ხელისშეშლა. მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენ ვნახეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. რა დოკუმენტაციაც შევკრიბეთ, გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სახელმწიფოს გამოხატულ ძალადობას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება, რომ სისტემური ხასიათი არ მიიღოს, რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ძალადობას, სახელმწიფოს ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ რომ მედიას ფიზიკური პირი იქნება, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთი ძალადობა მიაყენოს, რომ ხელი შეუშალოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში,“ - აღნიშნა იოსელიანმა. სახალხო დამცველის თქმით, იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. „სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამასთან, დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის 16 ნოემბერს ასევე მოინახულა ცესკოს შენობის წინ დაკავებული სამი მოქალაქე. დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა მიუთითა რომ იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, ასევე, სამივე მათგანმა მიუთითა არაეთიკურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატმა სამივე შემთხვევაზე განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია - 1481, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნული იყო მანამდე გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ხაჯარატ ახვლედიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მახლობლად 2024 წლის 28 თებერვალს დააკავეს, ხოლო გიორგი რომელაშვილი საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, 2024 წლის 25 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად დააკავეს.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტისგან. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
პატრიარქი: დადასტურდა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას
„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
54 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა. 2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო.
"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს
"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 31 ოქტომბერს თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ საინფორმაციო შეკრებაზე განაცხადეს, რომ მოძრაობის მიზანი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არსებული სავარაუდო დარღვევების გამოვლენა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყალბების სქემაში მონაწილეობდნენ. „ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, იქნება მშვიდობიანი, იქნება დემოკრატიული და იქნება კანონიერი. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან - ჩვენ ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, ვიმოქმედებთ აუდიტორიებშიც, პარკებში, არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევეცდებით გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა,“ - განაცხადა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ. მისი თქმით, ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის აქციებს, რომლებსაც არ ექნება მასობრივი ხასიათი. "ეს იქნება აქციები, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას უჩვენებენ, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის ამაზე მათი რეაგირება მნიშვნელოვანი." სიმონ ჯანაშიას თქმით, ხვალ, პირველ, ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, შემდგომ ნაბიჯებზე სამსჯელოდ პარკ "მზიურში" შეიკრიბებიან. მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" არის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაცია. არჩევნებში კოალიციამ ამომრჩევლის 8,81%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. „ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გამოძიებას ითხოვენ.
საია იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - საუბარია 2263 საარჩევნო უბანზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 3111 საარჩევნო უბანი გახსნა. საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრები უკვე წარუდგინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველია, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. „საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე. ის ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციამ 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, რამდენიმე ასეული დარღვევა დააფიქსირა. მისიას ჯამში წარდგენილი აქვს: 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე; კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა; გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციული უბნის შედეგების გაბათილება; 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა; 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ცესკოს განმარტებით, ხმის ფარულობა დაცული იყო მაშინაც კი, თუ მონიშვნა მეორე მხრიდან ჩანდა შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა
მედიაომბუდსმენმა 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა - ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით, - ამის შესახებ მედიაომბუდსმენის შეფასებაშია აღნიშნული. მისივე ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა სულ მცირე 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ. “2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი. საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს. ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული. თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა. აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა,“ - წერია ინფორმაციაში.
პრორუსული „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს
პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს. „იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ,“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს. გადაწყვეტილებას „ალტ-ინფოს“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად. პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ია
10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ს შეადგენს. ინფორმაციას ენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12.09 %, ყველაზე დაბალი კი, გურიაში – 7.65%. რეგიონების მიხედვით, პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია – სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.23%, აჭარა – 7.81%, თბილისი – 10.07%, კახეთი – 10.05%, მცხეთა-მთიანეთი – 10.42%, ქვემო ქართლი – 8.47%, შიდა ქართლი – 9.66%, სამცხე-ჯავახეთი – 8.75%, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი – 12.09%, იმერეთი – 8.12%, გურია – 7.65%. ცნობისთვის, არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი (61.3%) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა - საარჩევნო უბნებზე 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს