საზოგადოება

ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179  გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.

ბოლო 24 საათში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 გამოჯანმრთელდა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის  მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენმა ვირტუალ რეჟიმში გამართულ ღონისძებაზე ადმინისტრაციის ახლად დანიშნული თანამშრომლები გააფრთხილა, რომ გაათავისუფლებს ნებისმიერს, ვინც სამუშაო გარემოში თანამშრომლების მიმართ პატივისცემის ნაცვლად, ტოქსიკურ დამოკიდებულებას გამოავლენს. ბაიდენმა განუცხადა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომ ისინი არ უნდა მუშაობდნენ მისთვის, თუ ისინი სერიოზულად არ აპირებდნენ ცვლილებების განხორციელებას. ”ჩვენ გვაქვს შანსი შეცვალოთ ყველაფერი. ეს არის მიზეზი, რომ პოლიტიკაში ჩავერთე... ხალხი არ მუშაობს ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ხალხისთვის. ისინი ჩვენ ხელფასს გვიხდიან. ისინი თქვენ გენდობიან. მე გენდობით თქვენ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს. ძალიან იშვიათად ეძლევა ადამიანს ისეთი რამის კეთების საშუალება, რაც ფუნდამენტურად პოზიტიურ გავლენას იქონიებს სხვების ცხოვრებაზე, არა მხოლოდ აქ, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა. სენატმა აღნიშნულ თანამდებობაზე ვრილ ჰეინესი დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჰეინსის, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა. 2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.

ჯო ბაიდენმა პირველ განკარგულებებს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი. კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტის ოთახში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინაუგურაციის დღის გამოცხადების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების დამტკიცების შესახებ დოკუმენტებს. ამასთან, თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. აგრეთვე, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, მალე ჯო ბაიდენი შეიარაღებული ჯარების მზაობას შეამოწმებს, მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობის ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. როგორც ცნობილია, არლინგტონის სასაფლაოზე მასთან ერთად მივლენ ექსპრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.

Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდელები დაასახელა

Forbes-მა აშშ-ის მილიარდელები დაასახელა, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ყველზე მეტი თანხა გაიღეს. უორენ ფაბეტი, ბილ და მელინდა გეითსები, მაიკლ ბლუმბერგი, ფილ ნაითი, ეს იმ ქველმოქმედთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Forbes-ის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია,რომ ჩამონათვალში აშშ-ის და მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი- ელონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ვერ მოხვდა.

ჯო ბაიდენი: ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ინაუგირაციაზე სიტყვით წარსდგა. „ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა...დემოკრატიამ გაიმარჯვა... მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, რომ შემომიერთდეს და ყველანი გავერთიანდეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ვიცი, რომ ერთიანობის შესახებ საუბარი დღესდღეობით ფანტაზიას ჰგავს. ვიცი, რომ საზოგადოება ახლა დაყოფილია. თუმცა ერთიანობა ქვეყნის წარმატების ერთადერთი საწინდარია“. ბაიდენი კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებსაც შეეხო. „ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ახალმა პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრა. „ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, აღსადგენი და გასაჯანსაღებელი, ბევრი გვაქვს ასაშენებელი და მოსაპოვებელი“, - დასძინა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. „მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.

ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა

ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა. 20 იანვარს, აშშ-ის დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დადებენ ფიცს, ხოლო საღამოს კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე ტრადიციული მეჯლისის ნაცვლად სატელევიზიო ღონისძიება "Celeberating America" ჩატარდება. ვინ იქნება ინაუგურაციაზე? ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად ცერემონიას კონგრესმენებისა და უზენაესი სასამართლოს წევრების უმრავლესობა დაესწრება. ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, საკუთარ მეუღლეებთან ერთად იქნებიან ინაუგურაციაზე, თუმცა ცერემონიას ქვეყნის უხუცესი ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი არ დაესწრება და ახლად არჩეულ პრეზიდენტს დისტანციურად მიულოცავს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არ დაესწრება ცერემონიას, რაც იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ცერემონიაზე იქნება. როგორია ფიცის დადების განრიგი? ზუსტი დრო უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ცერემონია თბილისის დროით საღამოს რვა საათზე დაიწყება. ამერიკის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. არჩეულ პრეზიდენტს ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი წაუკითხავს. აღსანიშავია, რომ ფიცის დასადებად ბაიდენის საგვარეულო კოლექციიდან აღებულ 127 წლის ბიბლიას გამოიყენებენ. ყველაფერი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ

იტალია ვაქცინის შეყოვნებისთვის Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

ვაქცინის მიწოდების შეყოვნებისთვის იტალია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელ შეიტანას. „ჩვენ მოვითხოვთ სიცხადესა და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემას მიღწეულ ევროპულ შეთანხმებებთან მიმართებაში“, - განაცხადა რეგიონების საკითხში იტალიელმა მინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ. საქმე ეხება დოზებს, რომლებიც იტალიამ წინასწარ შეუკვეთა, თუმცა კომპანიის მხირადან მათი მიწოდება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბოჩას თქმით, პრეპარატის მიწოდების ცალმხრივად შეყოვნება გაფრთხილების გარეშე დაუშვებელია.

ტრამპმა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა და 70-ს  სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა და 70-ს სასჯელი შეუმსუბუქა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა 73 პირი შეიწყალა და კიდევ 70 პირს შეუმსუბუქა სასჯელი“, ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში. ამ 143 ადამიანს შორის არიან რესპუბლიკელი, რომელსაც ფინანსების მოზიდვა ევალებოდა, რეპის ვარსკვლავი და ყოფილი მერი. შეგახსენებთ, რომ ტრამპი თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებს. მან უკვე გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

კოვიდინფექციის გავრცელების ზრდის ფონზე ჩინეთი 4000 ადამიანზე გათვლილ საკარანტინე სივრცეს მოაწყობს

ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, ჩინეთი 4,000 ადამიანზე გათვლილ საკარანტინე სივრცეს მოაწყობს. ჩინეთი ქვეყანაში ეპიდაფეთქების ახალი კერა დაფიქსრიდა. ახალი საკარანტინე სივრცე დედაქალაქის მახლობლად აშენდება. ეპიდაფეთქების ახალი კერა ამჯერად შიძიაჯუანშია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოსახლეობის ტესტირება. ახალი რეგულაციების მიხედვით, სოფლის მცხოვრებლების მასობრივი ტესტირება დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალდებული იქნება, მკაცრ კარანტინის ზომებს დაემორჩილოს და კონტროლირებად საკანტინე სივრცეში დარჩეს. ჩინეთში ბოლო 24 საათში 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?

ესპანეთის პოლიციამ  ნახშირში ჩამალული ტონობით კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ, ნახშირში ჩამალული ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო.აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 12 მოქალაქე, რომლებსაც სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკების ფარულად გატანაში ბრალი ედებათ, დააკავეს. მათი სახელები საჯაროდ გავრცელებული არაა, თუმცა მედია იუწყება, რომ ბრალდებულთაგან 6, ჯერ კიდევ პატიმრობაშია. დანარჩენები კი, გარკვეული პირობების საფუძველზე გაანთავისუფლეს. წყაროს ცნობით, გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დამნაშავეები კანონიერი ბიზნესის წამოწყებით, კონტრაბანდას აწარმოებდნენ. მიუხედავად კვალის დაფარვის მცდელობისა, სამართალდამცავებმა სამხრეთ ესპანეთის ქ. ალხესირასის პორტში, 40 000 კგ. ნახშირით დატვირთულ გემბანზე 2 ტონაზე მეტი გადამალული კოკაინი, მაინც იპოვეს. გამოძიების მსვლელობისას, სამართალდამცავებმა 16 სახლი გაჩხრიკეს. ამასთან ერთად, 200-მდე კონტეინერიც, რომლებიც ბრაზილიიდან და პარაგვაიდან ესპანეთში იგზავნებოდა.

რუსეთმა საკუთარი ვაქცინის რეგისტრაციის თხოვნით ევროკავშირს მიმართა

რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა საკუთარი ვაქცინის „სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციის მიზნით ევროპის მედიკამენტების სააგენტოში განაცხადი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. გავრცელებული ინფროამციით, ფონდი ელოდება, რომ განაცხადის განხილვა თებერვალში მოხდება. აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკ V”-ის შემქმნელებისა და ევროპის სამედიცინო სააგენტოს გუნდებმა სამშაბათს ვაქცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო მიმოხილვა განახორციელეს. ცნობისათვის, „სპუტნიკ V” რუსეთის გარდა უკვე დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაისა და თურქმენეთში. სპუტნიკ V -ით მასობრივი ვაქცინაცია რუსეთში დეკემბერში დაიწყო.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.

13 ბიზნესასოციაცია  მთავრობას ეკონომიკის გადარჩენის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ბიზნესასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობა ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ლ თებერვალს მოხსნის წინაშე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ. "მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, - ნათქვამია ასოციაციების გაერთიანებულ განცხადებაში. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნის საფინანსო ვალდებულებების შესრულების ერთადერთი გარანტი ბიზნესის ყველა სექტორის ამოქმედებაა, რისთვისაც შეზღუდვების დაუყოვნებელი მოხსნა და ფრენების აღდგენაა საჭირო. ბიზნესასოციაციები მთავრობას, ქვეყნის ეკონიმიკის გადარჩენის მიზნით, სთავაზობენ და სთხოვენ: 1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით). გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ; 2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა. ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას. 3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით); სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. 4. შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა. 5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება; ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება. 6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების“, - სთავაზობს მთავრობას დარგთაშორისი ინიციატივას კერძო სექტორი. 13 ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს რეკომენდაციები რეგულაციების პირობებში და ემხრობა მასობრივ ტესტირებას. "ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია საერთო განცხადებაში.

ტოკიო-2020 გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობას შეამცირებს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე ოლიმპიელთა რაოდენობის შემცირება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 ათას სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა. „ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

თეა წულუკიანი: დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი

„მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს აქვს რუსეთის წინააღმდეგ დავა და 21 იანვარს არის მოლოდინი საბოლოო ვერდიქტის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის აგვისტოს ომში მართალი. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში, რომელზეც ჩვენ ვდაობდით. 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ 2013 წლიდან, მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და დავაბრუნეთ ორი წლის წინ, როგორც მტკიცებულება. ზეგ, 21 იანვარს დგება სიმართლის დღე. დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ახლა ვამბობ, სწორედ ასე გამართლდება და ჩვენ ყველანი ხელთ ჩავიგდებთ დოკუმენტს, რომელიც იტყვის, რომ ქართველებმა განიცადეს ეთნიკური წმენდა. ეს იქნება სამართლებრივად გამყარებული საფუძველი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა. დღემდე ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტები, ეს იქნება პირველი სამართლებრივი დოკუმენტი", – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო ხვალ, 21 იანვარს განიხილავს . ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს.