საზოგადოება

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ სლოგანით, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით იმართება. დემონსტრაცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება “მოქალაქეობრივი ხორუმი.” მსვლელობის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები შემდეგი წარწერებით; “არ წამართვა მომავალი”, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, “რუსული მთავრობაც გვყოფნის”, “ჩრდილოეთიდან ერთადერთი მზე ამოდის!”. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

თბილისის მერია: დღევანდელი შეკრება არის არასანქცირებული

თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. თბილისის მერია პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა." „მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება. არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა. თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც. შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.  

არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საია მოუწოდებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით.“ „მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად,“ - ნათქვამია განცხადებაში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება). პარალელურად პარლამენტის ორ გვერდითა მხარეს და თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. „შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული,“ - აცხადებს თბილისის მერია. პარლამენტთან ვითარება დაძაბულია.  

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ პარლამენტთან სცენის ინვენტარი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ წერს შსს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მიმართეს, მისცენ უფლება, „ქართული ოცნების“ მოწყობილ სცენაზე, - რომელიც 29 აპრილს მმართველი პარტიის მხარდამჭერი დემონსტრაციისთვის არის გამზადებული, 10-მდე დემონსტრანტი აუშვან, რათა მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალონ. პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს  

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს

აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, პარლამენტს წრე შემოარტყეს და „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. პროტესტის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” "არა რუსულ კანონს!" აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ  

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას ზეიმობს

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც მართლმადიდებლები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში მისული მორწმუნეები ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვა-ლოცვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) აღავლენს.  

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, (წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1%-ით ნაკლებია) საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი. სტატისტიკის თანახმად, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს შეადგენს. „2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს. 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის, კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი. ამასთან, 2024 წლის პირველ იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელს შეადგენს.  

USAID: 2010 წლიდან დღემდე, ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს

2010 წლიდან დღემდე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID/Georgia) ავრცელებს. „ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და მხარს ვუჭერთ 15 ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ცენტრები მთელ საქართველოშია განთავსებული და აერთიანებს ახალგაზრდებს ახალქალაქიდან ბათუმამდე, ოზურგეთიდან დმანისამდე, გორიდან ახმეტამდე. 2010 წლიდან USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა 20 000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეარათ ენის კურსები, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამებში და აქტიურად ჩართულიყვნენ სამოქალაქო ინიციატივებში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების შექმნას,“ წერს USAID. USAID საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას აფართოებს  

საპატრიარქო: მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს

საპატრიარქო მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, „წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას, თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია.“  საპატრიარქოს განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს.“ განცხადების თანახმად, ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ „დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება,“ საპატრიარქო ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლად აფასებს.“ „ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.   საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება.” ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის.   მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება. ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.   საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა. საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი, შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე,“ წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი. ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქსტატი: 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და მან 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია დღესაც გაიმართა. დღევანდელ აქციაზე მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ბოლოს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ, სადაც რუსთაველია გამზირი ხელმეორედ გადაკეტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს და განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდნენ. საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს. აქციას პარლამენტთან 26 აპრილსაც, კვლავ 19:00 საათზე გამართავენ. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება. 27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.  

მეუფე ზენონი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,“ - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.“ „მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“, სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ (იხ. მუხლი 2.1). კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში თავსდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო, როგორც ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ოთხწლიანი პროცესის წარმმართველთაგანი (დასრულდა 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით), მოგახსენებთ: ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებული სუბიექტი ან წარმომადგენელი ფიზიკური პირი, სახელმწიფოს წინაშე იძენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის სტატუსს და ამ სტატუსით მოქმედებს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას. წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის. (იხ. კონსტიტუციური შეთანხმება. პრეამბულა; იხ. მუხლი 1. 1. იხ. მუხლი 1. 3 ). საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი განმარტავს - ,,რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ (იხ. მუხლი 1.1). რაც შეეხება გამჭირვალობის აუცილებლობას საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მიღმა. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის” მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავსძენ, სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ ვალდებულება, აწარმოონ მონიტორინგი საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ნებისმიერი ქვეყნიდან ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოსავლებზე. გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას. სტიგმატიზირების საფრთხე კანონი ძველ ბერძნულ სამყაროში აღმოცენდა და იგი მიმართულების საზომს წარმოადგენდა. თავდაპირველი ხელოვნების ნიმუშისგან ის შემდეგ თეორიად იქცა და ასე დამკვიდრდა ეს ცნება სამართლის ფურცლებში დადგენილი ნორმის წარმოსადგენად. ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი. სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. სტიგმა, დეფექტის აღბეჭდვასთან ასოცირდება და მისი სათავე ქრისტიანობამდელ სამყაროში იძიება. სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზაციისადმი მგრძობიერია ადამიანი და მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი. მისი აღქმა შესაბამის გავლენას ახდენს პიროვნების იდენტობაზე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებთან. რაც უფრო ცივილიზებულია გონება, სამართლის ნიმუშიც მით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, რადგან კანონი თავისუფლების პირმშოა ( სახელმწიფოსთვის თავისუფლების გაგების განსაზღვრება კონსტიტუციით დეკლარირებულია). კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ

24 აპრილს პარლამენტთან ე.წ. "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითებდა, რომ კრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

ომბუდსმენმა ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. რეგიონული განაწილება ასეთია: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. ეს დარღვევები სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილ პაციენტებში ინფექციის გავრცელების, ნოზოკომიური ინფექციებით გამოწვეული ავადობის და ლეტალური შედეგების რისკებს ზრდის. „2023 წელს პირველად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი ჩაატარა და შედეგები სპეციალურ ანგარიშში „სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგები“ ასახა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, უფლებამოსილი უწყებებიდან გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. კერძოდ: მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის. სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა. ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები. გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები. 4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine)  - გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი. „ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაო. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium გამოვლინდა. „პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.  გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.  სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა,“ წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.  

ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს

ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით, 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადება OSCE/ODIHR-ს სთხოვა

ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადების თხოვნით OSCE/ODIHR-ს მიმართა. „2024 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის პირველ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას ამზადებს ასევე, ვენეციის კომისია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა,“ წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს უარყოფთად აფასებს