საზოგადოება

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვირუსის ახალი შტამი 23 წლის სტუდენტს დაუფიქსირდა, რომელიც ბრიტანეთიდან დაბრუნდა ჩინეთში. მას 14 დეკემბერს შანხაიში ჩაუტარდა კორონავირსუზე ტესტირება.

ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა

2021 წლის დადგომასთან ერთად ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. . პირველ იანვარს როტაციით, პორტუგალიამ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა კი შვედეთი გახდა. ლისაბონის უფლებამოსილების ვადა 6 თვეს გაგრძელდება. „ეს პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა პორტუგალიისთვის მიიღოს ესტაფეტა გერმანიისგან და კანცლერ ანგელა მერკელისგან“, - ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ Twitter-ზე დაწერა.

დიდმა ბრიტანეტმა ევროკავშირის შიდა ბაზარი და საბაჟო კავშირი დატოვა

პირველ იანვარს დიდმა ბრიტანეტმა ევროკავშირის შიდა ბაზარი და საბაჟო კავშირი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამასთან, დროებით ძალაში შევიდა ლონდონსა და ბრიუსელს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. გარდა ამისა, 1-ელ იანვარს დიდმა ბრიტანეთმა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში აშშ-სგან თავმჯდომარეობა გადაიბარა.

ახალი წლის ღამეს თბილისის მთავარი ნაძვის ხე პიროტექნიკით დაზიანდა

ახალი წლის ღამეს, პარლამენტის წინ, თბილისის მთავარი ნაძვის ხის ნათურები დაზიანდა. ნაძვის ხის ნაწილი მთლიანად ჩამქრალი იყო. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, ეს, სავარაუდოდ, დაუდევრობით მოხდა და დაზიანებული ნათურების აღდგენის პროცესი უკვე დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, ნაძვის ხე პირვანდელ სახეს დღეს, პირველი იანვრის საღამოს დაუბრუნდება.

ახალი წლის ღამეს დიდუბეში, რბილი ავეჯის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა

ახალი წლის ღამეს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, დიდუბეში, რბილი ავეჯის საწარმო "ბუბა ჯორჯიაში" ცეცხლი გაჩნდა. საამქროს დამფუძნბლის თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკა გახდა. მისივე ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

საქართველოში 2021 წელს პირველი ახალშობილი 00:06-ზე დაიბადა

საქართველოში 2021 წელს პირველი ახალშობილი 00:06-ზე დაიბადა მშობიარე ახალგაზრდა ქალი კლინიკა „ბაიებში“ 11 საათზე შეიყვანეს და მან ვაჟი გააჩინა. ახალშობილს სანდრო დაარქვეს. ამ დროისათვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს

ტექნოლოგიის გიგანტმა კომპანია მაიკროსოფტმა 31 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ, სამთავრობო უწყებების და კერძო კომპანიების ქსელებში შეაღწიეს, შეძლეს მაიკროსოფტის წყაროს კოდის მოპოვება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სოფტვერის და საოპერაციო სისტემების ასაგებად. მანამდე, მაიკროსოფტმა აღიარა, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებების და სხვა ფირმების მსგავსად, მან ჩამოტვირთა მავნებელი SolarWinds-ის სოფტვერის განახლება, რამაც ჰაკერებს მის ქსელებში შეღწევის საშუალება მისცა. მაგრამ ბლოგპოსტში გამოთქმული ახალი ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი ჩაიგდეს ხელში, ახალია და შეშფოთებას აღძრავს ჯაშუშთა მიზნების შესახებ. კომპანიას არ დაუზუსტებია კოდის რომელი ნაწილი მოიპოვეს ჰაკერებმა. მაიკროსოფტის თქმით, ჰაკერებმა რამდენიმე შიდა ანგარიშში შეაღწიეს, თუმცა რომელიმე კოდის ან საინჟინრო სისტემის შეცვლის ნებართვა არ ჰქონდათ. არაფერი შეცვლილა მანამ, სანამ "ამ ანგარიშებს გამოიძიებდნენ და გამოასწორებდნენ" - აცხადებს კომპანია. "ამ აქტივობას საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია ჩვენი სერვისების, ან მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება, მაგრამ გვსურს გამჭვირვალე ვიყოთ.და გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ, ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ, ძალიან დახვეწილ აქტორთან ბრძოლაში" - აცხადებს მაიკროსოფტი. აშშ-ის მთავრობა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები კვლავ ცდილობენ ჩასწვდნენ სრულ მასშტაბს ჰაკერული თავდასხმისა, რომელიც მარტში დაიწყო.

დღეიდან 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ისევ აკრძალულია

დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მაშტაბით გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული შეზღუდვები. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით დაჯარიმდება, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვებით, რომლის მიღებაც ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვით არის შესაძლებელი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით მოხსნილი იყო 31 დეკემბრის ღამეს. გამონაკლისი იქნება 6 იანვრის ღამე, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.

უხანში სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა

უხანში ეპიდაფეთქების დაწყების შესახებ პირველი ინფორმაციის ჯანმოსთვის მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა. - აღნიშნულ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ი ჩინეთის ქალაქს სტატიას უძღვნის და წერს, როგორ აღნიშნა ახალი წელი უხანმა. „პარასკევს შუაღამისას ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში ბევრი ხალხი გამოვიდა და 2021 წლის დადგომას ზეიმობდა მას შემდეგ, რაც პანდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ტრადიციის თანახმად, ასობით ადამიანი შეიკრიბა ჰანკოვის საბაჟო სახლის ძველი შენობის წინ, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო ადგილია. უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა და რეგულაციების დამრღვევებს მიუთითებდა, რომ მათ ნიღაბი უნდა ეტარებინათ“, - წერს ბრიტანული მედია. უხანში ვირუსი უკვე თვეებია ფართოდ არ არის გავრცელებული და აქ კონკრეტული ჯგუფების ვაქცინაციაც მიმდინარეობს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების მცირე ზრდა შეინიშნება ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პეკინში, რაც შეახსენებს უხანის მოსახლეობას, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

დღეს კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 426 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 167, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 83, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევაა 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 236, აჭარაში - 397, იმერეთში - 931. მძიმეა 921 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 91, იმერეთში - 232. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 322 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 25, იმერეთში - 47. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 5 342 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 72, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 946, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 382.

კორონავირუსის კიდევ 990 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 265

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე.

ბოლო 24 საათში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 528 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართა. წლევანდელი გალაკონცერტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფორმატის იყო - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იდგნენ, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენდა. თბილისის მერიიც ინფორმაციით, გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იყო პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყო დაცული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები ასრულებდნენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ერთვებოდნენ. კონცერტი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა. გალაკონცერტის მიმდინარეობისას, ახალი წელი მიულოცა მოსახლეობას დედაქალაქის მერმა. „მიილია 2020 წელი - წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება.ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი. მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით!ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით.გილოცავ საქართველო! გილოცავ ჩემო თბილისო!გილოცავთ ჩემო უსაყვარლესო ხალხო!მრავალჟამიერ“, - განაცხადა კახა კალაძემ. საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი იყვნენ, მუსიკალური ხელმძღვანელი - დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილი. კონცერტში მონაწილეობდნენ დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

არჩილ თალაკვაძე: მომავალი წელი მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულსა და მომავლის რწმენას

გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობითა და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა. მან ახალი წელი სრულიად საქართველოს, საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებთ მიულოცა. „ძვირფასო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ, 2021 წელს! ეს წელი მშვიდობის, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს - ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში - მათ ყველაფერი გააკეთეს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად! ახალ წელს ვულოცავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს! ერთიანი, ძლიერი საქართველო და ძლიერი საზოგადოება ჩვენი საერთო მიზანია! გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობით და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, დემოკრატიის გაძლიერებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას! მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულსა და მომავლის რწმენას! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯანმომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Comirnaty-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველი ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ავტორიზაცია მიიღო“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დასკვნამ ცხადყო, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სავალდებულო კრიტერიუმებს შეესაბამება. 21 დეკემბერს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა.

გიორგი გახარია: დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში

„დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი". - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საახალწლო მილოცვისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები და თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა. „გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები. დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ. უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები - ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, - მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი. ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს - არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე. დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი. ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საახალწლო მილოცვისას.

სალომე ზურაბიშვილი: ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით

„ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე - ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს"! - ამის შესახებ პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა. „2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი. პანდემიამ შეცვალა მსოფლიო - შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა - შიში ჩაგვინერგა. უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველფერ ცუდს კარგი მოსდევს. პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მისი წარმომადგენლები - ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები - ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი. თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფსიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს.ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება, რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა. პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ - იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს. მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ - ყველამ ერთად - მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს. განათლების სფეროში - ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა - გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ამ ფონზე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეატები და ერთად მივულოცოთ მათ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს. ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში - ალექსანდრე შენგელია. ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. შედგა პარლამენტი. პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა - ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა, თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები - ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად. მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება. ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე - ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს! ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯამრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას.

ილია მეორე: ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი

ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში. პატრიარქმა ახალი წელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსა და ყოველ ადამიანს მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენ მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. „ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდეთ და ჰპოვოთ. ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ“. ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი. ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. „ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ, ახალ წელს და ქრისტეშობის დღესასწაულს! იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!“, - განაცხადა ილია მეორემ.

კახა კალაძე: ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ, საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა

ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა. დედაქალაქის მერმა თბილისელებს, მთელ საქართველოს ახალი წლის დადგომა მიულოცა და აღნიშნა, რომ „უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, მძიმე პერიოდი გადაგვეტანა“. კალაძის თქმით, დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. „მიილია 2020 წელი - წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლებისა და გაძლიერების წელი! მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით! ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით. გილოცავ, საქართველოვ! გილოცავ, ჩემო თბილისო! გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესო ხალხო! მრავალჟამიერ!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემანუელ მაკრონი: 2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, 2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. ეს განაცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა. „2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. 2021 წელს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შევძლებთ ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ, ტერორისტულ და კლიმატურ კრიზისებთან გამკლავებას. წლის პირველი თვეები რთული იქნება და სულ მცირე, გაზაფხულამდე მაინც ეპიდემია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მძიმე ტვირთი იქნება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.