საზოგადოება

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 14.1%-ითმსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 37.3%-ითფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 24.9%-ითყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 5.8%-ითსპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 10.8%-ითმინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 16.9%-ითძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 49.6%-ითოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 29.5%-ითაზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 21%-ითსაქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი). რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).

"დღეს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან. როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება. "ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის - 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა", - განაცხადა ტიკარაძემ. მან ასევე ისაუბრა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა კოვიდ სასტუმროებში, სტაციონარსა და კარანტინში მოთავსებასთან დაკავშირებითაც. „ჩვენი 226 მოქალაქე გადაიყვანეს ბინიდან კლინიკაში. კონტაქტებში დაფიქსირებული 19 ადამიანი გადაიყვანეს კარანტინიდან კლინიკაში. ასევე, ბინიდან კარანტინში გადაიყვანეს ექიმებმა 78 პაციენტი. 318 ცხელებიანი პაციენტი დაფიქსირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდკლინიკაში კი 25 გადავიყვანეთ. ამ ჩამოთვლილი პაციენტების ჯამი დაახლოებით 1000-მდეა. სხვა შემთხვევებშიც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება", - განაცხადა ტიკარაძემ.

კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებთან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს. სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით“, - განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით, მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას. „სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას. სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, - განაცხადა მიქელაძემ.

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2020 წლებში, ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;გორი სამების ქუჩა N1; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც - info@idp.gov.ge“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 წლის მოზარდის აღმოჩენამ შესაძლოა, Covid-19–ისგან განკურნებას შეუწყოს ხელი

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში Covid-19 გაჩნდა მეცნიერები ცდილობენ, შექმნან დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა და კონკრეტული პრეპარატი. როგორც CNN იუწყება, სადღეისოდ ამ მეცნიერთა რიგებს 14 წლის მოზარდიც შეუერთდა, რომლის აღმოჩენამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლოა, გარღვევა მოახდინოს. "ცოტა ხნის წინ ტეხასის შტატის ქალაქ ფრისკოში მცხოვრებმა ანიკა ჩებროლუმ "2020 3M Young Scientist Challenge"–ში გაიმარჯვა აღმოჩენისთვის, რომელმაც შესაძლოა, Covid-19–ისგან განკურნებას შეუწყოს ხელი. კერძოდ, ანიკამ გამოიყენა სილიციუმის მეთოდი ტყვიის მოლეკულის აღმოსაჩენად, რომელსაც შეუძლია, შერჩევით დაუკავშირდეს SARS-CoV-2–ის ვირუსის ცილას", – იუწყება CNN. როგორც ანიკა აცხადებს, "თავდაპირველად მისი მიზანი იყო სილიციუმის მეთოდის გამოყენება ტყვიის ნაერთის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც შეიძლება, დაუკავშირდეს გრიპის ვირუსის ცილას". "სადღეისოდ არსებული უმძიმესი ვითარების გამო, რომელსაც Covid-19–ის პანდემია იწვევს, მე ჩემი მენტორის დახმარებით, შევცვალე მიმართულება გრიპის ვირუსიდან SARS-CoV-2–ის ვირუსისკენ", – დასძინა მან. "​ანიკას სურვილი, გამოიყენოს თავისი დრო და ნიჭი, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ყველას იმედს გვაძლევს", – განუცხადა CNN–ს მეცნიერმა სინდი მოსმა, რომელიც "2020 3M Young Scientist Challenge"–ს ჟიურის წევრი იყო. როგორც 14 წლის გოგო აცხადებს, მისი შემდეგი მიზანია მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობა, რომლებიც პანდემიის კონტროლისთვის იბრძვიან. ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი, საერთო რაოდენობა კი 143-ს შეადგენს. „სად გარდაიცვალნენ, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მაქვს. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ერთ ასეულზე ნაკლებია, დაახლოებით ალბათ 70, მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილები“, – განაცხადა ენდელაძემ.

კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 360

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა. „თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულების რაოდენობა 18663-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი, საერთო რაოდენობა კი 143-ს შეადგენს.

ბათუმის სათნოების სახლში 12 ხანდაზმულს COVID-19 დაუდასტურდა

ბათუმის სათნოების სახლში 12 ხანდაზმულს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, სათნოების სახლის 120 ბენეფიციარიდან COVID-19 უკვე დაამარცხა 70-მა ხანდაზმულმა, 7 მათგანი კი გარდაიცვალა. სათნოების სახლი მუშაობას კარანტინის რეჟიმში აგრძელებს. 19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის და ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარის, ელენე ხოშტარიას დეიდაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ვირუსის დადასტურების შემდეგ ოჯახმა ცხელ ხაზებზე დარეკვა დაიწყო, რათა მკურნალობის შესახებ ინფორმაცია მიეღო, თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მათ სათანადო პასუხს არ სცემენ. “თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისგან, რადგან ჩემი ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ შეუძლებელია ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ. ჩემ დეიდაშვილს დაუდასტურდა კოვიდი. დავიწყეთ წესების მიხედვით გარკვევა როგორ უნდა მოვიქცეთ. გავიგეთ 4 ნომერი სადაც უნდა დარეკო. დავიწყეთ რეკვა. გადის საათები შანსი არაა. არაუშავს ოკ რამდენიმე საათი მოითმენ. გიჩნდება კითხვა. აი სიცხეზე რა დალიო? სისხლის გამათხელებელი სჭირდება თუ არა? რაღაც რისკ ჯგუფშია როგორ მოიქცე? კაციშვილი პასუხის გამცემი არაა! 48 საათი გადის უკვე, მარტო წევს სახლში, აზრზე არ ვართ არაფრის. არც საავადმყოფოში დაწვენას ვითხოვთ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას, უბრალოდ ტელეფონით ვინმემ კონსულტაცია გაუწიოს. 0 რეაქცია, 0 ყურადღება. ამდენი თვე იმას ვერ მოება თავი რომ ტელეფონით მაინც გაუწიო ადამიანს კონსულტაცია? რამე რომ გაურთულდეს ვინ აგებს პასუხს? მოეშვით პოლიტიკურ თამაშებს და აზრზე მოდით”, – წერს ელენე ხოშტარია.

საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად აქციები გაიმართა

პარიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აქციის მონაწილეებმა სამუელ პატის ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და საფრანგეთის ჰიმნით. აქციაზე ჩანდა პლაკატები სლოგანით "მე ვარ მასწავლებელი". აქციები გაიმართა ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგში, ნანტში, მარსელსა და ბორდოში. "თქვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვყოფთ. ჩვენ საფრანგეთი ვართ" - ასე გამოეხმაურა აქციებს საფრანგეთის პრემიერმინისტრი ჟან კასტექსი Twitter-ზე. 47 წლის ისტორიის მასწავლებელი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის პირმა 17 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა. პროკურორის განცხადებით, 18 წლის პირი პარიზში ცხოვრობდა და აქამდე სადაზვერვო სამსახურისთვის მისი ვინაობა ცნობილი არ იყო. დაკავებულია თავდამსხმელის ოთხი ახლო ნათესავი. დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მამა და, ასევე, მოსწავლის მამის ნაცნობი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილია. მასწავლებლის მიერ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებამ არაერთი მუსლიმი მშობლის რისხვა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ "შარლი ებდოს" რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ. 2015 წლის თავდასხმის შემდეგ "შარლი ებდოს" ოფისი საიდუმლო ადგილას გადავიდა. მას შემდეგ, რაც "შარლი ებდომ" თქვა, რომ მოციქული მოჰამედის კარიკატურებს ხელმეორედ დაბეჭდავდა, ალ-ქაიდას მხრიდან გამოცემის მიმართ მუქარა განახლდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო "შარლი ებდოზე" 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის დაწყების წინა დღეს "შარლი ებდომ" ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც 2015 წლის თავდასხმის მიზეზი გახდა. 25 სექტემბერს პარიზის ცენტრალურ უბანში, "შარლი ებდოს" ყოფილი ოფისის წინ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის გერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდამსხმელი პაკისტანიდანაა და საფრანგეთში სამ წლის წინ ჩამოვიდა. პარასკევს პარიზში მომხდარი დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის თქმით, მისი სამიზნე იყო სატირული გამოცემა "შარლი ებდო".

1192 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი - 18 ოქტომბრის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8060-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343. განაწილება ასეთია: ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში - 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში - 37, ქვემო ქართლში - 39, გურიაში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში - 13 და კახეთში კი 11“, - განაცხადა ენდელაძემ.

იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

იტალია კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი ზომების მიღების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. მისი თქმით, მერებს ექნებათ უფლებამოსილება, 21:00 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ადგილები დახურონ, გამკაცრდება რესტორნების გახსნის დროსა და იქ დასაშვები ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებული წესები. სკოლაში ცვლილებები ძირითადად უფროსკლასელებს შეეხებათ. სწავლა შედარებით გვიან დაიწყება და მეტწილად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ბარები და რესტორნები 00:00 საათზე დაიხურება, მაგრამ 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ მაგიდის მომსახურება დაიშვება. ამასთან, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იქნება. გარდა ამისა, შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდება ადგილობრივი კონფერენციები და ფესტივალები. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განმარტა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილებაა. "დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ახალი ზომები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი თავიდან ავიცილოთ," - განაცხადა კონტემ. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა. კერძოდ, ქვეყანაში შაბათს კვირას კოვიდ 19-ის 10 925, კვირას კი - 11 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 414 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 500 ადამიანი დაღუპულია.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათს დროებით თუნუქით გადახურავს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათს დროებით თუნუქით გადახურავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს და რომ დროებით გადახურვის პროექტიც არ არის სრულყოფილი. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, გელათის ტაძარი ზამთრის ნალექს ვერ გაუძლებს და საჭიროა ტაძრის საფუძვლიანად გადახურვა. ისინი ეჭვობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო თანხებს ზოგავს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე კრიტიკის პასუხად ფორმულასთან ამბობს, რომ კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების შეფასებით, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი. "დროებითი გადახურვა არის დროებითი გადახურვა. ჩვენ უარი ვთქვით ე.წ. კარვის პრინციპით გადახურვის მეთოდოლოგიაზე, რადგან ეს იქნებოდა დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა გელათის სტრუქტურაზე, რაც კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების საერთო შეფასებით არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ტაძრის სტრუქტურას დამატებითი დატვირთვა შეექმნებოდა. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა", - აცხადებს ბარამიძე.

პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა

ვატიკანში, პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული უკვე გადავიდა თვითიზოლაციაში. ასევე თვითიზოლაციაში გადავიდნენ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიც. ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად უტარდება. სულ ვატიკანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების 27 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 15 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ე.წ. „პრეზიდენტს“ ვირუსის იოლი ფორმა აქვს და საკუთარი „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დინა გასიევასაც დაუდასტურდა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, მინისტრი შესაძლოა ორშაბათს, ლუქსემბურგში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას დაინფიცირდა. „სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, მთავრობის ყველა წევს ტესტირება ჩაუტარდება. ვეჭვობთ, რომ შალენბერგი ორშაბათს, ლუქსემბურგში გამართული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრაზე დაინფიცირდა“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ექიმი ფაუჩი: მადლიერების დღის აღნიშვნისგან, წელს, თავი უნდა შევიკავოთ

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასურველია, ამერიკელებმა თავი შეიკავონ მადლიერების დღის ტრადიციული აღნიშვნისგან. ექიმი ფაუჩის თქმით, წელს, დიდი ოჯახური თავყრილობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა, შორი ადგილებიდან მოუწევთ მგზავრობა, არაა რეკომენდებული. ექიმის თქმით, ეს ვირუსის გავრცელების რისკებს გაზრდის. ტელეკომპანია CBS-სთან საუბრის დროს, ფაუჩიმ თქვა: "ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ ნათესავებზე, რომლებიც თვითმფრინავით აპირებენ მგზავრობას, რისკის ქვეშ დგებიან აეროპორტში, თვითმფრინავში, შემდეგ კი კარს აღებენ და ამბობენ: "გილოცავთ მადლიერების დღეს". ფაუჩი ამბობს, რომ ასეთ დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, უნდა მოერიდონ ისეთი ოჯახები, სადაც მოხუცები, ან სხვა, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან. თავად ფაუჩიმ, რომელიც 79 წლისაა, განაცხადა, რომ მადლიერების დღეს, შვილები მასთან არ ჩავლენ. ექიმის განმარტებით, ისინი სამ სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ და სახლში დასაბრუნებლად, თვითმფრინავით მოუწევთ გადაფრენა, რაც მისი აზრით, რისკის ფასად არ ღირს. ფაუჩის ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თქვა, რომ მცირე ტიპის შეკრებებიც კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. ცენტრის რეკომენდაციები ემთხვევა ექიმი ფაუჩის რეკომენდაციებს მადლიერების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, ეს დღესასწაული მხოლოდ ვიწრო წრეში, იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ. მადლიერების დღე, ამერიკაში 1621 წლიდან აღინიშნება. ნოემბერში, ამერიკელები იხსნებენ ევროპელი მოახალშენეების კონტიტენტზე ჩამოსვლას და პირველ უხვ მოსავალს. გადმოცემის თანახმად, მაშინ ახალმა მოსახლეებმა, ადგილობრივი მოსახლეობა, ინდიელი-ამერიკელები დაპატიჟეს, რათა მადლობა გადაეხედათ იმისთვის, რომ მოსავლის მოყვანა ასწავლეს. 1863 წელს, პრეზიდენტმა, აბრამ ლინკოლმა მადლიერების დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ამ დღეს ამერიკელები ისვენებენ და ოჯახთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავენ. ტრადიციული სუფრის განუყოფელი კერძი კი შემწვარი ინდაურია. ინდაური მადლიერების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თეთრ სახლში, 2 ინდაურს იწყალებს და დაკვლისგან გადაარჩენს ხოლმე.

958 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი – 17 ოქტომბრის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.

397 - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ თბილისში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან226 აჭარაში დაფიქსირდა, 397 კი თბილისში. მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. „აჭარაში- 226 ახალი შემთხვევაა, თბილისში- 397 , იმერეთში- 232, სამეგრელო ზემო სვანეთში- 27, შიდა ქართლში- 14, ქვემო ქართლში- 20, მცხეთა-მთიანეთში- 15, კახეთში-13 , სამცხე-ჯავახეთში არის- 8, გურიაში-6 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, მოსახლოებამ უნდა გაითავისოს რომ თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა. “ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ალბათ, საჭიროა განმეორება“, – აღნიშნა მან.

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ზე აქვეყნებს. განცხადებაში წერია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა რეკომენდაციების სრული დაცვით, კლასტერული პრინციპით მუშაობდა და ისევ შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. "ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის - მით უფრო პიროვნება რამდენიმე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანრთელობას ვუსურვებთ", - წერს კეკელიძე Facebook-ზე. დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა. ​NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.