საზოგადოება
ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
დღეს, 7 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად საქართველოს კანცელარიის შენობასთან მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შეასრულონ პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულება, დაიცვან საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. „ქართული მხრიდან, სუსის ერთჯერადი განცხადების მიხედვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მსგავსი მძიმე საქმის შემთხვევაში ერთჯერადი განცხადებები საკმარისი არაა – ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმს შეწირული ადამიანების სახელები“, – ამბობენ აქტივისტები. ოკუპირებული აფხაზეთის გალის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას აფხაზეთის დროშის დაწვას ედავებიან. ირაკლი ბებუა ვიდეოში ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა თავად არც აფხაზური დროშის საწინააღმდეგო აქვს რამე და არც აფხაზების, მისი თქმით, მას არ მოსწონს 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა სურს“. მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს დააკავეს, აფხაზეთიდან მიღებული ცნობით, ის გალშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სუს-ის განცხადებით, მათ უკანონო დაკავების ფაქტზე ინფორმაცია აცნობის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორებს, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
რუსეთში კორონავირუსის 11 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 202 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 248 619-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 202 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 21 900-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 995 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 6 699 - ბოლო 24 საათში. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.
ქართველი მსახიობის წარმატების გზა იტალიაში და რჩევა ახალგაზრდებს
26 წლის ქართველი მსახიობი, ლუკა ჩქოვანი, კანის კინოფესტივალის შემდეგ, ვენეციის ბიენალეზე გამოჩნდა. ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო. მისი სამსახიობო დებიუტი, ორი წლის წინ, ალიჩე რორვახერის ფილმში Lazzaro felice-ით შედგა. როგორც ის „ევროპათაიმს“ უყვება, რეჟისორმა სრულიად შემთხვევით, MTV-ის ეთერში ნახა, აგენტების საშუალებით მოძებნა და ფილმში მთავარი როლი შესთავზა. ვენეციის ბიენალეზე მსახიობი მოკლემეტრაჟიანი ფილმის Revenge Room-ის პრემიერით გამოჩნდა, რომელიც როგორც თავად ამბობს, ახალგზარდებისთვის აქტუალურ თემაზეა გადაღებული. “ფილმი Revenge Room საკმაოდ ღრმა აზრის მატარებელი პროექტია და განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლებისთვის, რათა გაზარდოს მათი მგრძნობელობა იმ ახალი მედიარეალობის მიმართ, რომლის წინაშეც ინტერნეტმა დაგვაყენა და რომელსაც ხშირად ჩვენი პირადი ცხოვრება ეწირება. ბოლო დროს, ინტერნეტში, არცთუ იშვიათად ვრცელდება გოგონების პიკანტური ფოტო თუ ვიდეომასალა, რომელსაც ძირითადად შურისძიების მიზნით, ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ. ფილმში, ჩემი გმირი, 18 წლის დავიდეც, ყოფილ შეყვარებულზე ბრაზდება, მსგავსი ტიპის ფოტოებს მეგობრებს უგზავნის და ეს ფოტოები ღია ინტერნეტსივრცეში ხვდება. თავდაპირველად, დავიდე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ერთხელაც ის ბნელ ოთახში, ერთგვარ გაურკვევლობაში იღვიძებს და ხვდება საულს, სულიერ გზამკვლევს, ირთვება 15 წუთიანი წამზომი, რა დროშიც ჩემმა პერსონაჟმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ცოდვები და მოინანიოს. ფილმი საკმაოდ მეტაფორულია და ბიბლიურ და სპირიტუალურ პასაჟებს შეიცავს.” ახალგაზრდა ქართველი, ჟურნალმა ELLE-მ ფესტივალის ყველაზე ლამაზ მონაწილეთა შორის დაასახელა, რაც მსახიობის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო. „ამას ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მივიღო შეფასებები, როგორც მსახიობმა და არა როგორც ლამაზმა ახალგაზრდამ, მაგრამ არ დავმალავ, გამიხარდა. წითელ ხალიჩაზე გავლის შემდეგ, ყველას ეშინოდა კრიტიკის და ასეთი შეფასებების მოსმენა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, გეტყვით რომ ასე ჩაცმული, როგორც კინოფესტივალზე ვიყავი, ხშირად არ დავდივარ. ჩემს გარდერობში ძირითადად ვინტაჟური, ან მეორეული ტანსაცმლის მაღაზიების სამოსია. ამჯერად, ჩემს ჩაცმულობაზე კარლო პინიატელიმ იზრუნა და ბედნიერი ვარ რომ პრესისა და ELLE-ს სიმპათია დავიმსახურე“. მსახიობს ხშირად აქვს საკუთარი ქვეყნის ნოსტალგია და ამბობს, რომ როცა საქართველოში ბრუნდება, ყოველ ჯერზე ყველაფერი უფრო ახლობელი, ბუნებრივი და ძლიერი ხდება, იქნება ეს მეგობრობა, სიყვარული თუ სხვა რამ. ყოველ ჯერზე უფრო მძლავრად გრძნობს, რომ ამ მიწას ეკუთვნის. “ბევრი მიმოგზაურია, გავეცანი ბევრ კულტურას და ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქართველები, ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ გარკვეულ ტრადიციებსა და ელეგანტურობას, იმის ფონზე როცა გლობალიზაცია “ანადგურებს” ქვეყნებს და ერთმანეთის მსგავსს ხდის“. იქნება თუ არა მისი რჩეული ქართველი, ლუკას პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა არც გამორიცხავს. “მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები და ის ელეგანტურობა, რომლის მატარებლებიც არიან ქართველი ქალები. მაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ ქართველი ქალი არასდროს ყოფილა დაჩაგრული. საქართველოში ქალები ყოველთვის ძლიერები და გამბედავები იყვნენ. ეს არის ის, რაც ქართველ გოგონებში მიყვარს. ვნახოთ რა მოხდება მომავალში, როდესაც სიყვარულზეა საუბარი, რთულია რაიმე გათვალო“. მსახიობი, იმ ახალგზარდებს, რომლებიც ახლა დგამენ მნიშნელოვან ნაბიჯებს, ურჩევს იყვნენ შეუპოვრები და არ დანებდნენ მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. “ახალგაზრდებს, მოვუწოდებ იყვნენ შეუპოვრები. ბევრს შეუძლია დაიწყოს წარმატებულად, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მიზნების ბოლომდე მიყოლა და ოცნების ახდენა. გჯეროდეთ ყოველდღიურად, გჯეროდეთ, სანამ არ მიაღწევთ მიზანს. ვიღაც შეიძლება სხვაზე ნიჭიერი დაიბადოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია და იგი სცდება იმ ჩარჩოებს, რომელსაც თანამედროვე სოციუმი გვიწესებს. საზოგადოებას ურჩევნია ერთი სქემის მიხედვით დაგვყოს და გვმართოს და როდესაც შენ ამ ჩარჩოებს გაარღვევ, ყველაფერს აკეთებს, რომ შეგაშინოს. გახსოვდეთ, რომ სწორედ იქ და მაშინ უნდა იბრძოლო. ხშირად, სირთულეები ჩვენს წინ, როგორც ბარიკადები ისე აღიმართებიან-ხოლმე. ჩემი რჩევაა, ეს დაბრკოლებები მიიღოთ ისე, როგორც ცხოვრებისეული გამოცდები, რომლის გადალახვის შემდეგაც, მორიგ საფეხურზე ახვალთ, უფრო ძლიერები და გამოცდილებით სავსენი. იყავით ბედნიერები, როდესაც სირთულეებს აწყდებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ადგახართ“. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ლუკა, ორ ახალ იტალიურ, კინემატოგრაფიულ და სატელევიზიო პროექტზე მუშაობს. იმედოვნებს, რომ მალე გამოსცემს ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტალურ ალბომს, რომელზეც ორი წელია მუშაობს და რომელიც ნეირომეცნიერულ კვლევაზეა დაფუძნებული. ის, მუსიკის სიხშირეების ნეირონულ აქტივობაზე ზეგავლენას ეხება. ნინა მამუკაძე, სპეციალურად "ევროპათაიმისთვის", იტალიიდან
BBC - კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ევროპის ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ევროპის ქვეყნებიახალ რეგულაციებს აწესებენ. გამოცემის ცნობით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 23:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა რესტორანი და ბარი დახურება. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ქუჩაში გასვლის დროს მოაქალაქეები ვალდებულები იქნებიან სახის დამცავი ნიღბები ატარონ. 9 ოქტომბრიდან ბელგიაში ოჯახის წევრების გარდა 3 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება. ჩეხეთის რესპუბლიკაში კი, გუშინ კორონავირუსის რეკორდული 4 457 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლება რეგულაციების თავიდან დაწესებას აპირებს.
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა.
ლინას ლინკევიჩუსი თვითიზოლაციაში გადადის
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხება ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დელეგაციასთან, რომლის რამდენიმე წევრს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ლინას ლინკევიჩუსმა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა, რომელიც ლიეტუვას 28-29 სექტემბერს სტუმრობდა. ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მისმა მეუღლემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრმა გუშინ კორონავირუსზე ტესტები ჩაიტარეს, თუმცა ყველას მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „ვაქცინა შეძენილია. ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი იმისა, რომ ისინი აცრილები იყვნენ. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ვაქცინაციას დავიწყებთ. საერთო ჯამში ჩვენ 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.
ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება
ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. მისივე თქმით, თბილისის ცენტრალური პარკიც ფონდის დახმარებით მოეწყობა. „საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დედაქალაქისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, ჩემი მერობის პირობებში, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისში შეიქმნას უფრო მეტი მწვანე სივრცე, გასართობი პარკი თუ რეკრეაციული ზონა, სადაც თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს ექნებათ დროის გატარების ძალიან კარგი და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა. მეტი მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, უფრო მეტი განაშენიანებული პარკი ნიშნავს მეტ სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ გარემოს, რაც, დამეთანხმებით, ჩვენს ქალაქს ნამდვილად სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და ეს გამოიხატება იმ პროექტების განხორციელებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა მთელი ქალაქის მასშტაბით. მზიურის განახლებული პარკი, რომელიც მართლაც ულამაზესია; გლდანში მეექვსე მიკრორაიონში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გაკეთებული პროექტი, ასევე, კიკვიძის პარკი რომელიც ყოველდღიურად დატვირთულია და იქ მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად სარგებლობენ და ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით. მათ შორის, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც დაწყებულია და ქალაქს ექნება ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ამ პროექტის სახით. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. აქ, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო ბოლოს განხორციელებული დენდროლოგიური პარკის პროექტი, რომელიც ულამაზესია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია”, – განაცხადა კალაძემ.
პრემიერი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის. დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა. საიტის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 52-მდე გაიზარდა.
"ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“
აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჯილს და მე კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა. ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“, - წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. I’m happy to report that Jill and I have tested negative for COVID. Thank you to everyone for your messages of concern. I hope this serves as a reminder: wear a mask, keep social distance, and wash your hands. — Joe Biden (@JoeBiden) October 2, 2020
ლეგენდარული ლიზა სიმონე "ალილოსთან" ერთად მღერის
ლეგენდარული ლიზა სიმონე "ალილოსთან" ერთად მღერის. ის საქართველოში, ფესტივალის Jazz & Wine Kakheti-ის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი, დღეს კახეთში ტარდება და ლიზა სამსონესთანერთად, მასში მონაწილეობას ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო მიიღებენ.
საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7564-ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ალექსანდრ ანქვაბი - ეპიდემიასთან გასამკლავებლად, შესაძლოა, ძალები არ გვეყოს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პრემიერ-მინისტრის“ ალექსანდრ ანქვაბის თქმით, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის კორონავირუსის ეპიდემიას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, თუკი მისი ზრდის ტემპი მოიმატებს. მან ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყანა ვირუსოლოგების, ინფექციონისტების, რეანიმატოლოგებისა და სხვა პროფილის ექიმების მწვავე დეფიციტს განიცდის“. „რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარების გათვალისწინებითაც კი, დაავადების რიცხვის სერიოზული ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, ძალები არ გვეყოს,“- აღნიშნა ანქვაბმა. ცნობისათვის, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის 1 525 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 12 ადამიანი.
რუსეთში, ჟურნალისტმა ირინა სლავინამ, პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა
რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განყოფილების წინ თავი დაიწვა. შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულს წინ ჩხრეკა მის ბინაში უძღოდა, რომლის დროსაც, სლავინას ფეისბუქ პოსტის თანახმად, პოლიცია მისი ოპოზიციასთან კავშირის მტკიცებულებებს ეძებდა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა: “გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ”. სლავინა ადგილობრივი გამოცემის, “Koza Press”-ის რედაქტორი იყო, რომელიც თავს წარადგენდა დამოუკიდებელ, ცენზურისაგან თავისუფალ გაზეთად. დაღუპვამდე 1 დღით ადრე, სლავინა წერდა, რომ პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა, რა დროსაც ეძებდნენ ოპოზიციური მოძრაობის, “ღია რუსეთის” ბროშურებსა და ანგარიშებს. აღნიშნული ორგანიზაცია პუტინის კრიტიკოსის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ ფინანსდება. სლავინა აღნიშნავდა, რომ წაიღეს ტექნიკა, მათ შორის, მისი ქალიშვილის ლეპტოპი და ქმრის მობილური. რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სლავინა ზეწოლის ქვეშ იყო ხელისუფალთა მხრიდან. ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განცხადებით, ის იძიებს განყოფილების წინ ქალის მიერ თავის დაწვის ფაქტს. უწყებას არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა.
პრეზიდენტი კარტერი 96 წლის გახდა
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 96 წლის გახდა. ჯანმრთელობის პრობლემებმა და პანდემიამ მისი საქმიანობა საგრძნობლად შეზღუდა. ის ეკლესიაში წირვებს ვერ ესწრება და ვეღარც საკვირაო სკოლაში ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ კვლავ ჩართულია კარტერის ცენტრის ჯანდაცვისა და სამშვიდობო პროექტებში და ტელეფონით გამუდმებით ელაპარაკება დონორებს. ყოფილი პრეზიდენტი და ქალბატონი კარტერი თვალს ადევნებენ საარჩევნო მარათონს. ისინი ჯო ბაიდენს უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ შორეულ 1976 წელს ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ კარტერს მიემხრო. კარტერის ცენტრი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების მონიტორინგის დიდი გამოცდილება აქვს, არსებობის ისტორიაში პირველად, 3 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება.
ამირან გამყრელიძე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. აღნიშნულის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც”, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება. „ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოვლეგარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 7093; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3714; მათ შორის გარდაცვლილი - 46; კარანტინის რეჟიმში - 5392; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი გააკრიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თუ რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე არ დათანხმდება პირდაპირ საქართველოსთვის ან ევროპის საბჭოს შუამავლობით თანხის გადახდაზე, მაშინ 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნება შუალედური რეზოლუცია, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი პროცედურული ნაბიჯია. „სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა. ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით დაიფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია, ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კი 1.02 მილიონს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული. მსოფლიოში ინფიცირების ყველა მეტი 7.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 6.3 მილიონი შემთხვევით იკავებს. მე-3 პოზიციაზე კი ბრაზილიაა 4.8 მილიონი ინფიცირებულით. რაც შეეხება ვირუსის მსხვერპლს, კორონავირუსის ფატალური შემთხვევებით კვლავ აშშ ლიდერობს 212 000 გარდაცვლილით. მე-2 და მე-3 პოზიციებს კი ისევ ბრაზილია და ინდოეთი იკავებენ.
საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7093 -ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვირუსისგან გარდაცვლილია 43 ადამიანი. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.