საზოგადოება
საია იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - საუბარია 2263 საარჩევნო უბანზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 3111 საარჩევნო უბანი გახსნა. საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრები უკვე წარუდგინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველია, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. „საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე. ის ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციამ 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, რამდენიმე ასეული დარღვევა დააფიქსირა. მისიას ჯამში წარდგენილი აქვს: 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე; კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა; გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციული უბნის შედეგების გაბათილება; 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა; 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ცესკოს განმარტებით, ხმის ფარულობა დაცული იყო მაშინაც კი, თუ მონიშვნა მეორე მხრიდან ჩანდა შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა
მედიაომბუდსმენმა 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა - ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით, - ამის შესახებ მედიაომბუდსმენის შეფასებაშია აღნიშნული. მისივე ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა სულ მცირე 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ. “2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი. საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს. ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული. თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა. აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა,“ - წერია ინფორმაციაში.
პრორუსული „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს
პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს. „იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ,“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს. გადაწყვეტილებას „ალტ-ინფოს“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად. პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ია
10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ს შეადგენს. ინფორმაციას ენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12.09 %, ყველაზე დაბალი კი, გურიაში – 7.65%. რეგიონების მიხედვით, პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია – სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.23%, აჭარა – 7.81%, თბილისი – 10.07%, კახეთი – 10.05%, მცხეთა-მთიანეთი – 10.42%, ქვემო ქართლი – 8.47%, შიდა ქართლი – 9.66%, სამცხე-ჯავახეთი – 8.75%, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი – 12.09%, იმერეთი – 8.12%, გურია – 7.65%. ცნობისთვის, არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი (61.3%) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა - საარჩევნო უბნებზე 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს
კანონით დადგენილი რა აკრძალვები შევიდა დღეს ძალაში
“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს
როგორია ხმის მიცემის პროცედურა
26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. ნახეთ ვიდეოინტრუქცია, თუ როგორ უნდა მისცეთ ხმა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს
საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ „დღეს უმთავრესი მიზანი ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, მეორე მხრივ კი ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობის შენარჩუნებაა.“ „დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა,“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.
მთავრობამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, არჩევნების წინა დღე უქმედ გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. 3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება,“ - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება
ბათუმში, 17 ოქტომბერს, 18: 00 საათზე ( მაზნიაშვილის ქუჩა #47) „პროსპეროს წიგნების“ ფილიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება და 25 წლის იუბილე აღინიშნება. „პროსპეროს წიგნების“ იუბილეზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს მსოფლიო ლიტერატურის, „პროსპეროს ყავის“ და მაღაზიაში არსებული ყველა ნივთის შეძენას. იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, სიტყვით გამოვლენ: პროსპეროს წიგნების დამფუძნებლები: სტივენ ჯონსონი, თამარ მეგრელიშვილი - ჯონსონი, მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას დაესწრებიან: მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მწერლები, სხვადასხვა წიგნის ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. „პროსპეროს წიგნები“ განათლებისა და ცოდნის დანერგვასთან ასოცირდება. „პროსპეროს წიგნები“ 1999 წლიდან არსებობს საქართველოში და ერთადერთი წიგნების მაღაზიაა მსოფლიოში, რომელიც ინგლისური მხატვრული თუ სასწავლო ლიტერატურის გარდა, საკუთარ ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით იხალება და განსხვავებულ არომატს ტოვებს. პროსპეროს სახელის შექსპირის ნაწარმოების - „ქარიშხალი“ მიხედვით შეირჩა და ის ერთგვარია ხიდია სამშობლოს მონატრებული ვიზიტორებისთვის. შემეცნებითი ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და სხვადასხვა ავტორებთან შეხვედრების ორგანიზებით, პროსპეროს წიგნები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და ლიტერატურის უკეთ გაცნობას; საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას, მოზარდებში, სტუდენტებში მსოფლიო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სალიტერატურო სიახლეების გაცნობას,“ აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ბერძნულზე, გამოცდის ჩაბარების გარეშე გახდა შესაძლებელი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.
2023 წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა
2023 წელს, ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას.“ ევროკავშირის წარმომადგენლობის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, მხარდაჭერა მიიღო საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა. აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს. ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული: ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად. ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას. ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის. 2023 წლის მთავარ მიღწევებს შორის ევროკავშირი შემდეგ მონაცემებს გვაწვდის: საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში 36,973 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით 458-მა მცირე და საშუალო საწარმომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა 17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხი 371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა5%-ით გაიზარდა “ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80,000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა,“ – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციითმ, EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი წლების განმავლობაში წარმატებით უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს და აძლიერებს მათ. ამაზე ინიციატივის შედეგებიც მეტყველებს, კერძოდ, 2021-დან 2023 წლამდე: ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი შემოსავლის სახით მიღებულ იქნება დამატებით 550 მილიონი ევრო. „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას,“ აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ასევე წაიკითხეთ: EU4Business-ის 2023 წლის ქვეყნის ანგარიში: საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღო არსებით განხილვაში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღოს არსებით განხილვაში. 4 ოქტომბერს მომზადებულ საოქმო ჩანაწერი დღეს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე,“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მისივე თანახმად, „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.“ სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი. განახლება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეები განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.წ. აგენტების კანონის სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა. კერძოდ, ამაში გულისხმობენ ორგანიზაციების, მათ შორის მედია ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე [მედია] ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას. „სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ნეგატიური კონოტაციის სახელით რეგისტრაციის ვალდებულებით, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაცია და ხელი შეეშალოს მათი საქმიანობის განხორციელებას. გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას. ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება გამორიცხავს უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელით ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც არსებითად შეამცირებს სადავო ნორმების მასტიგმატიზებელ პოტენციალს," - განმარტავენ მოსამართლეები. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია. აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში გადაიტანენ, შემდეგ კი, წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ცნობისთვის, უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად 11 ივნისს შეიძინა. აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.
ისრაელში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული. ისრაელის პოლიციამ დაადასტურა, რომ თელ-ავივში სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, კიდევ რამდენიმე დაშავდა - ზოგი მძიმედ - როდესაც შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა თელ-ავივის ნაწილ, ქალაქ იაფის ტერიტორიაზე. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. პოლიციამ განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და კიდევ ერთი დანით შეიარაღებული თავდამსხმელი "განეიტრალებულია.“ როგორც BBC წერს, სროლა ირანის სარაკეტო თავდასხმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
28 სექტემბერს, ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან ნოზაძეს დელეგატებმა ერთხმად, 45 ხმით დაუჭირეს მხარი. აქამდე ის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი იყო. ლევან ნოზაძემ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ათაბეგაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ფედერაციაში 2018-2024 წლებში იკავებდა. დელეგატებმა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად სლავა შერაზადიშვილი აირჩიეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე - ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას ირინე გულიაშვილი დაიკავებს. ლევან ნოზაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
უკრაინამ ომის გამო, ონლაინ ქორწინების სერვისი დანერგა
ოლჰა შევჩენკოსა და მიკიტა პუხკანის ქორწილი უკრაინაში, სექტემბერში უნიკალური იყო. ეს არის პირველი წყვილი, რომელიც უკრაინის მიერ შემუშავებული Diia მობილური აპლიკაციის საშუალებით დაქორწინდა. „ცოტა უჩვეულო ჩანდა ეს სერვისი, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ,“ - განუცხადა შევჩენკომ Kyiv Independent-ს. „დაქორწინებას ვგეგმავდით. შეიძლება, წელს არა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ.“ ამბობს შევჩენკო. შევჩენკო და პუხკანი კაფეში, ქალაქ იზმაილში, სამხრეთ ოდესის ოლქში ისხდნენ. მათ მოუსმინეს რეგისტრატორს, რომელიც ცერემონიას ატარებდა ვიდეოს საშუალებით, შემდეგ კი, ქორწინების დასადასტურებლად, ხელი ციფრულ ფორმატში მოაწერეს. „ცერემონია იყო სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება და ელექტროენერგიაც ითიშებოდა მთელი დღის განმავლობაში,“ - ამბობს შევჩენკო. ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მონაცემებით, 20 სექტემბრის მდგომარეობით, ონლაინ 251 წყვილი დაქორწინდა, 3200-მა კი, ქორწინების თხოვნით ონლაინ განაცხადი გააკეთა. დაფიქსირდა თითქმის 830,000 წინადადება, 106,000 ადამიანმა თქვა - "დიახ." Diia მობილური აპლიკაცია ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ 2020 წელს შეიმუშავა. ოფიციალური პირების თქმით, აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობით, 130 სერვისს 20 მილიონზე მეტი უკრაინელი იყენებს. ადამიანებს შეუძლიათ, მიიღონ სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის, პასპორტი, მართვის მოწმობა ან მანქანის რეგისტრაცია. კიდევ ერთი სერვისი - ოფიციალურად დაქორწინდა, სერვისს მიმდინარე წლის სექტემბერში დაემატა, რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ და უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ასეთი პრაქტიკა აქვს. უკრაინაში ონლაინ ქორწინება აუცილებლობის გამო დაკანონდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თითქმის მილიონი ადამიანი იცავდა ქვეყანას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში ქორწინებების რაოდენობამ 222 890-ს მიაღწია 2022 წელს, რაც წინა ორ წელზე მეტია. მაგრამ 2023 წელს ქორწინებების რაოდენობა 186051-მდე შემცირდა და განქორწინებები გაიზარდა. Opendatabot-ის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში უკრაინაში ახალი ოჯახების რაოდენობა 1,6-ჯერ შემცირდა.
Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა 4 000 ლარით და ამასთან, დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით. შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გასულ წელს, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ წერდა, რომ „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლიდა. რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა (არქივი) კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯ ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია, 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს.
საია და "სამართლიანი არჩევნები" ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ
არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპას" დირექტორები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად" ცხადდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება, იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. "სამართლიანი არჩევნების" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო გაუმართლებლად ფართოდ განმარტავს კანონს და აჩენს სახელმწიფო უწყების მხრიდან მანდატის თვითნებურად გამოყენების საფრთხეს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ "ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. ისინი მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი მანდატის ფარგლებში. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. განცხადებული საარჩევნო მიზანი კი, ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ." გამომდინარე იქიდან, რომ არც ეკა გიგაურს და არც ხათუნა ლაგაზიძეს არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ, საია და "სამართლიანი არჩევნები" თვლიან, რომ ისინი არ შეესაბამებიან "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" კანონით განსაზღვრულ დეფინიციას. ორგანიზაციები საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებსაც, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მისიის ორგანიზებას გეგმავს. "ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად. სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს," - წერენ ორგანიზაციები. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება კოალიცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" და ის ბიუროს გადაწყვეტილებას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს. „ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის. მეტიც, ამ განმარტებით პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება ყველა ის მიზანი, რასაც არასამთავრობოები ემსახურებიან - იქნება ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ პირების ინტერესების დაცვა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვა. ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს," - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ეს ორანიზაციები ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპას" დირექტორებმა ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის." იმ შემთხვევაში, თუკი ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ბიუროს კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, მათ შესახებ სასურველი ინფორმაცია სასამართლო განჩინების საფუძველზე მიიღოს ბანკებიდან. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებაშია ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს.
Meta RT-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიაქსელებს კრძალავს
Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიაქსელებს აკრძალავს. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის მცდელობა“ დაასახელა. „ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებულ სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო,“ - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება. Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში. RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. მანამდე, ვაშინგტონმა კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი RT და მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებით აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის და მისდამი ნდობის შერყევის მცდელობაში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა
ომბუდსმენი: სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება, განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. „პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს,“ - წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია