მთავარი

მოლდოვის რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი - რამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე

მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერებმა 13 596 ხმით გაიმარჯვეს. „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა დადებითად უპასუხა. 49.54-მა - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. მედია წერს, რომ ეს დადებითი შედეგი დიასპორამ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალ კიშინიოვში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მასშტაბით, უბნების 85%-ის მონაცემების დათვლის შემდეგ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის შიგნით მდებარეობს, პასუხის - "დიახ" მხარდაჭერა მხოლოდ 45%-ს ოდნავ აღემატებოდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, შედეგი ევროპელული ინტეგრაციის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც უცხო ტერიტორიებიდან დაიწყო მონაცემების მოწოდება, სადაც პროევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა ცხოვრობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. ყველაზე პრორუსულ რეგიონ გაგაუზიაში - რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხი 95%-მდე ამომრჩეველმა გასცა. კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ პუნქტს საზღვარგარეთ მხარი ამომრჩეველთა 76,96%-მა - 181254-მა მოქალაქემ დაუჭირა, წინააღმდეგი კი, ამომრჩეველთა 23,04%-მა - 54249 მოქალაქემ იყო. საერთო ჯამში, რეფერენდუმში ხმა 1 488 874-მა მოქალაქემ მისცა. მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ კრემლშიც, კერძოდ, პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი მტკიცებით, „ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე.“ „ეს ყურადღებას იპყრობს,“ ამბობს პესკოვი. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით.“ მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და განაცხადა, რომ ეს არის „სირცხვილი.“ შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

მოლდოვა: რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირეს მხარი, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი სანდუ ლიდერობს, გაიმართება მეორე ტური

„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა (751235ხმა) დადებითად უპასუხა. 49.54-მა (737639 ხმა) - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. (მასალა განახლდა საბოლოო მონაცემებით). რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ქვეყანას ევროპული მომავალი სურს. მან მოლდოვას და სანდუს წარმატება მიულოცა. „მოლდოველმა ხალხმა თქვა: ჩვენი ევროპული ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში აისახება. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლის ასაშენებლად,“ დაწერა თავის მხრივ, მაია სანდუმ X-ზე. ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, ქვეყნის ტეროტორიაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -  გაგაუზიაში დაფიქსირდა (ავტონომიური რეგიონი, რომელსაც პრორუსი ხელმძღვანელი ჰყავს) (5,16%), ტარაკლიას (13,15%), ოკნიციას (21,06%), დონდუშენის (271,6%) და ბრიჩენის რაიონში (28,63%). %). ევროინტეგრაციას ყველაზე მეტად დაუჭირეს მხარი იალოვენის რაიონში (67,70%), სტრასენის რაიონში (62,37%), კალარაშის რაიონში (60,46%), კრიულენის რაიონში (60,20%).     ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. რიშკანის სექტორში (კიშინიოვის მუნიციპალიტეტი) ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 53.03%-მა (34617) "დიახ", 46.97%-მა კი "არა" (30667) დააფიქსირა. ხსენებულ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ცენტრუს სექტორში ერგო: 58.30% (25913). რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დათვლილია ხმების 99,73%. პროევროპელმა მაია სანდუმ 42,45% მიიღო და მე-2 ტურში მისი მეტოქე იქნება პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც ამომრჩეველთა 25,98%-მა დაუჭირა მხარი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო. „არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმას, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოლდოვiს რესპუბლიკა ჰიბრიდულ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტია ქვეყნის ევროპული კურსისთვის,“ ამბობს მოლდოვის ელჩი რუმინეთში ვიქტორ ჩირილა. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი. სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა. „ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას. ასევე წაიკითხეთ: ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი  

NATO მრავალეროვნული თანამშრომლობის ხუთ ახალ ინიციატივას იწყებს

NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა პარასკევს, 18 ოქტომბერს ორდღიანი მოლაპარაკებები დაასრულეს - მათ დაადასტურეს საკუთარი ვალდებულება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის, აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისა და ალიანსის შეკავებისა და თავდაცვითი ძალების გაძლიერების შესახებ. „ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება ამ ალიანსის მთავარი პრიორიტეტია, რადგან ჩვენი ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება NATO-ს ყველაზე წმინდა მოვალეობაა,“ - განაცხადა NATO-ს  გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შეხვედრის შემდეგ. ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გენერალურმა მდივანმა დაასახელა თავდაცვის უფრო დიდი სამრეწველო შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები და ახალი ტექნოლოგიები.  ხუთშაბათს (17 ოქტომბერს) NATO-ს თავდაცვის მინისტრებს პირველად შეუერთდნენ მათი კოლეგები ავსტრალიიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან და ახალი ზელანდიიდან, რათა დისკუსია გაემართათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინის კონტექსტში და იმაზე, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას. NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან და ასევე, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ორდღიანი შეხვედრის პირველ სესიაზე თავდაცვის მინისტრები გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ, რომელშიც პირველად შედიოდნენ პარტნიორები - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა, ასევე, ევროკავშირი. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აშკარა ნიშანი საერთო გამოწვევების ფონზე,“ განაცხადა მარკ რუტემ. მინისტრებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა კიბერთავდაცვის, თავდაცვის წარმოებისა და ინოვაციების გასაძლიერებლად; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტის. ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ერთად უკრაინის მხარდასაჭერად. „უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ევროპაში არასტაბილურობას შეიძლება, ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები მთელ მსოფლიოში, და რომ ათასობით მილის მოშორებით მდებარე ქვეყნები - ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც კი - შეიძლება, იქცნენ უსაფრთხოების გამოწვევად ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სამყარო მჭიდროდ არის დაკავშირებული - და ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა რუტემ, რომელიც ამ თვის დასაწყისში თანამდებობის დაკავების შემდეგ, NATO-ს თავდაცვის მინისტრების პირველ შეხვედრას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-უკრაინის საბჭოზე შეუერთდა მინისტრებს და ომის დასრულების გეგმა წარმოადგინა. თავდაცვის მინისტრებს შორის დისკუსია ფოკუსირებული იყო უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე, მათ შორის, აღჭურვილობასა და წვრთნაზე. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კარგად მიმდინარეობს მუშაობა NATO-ს ახალი სარდლობის შესაქმნელად, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უსაფრთხოების დახმარებას და წვრთნას უკრაინაში და შეასრულებს დაპირებას 40 მილიარდი ევროს სახით სამხედრო დახმარების სახით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ, შეუქცევადია. „უკრაინა NATO-ს წევრი იქნება, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს და ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა რუტემ. გენერალური მდივანი უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ადასტურებენ ერთგულებას, შეასრულონ თავიანთი ფინანსური დაპირება 40 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების შესახებ, რაც გამოიხატება 20,9 მილიარდი ევროს გამოყოფაში ამ წლის პირველ ნახევარში. რუსული თვითმფრინავების მიერ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ალიანსის პრიორიტეტად რჩება. მან ყურადღება გაამახვილა 17 ოქტომბერს რუმინეთში საჰაერო სივრცის დარღვევაზე და დაადასტურა  NATO-ს სოლიდარობა რუმინეთისადმი, შეაქო ბუქარესტის ხელისუფლება "მათი სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის." ეს ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ NATO მის აღმოსავლეთ ფლანგზე აძლიერებს მეთვალყურეობას. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ასობით თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავსა და საჰაერო თავდაცვის სისტემას ყიდულობენ. 17 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ NATO ხუთ ახალ მრავალეროვნული თანამშრომლობის ინიციატივას იწყებს. მისი მიზანი შეკავების და თავდაცვის გაძლიერებაა. NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს მოკავშირეებმა ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. პირველი ინიციატივის მიზანია, დააჩქაროს ახალი თაობის დისტანციური პილოტირებადი თვითმფრინავების სისტემების (RPAS) მიწოდება - როგორიცაა, ალიანსის სახმელეთო ზედამხედველობა (AGS) - მრავალეროვნული თანამშრომლობის გზით. პროექტი ცამეტმა მოკავშირემ (ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი. გაერთიანებული სამეფო) დაიწყო. NATO ზახს უსვამს, რომ RPAS ფლოტები აუცილებელია მთელი რიგი როლებისა და მისიებისთვის, მათ შორის ერთობლივი დაზვერვის, სათვალთვალო და დაზვერვისა და ელექტრომაგნიტური ომის ჩათვლით. მეორე ინიციატივა მიზნად ისახავს მოკავშირეთა ძირითადი საარტილერიო საბრძოლო მასალის თავსებადობის გაზრდას. 15 მოკავშირის - ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების პირველადი წვლილით პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო ტესტირებისა და სერტიფიცირების მექანიზმების ჰარმონიზაციას. ის ასევე ხელს შეუწყობს შესაბამისი სტანდარტების განახლებას და ხელს შეუწყობს მათ მიღებას. Distributed Synthetic Training Environment პროექტი აყალიბებს ჯარისკაცებისთვის მოწინავე და მრავალეროვნული მომზადების შესაძლებლობების ქსელს. NATO-ს თვრამეტი ქვეყანა შეუერთდა პროექტს: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. მრავალეროვნული მიზნებისთვის ეროვნული სიმულირებული ტრენინგის შესაძლებლობების გამოყენებით, პროექტი მოიტანს უზარმაზარ საოპერაციო სარგებელს. NATO ორი ახალი პროექტით კიდევ უფრო აძლიერებს ძალისხმევას მოკავშირეთა მიერ კოსმოსური ტექნოლოგიების მიწოდების მხარდასაჭერად. NORTHLINK-ის მეშვეობით 13 მოკავშირე - კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და შეერთებული შტატები შეისწავლიან უსაფრთხო, გამძლე და საიმედო მრავალეროვნული არქტიკული თანამგზავრული კომუნიკაციების შესაძლებლობას. STARLIFT-ის ინიციატივით კი, 14 ქვეყანა - ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები გამოიკვლევენ NATO-ს კოსმოსში წვდომისა და გამოყენების გზებს, რათა გაუმკლავდნენ მთელ რიგ გამოწვევებს, რომლებიც მოდის კოსმოსიდან. STARLIFT შეიძლება, დაეხმაროს მოკავშირეებს აქტივების გაშვებაში მოკლე დროში, წინასწარ განლაგებული სათადარიგო ხომალდის მანევრირებაში და კრიზისის ან კონფლიქტის დროს კომერციული პარტნიორებისგან მონაცემების შეძენაში. შემდგომი ნაბიჯები ასევე გადაიდგა ორ პროექტზე მუშაობის წინსვლისთვის, რომელიც უკვე დაწყებულია: შემდეგი თაობის Rotorcraft Capability-სა (NGRC) და NATO-ს ტრანსსასაზღვრო საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის მიმართულებით. NGRC ინიციატივა, რომელიც 2020 წელს დაიწყო და NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს, შეცვალოს საშუალო მრავალფუნქციური შესაძლებლობები, რომელიც მათ სასიცოცხლო ციკლს 2035 წელს და მის შემდგომ ასრულებს. ამ მიმართულებით ვალდებულებას საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი იღებენ. NATO-ს ტრანსსასაზღვრო საჰაერო სივრცის ინიციატივას დანია, გერმანია, ისლანდია და პორტუგალია შეუერთდნენ. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 20 წევრ ქვეყნამდე გაიზარდა. პროექტი, რომელიც პირველად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობას NATO-ს წვრთნების, ტრენინგებისა სხვა საჰაერო აქტივობებისთვის ევროპის რამდენიმე რეგიონში.  

მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს

17 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. „რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშაა. გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მიმართულება (Drift) გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და სადაც ქართველ ხალხს თავისი აზრის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს,“ განაცხადა მაკრონმა. უფრო ადრე, ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „თუ საქართველოს სურს, განაახლოს თავისი ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარის თარგამანიც საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.  

„მსგავსი მოქმედების კურსი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“ - ევროპული საბჭოს დასკვნა

ევროპული საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი ასეთია: 45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. 46. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროპული საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს. 47. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს. 48. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა.

ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმის რადაში წარდგენისას, საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პარლამენტში წარსდგა. მან რადას გამარჯვების გეგმა წარუდგინა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური გზებით დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს, უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებს დათანხმდეს. უკრაინის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში საქართველოც ახსენა.  „დღეს მინდა, პირველად წარმოვადგინო ეს გეგმა საჯაროდ. მე მოგმართავთ ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის... „ჩვენ თუ მივყვებით ამ კონკრეტული გამარჯვების გეგმას, ომის დასრულება შესაძლებელია არაუგვიანეს მომავალი წლისა. ყველა ჩვენგანს, ვინც ომის ტკივილს განვიცდით, გვესმის, რომ სახელები, როგორიცაა, პოკროვსკი, ვოვჩანსკი, ხარკოვი, სუმი, ორიხივი, ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, მხოლოდ უკრაინის ბედს არ ეხება. არამედ სხვა ქვეყნების - ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედსაც. ფინეთსაც. ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც. ბალკანეთს, შუა აზიის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვას, მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებს, რომლებიც ჩვენგან შორს არიან, მაგრამ ძალიან ახლოს არიან ჩვენს პარტნიორებთან - ეს მოიცავს ლიბიას, სირიას და საჰელის რეგიონის ქვეყნებს. უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, რა მოხდება მსოფლიოში. რუსეთსა და მის თანამზრახველებს სურთ მეტი ომი. ეს ფაქტია. ამჟამად, ჩვენი პარტნიორებისთვის, უკრაინის დახმარება ნიშნავს მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას. თუ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, სამშვიდობო სამიტზე და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდება, ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შეაკავებს. თუ პუტინი მიაღწევს თავის გიჟურ მიზნებს - გეოპოლიტიკურ, სამხედრო, იდეოლოგიურ და ეკონომიკურს - ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შორის, განსაკუთრებით, ყურის რეგიონში, ინდო-წყნარ ოკეანესა და აფრიკაში აბსოლუტურ შთაბეჭდილებას შექმნის იმის შესახებ, რომ აგრესიული ომები შეიძლება, მომგებიანი იყოს. სწორედ ამიტომ, მომავალი ათწლეულების ბედი, უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად, ჩვენი გლობალური კოალიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. ჩვენთვის სრულიად ლეგიტიმურია, რომ ჩვენს პარტნიორებს მივმართოთ მხარდაჭერისთვის,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და ჩამოთვალა გამარჯვების გეგმის ხუთი პუნქტი. პირველი პუნქტი გეოპოლიტიკურია. მეორე და მესამე პუნქტები - სამხედროა. მეოთხე პუნქტი არის ეკონომიკური. გამარჯვების გეგმის მეხუთე პუნქტი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. კერძოდ, პირველი არის უკრაინის NATO-ში მიწვევა ომის დასრულებამდე. მეორე პირდაპირ ეხება სამხედრო ოპერაციებს. ზელენსკის თქმით, აუცილებელია „ომის რუსეთში დაბრუნება“, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელებას რუსეთის ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით შეტევებზე და ასევე უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და დრონები. მესამე პუნქტი არის სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განთავსებას. ამან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რუსეთი აიძულოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს საომარი მოქმედებების გაგრძელების მიუღებელი შედეგების გამო. გეგმის მეოთხე პუნქტი უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების - კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას. მეხუთე პუნქტი არის უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ლაპარაკია ევროპაში ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით ჩანაცვლებაზე. ზელენსკის თქმით, გეგმაში არის სამი საიდუმლო დამატება და მას საჯაროდ არ უსაუბრია მათზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელი მოკავშირეები გეგმას „პრაქტიკულად“ მიუდგნენ და ახლა მის კონკრეტულ დეტალებს სწავლობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.

აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

Europetime-ს აშშ-ის ევროპულ სარდლობაში (USEUCOM) განუცხადეს, რომ „საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში ჩართვის გზით.“ ამით აშშ-ის ევროპულ სარდლობაში უპასუხეს Europetime-ის შეკითხვას, რა კონტექსტში განიხილებოდა საქართველო და როგორ ფასდება ქვეყნის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მხრივ. საუბარია რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას მიეძღვნა. აშშ-ის ევროპულ სარდლობაში ხაზს უსვამენ, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს უსაფრთხოების სფეროში მტკიცე კავშირები აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან." „NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში მონაწილეობით, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს ენერგეტიკული მარშრუტების დაცვა და უსაფრთხოების გამოწვევები გადაჭრას, ეს პარტნიორობა NATO-სა და ევროპას სარგებელს მოუტანს, რადგან ის ეფუძნება სანდო პარტნიორობას, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საერთო ღირებულებების დაცვას ხელს უწყობს,“ - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობიდან Europetime-ისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიზნით, 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM), ელჩებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიები და შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული სტრატეგია ახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა და დაადასტურა, რომ აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „გონივრულად მოგვიწოდებდნენ, გვქონდეს უფრო ორიენტირებული შავი ზღვის სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და მე ამ კვირაშიც გავმართე შეხვედრა, რათა მესაუბრა იმაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამდენად, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“  ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, გათხევადებული გაზის (LNG) ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ როგორც ცნობილია, „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს ყველა აღნიშნული აქტორისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.“ თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დაადასტურა, რომ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შტატები საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. „ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სწორედ რუმინეთში გამართულ შეხვედრას მიუძღვნა. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი სამხედრო მომზადების რეგიონულ ჰაბად ვითარდება - NATO

საქართველომ და NATO-მ 17 სექტემბერს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) გაიმართა. მას ესწრებოდნენ NATO-სა და საქართველოს ოფიციალური პირები. ცერემონიაზე იმყოფებოდა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანიც. მან ხაზი გაუსვა, რომ SNGP არის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფლაგმანი, ისაუბრა მის ევოლუციასა და მიღწევებზე. მან ასევე ახსენა NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ალიანსში საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ NATO-ს ძირითადი ღირებულებების ერთგულების მნიშვნელობას. ბურჯუ სანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე - მოსკოვის სხვა მავნე და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. ალიანსის შეფასებით, 2014 წელს NATO-ს უელსის სამიტზე მიღების შემდეგ, NATO-საქართველოს არსებითმა პაკეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მისი მედეგობისა გაძლიერებაში, ამ პაკეტის საშუალებით, ხელი შეეწყო ქართველი ძალების შესაძლებლობებს, რომ მათ ეფექტიანად იმოქმედონ მოკავშირეთა ჯარებთან ერთად. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ SNGP არის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ქვაკუთხედი და აახლოებს საქართველოს ალიანსთან. მან ხაზი გაუსვა ხელშესახებ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. მინისტრმა მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერისა და წვლილისთვის, NATO-ს მიმართ მადლიერება გამოხატა. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ნორბერტ ვაგნერმა ხაზი გაუსვა SNGP-ის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის. NATO ხაზს უსვამს SNGP-ის სამ მთავარ მიღწევას. პირველი: შესყიდვის ინიციატივის წარმატებით დასრულება 2023 წლის დეკემბერში. 2015 წელს დაწყებული ეს ინიციატივა დასრულდა საქართველოს პარლამენტის მიერ შესყიდვების შესახებ ახალი კანონების მიღებით, რომლებიც 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ინიციატივამ უზრუნველყო თანამედროვე, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული თავდაცვისა და უსაფრთხოების შესყიდვების სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მეორე: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) შეიქმნა და განვითარებას განაგრძობს. NATO-ს აკრედიტაციის მიღების შემდეგ, DIBS ახორციელებს NATO-ს სტანდარტების სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად. მიმდინარეობს მუშობა, რომ DIBS პოზიციონირებდეს, როგორც შესაძლებლობების განვითარების წამყვანი ცენტრი შავი ზღვის ფართო რეგიონში. და ბოლოს, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ფოკუსირებულია თავსებადობის გაღრმავებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და შემდგომში ვითარდება სამხედრო მომზადებისა და საუკეთესო პრაქტიკის შეფასების რეგიონულ ჰაბად.ცნობისთვის, ცერემონიის დროს, SNGP-ის ახალი ძირითადი გუნდის ლიდერად აემალ ბაჰადური წარადგინეს. მან გერმანელი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესსი შეცვალა. რა მიზნით ეწვია საქართველოს NATO-ს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე  

რას ნიშნავს ამერიკული სანქციები - ანალიზი

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია, ის შესაძლოა, ,ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს და რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოს მთავრობას აფრთხილებს. დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, თავად იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რატომაა ეს სანქციები ასე მნიშვნელოვანი. „ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი, 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი - სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.” ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კრიტიკა, ახლა კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნება. „მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!,” - აღნიშნავს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. დენიელ ფრიდი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია და კარგად იცნობს საქართველოს, განმარტავს, რომ ამ სანქციების დაწესებით, ამერიკის მთავრობა ერთ კონკრეტულ პარტიას, ან პიროვნებებს კი არ სჯის, არამედ, ცდლობს, რომ საკუთარი შეშფოთება აჩვენოს დემოკრატიის უკუსვლის გამო. „ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე წეზოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან,” - განმარტავს ფრიდი. დიპლომატი განმარტავს, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი დიდხნიანი განსჯისა და ფიქრის საგანია და ის კონრკეტული მიზნით იდგმება: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ, გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებულნი რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს.” ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამწვავებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ღელავენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და შიშობენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, თავისი დემოკრატიული გზიდან მკვეთრად უხვევდეს. „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილნი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გააყალბონ,” - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. შეკითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ეს სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩები დადებითად პასუხობენ. „გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება,“ - აღნიშნავს კორტნი. თავის მხრივ, დენიელ ფრიდი თვლის, რომ „არჩევნები ძალიან მნიშვნელვანი იქნება.“ „ეს [სანქციები] კი იმის ნიშანია, რომ მართალია, ამერიკა უკრაინის ომზე, ღაზაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ტაივანსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საქართველო არავის დავიწყებია.” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, ხაზინა, თუ სხვა სამთავრობო უწყებები სანქციებს წინასწარ არასდროს აანონსებენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის მთავრობა არჩევნებს არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავენ. “შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს, იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ან თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ან ოპოზიციონერი დეპუტატების გადაყენებას გადაწყვეტს,“ - ამბობს დევიდ კრამერი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით. სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. „სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ, სხვა ჯგუფების გადაწყვეტილება იყო და ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა." რა პასუხი გაქვთ ამაზე?“ მიმართა ჟურნალისტმა მილერს. „არ ვაპირებ, ამ საკითს შევეხო. ვიტყვი, რომ შეერთებულ შტეტებში, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (makes our policy choices) იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა,“ უპასუხა მილერმა.  

აშშ-მ სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა

აშშ-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომელშიც 50% ან მეტი წილი აქვთ. ამერიკის მოქალაქეებსა და პირებს ამ სანქცირებული პირების კუთვნილებაში არსებულ კომპანიებთან თუ აქტივებთან კავშირი ეკრძალებათ. ის ფინანსური ინსტიტუტები თუ სხვა პირები, რომლებიც ამ პირებთან და კომპანიებთან რაიმენაირად არიან დაკავშირებულნი ან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებენ მათთან, ასევე სანქციების თუ სხვა აღსრულებითი ზომის სამიზნეები გახდებიან. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, დღეს, აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან და ასევე -  საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულნი ძალადობრივ ქმედებებში; დემოკრატიულ პროცესში ჩართულ ქართველთა მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში. დეპარტამენტის განმარტებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ზედამხედველობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებად არიან მოხსენიებულები „ალტინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე. მათ სანქციები დაუწესდათ 2021 და 2023 წლების ძალდობის მხარდაჭერისთვის. „კონსტანტინე მორგოშია არის მედიაკომპანია "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, რომელსაც ის დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად იყენებდა. 2021 და 2023 წლების ივლისში მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე. ასევე, ხელმძღვანელობდა ასობით პირს, შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში და თავს დასხმოდნენ ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც პოლიციაც ადგილზე იყო. "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა ონლაინ რეჟიმში," - წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და ეხება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციის ფაქტებს მთელ მსოფლიოში. „დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგების და წამყვანი კონკრეტული პირების მიერ ძალადობისა და დაშინების გამოყენებით, საკუთარი მიზნების მისაღწევი ძალისხმევის თაობაზე,” - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრედლი სმითი. ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. “შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ ანგარიშვალდებულება დააკისროს მათ, ვისაც ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა სურს,” - ამბობს სმითი. ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 28 მაისს, მიუხედავად საპროტესტო დემონსტრაციებისა, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი მიიღო. „ძალადობა, რომელიც ჩაიდინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, მოიცავდა ახალი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტეტში მონაწილე ბევრი ადამიანის სასტიკ ცემას, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების. ხარაზიშვილი კარგადაა ცნობილი მისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში,“ - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილე. დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." "მაგნიტსკის აქტი“ "მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგატიშვალდებულების გლობალური აქტი" 2017 წელს გამოიცა და ის მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებისა თუ კორუფციული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების დაწესებას ამერიკის გარეთ მომხდარ ფაქტებზე მაშინ, როცა ამ ქმედებებმა "მიაღწია ისეთ მასშტაბსა და სიმძიმეს, რომ ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილურობას." "მაგნიტსკის სიის" სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, ერთი წლის შემდეგ კი, ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა "მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი" დაამტკიცა, რომლითაც შეიქმნა მექანიზმი, რომ დაწესებულიყო სანქციები იმ პირებისთვის, ვინც მაგნიტსკის დაკავებაში და სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან რუსეთში ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. 2016 წელს კი, ეს აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა და სანქციები ვრცელდება ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლზე, რომელიც შეერთებული შტატების შეფასებით, ადამიანის უფლებებს არღვევს და კორუფციულ ნაბიჯებს დგამს. ეს აქტი სხვა ქვეყნებშიც არის დამტკიცებული, 2020 წელს ის მიიღო ევროკავშირმაც. (წყარო - ამერიკის ხმა) შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

ისტორიული დებატები ჰარისსა და ტრამპს შორის -პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარი გზავნილები

ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საპრეზიდენტო დებატები შედგა. 90 წუთი 2 სარეკლამო ჭრით, 2 წუთი საპასუხოდ და 1 წუთი პასუხზე რეაგირებისთვის, კანდიდატებმა არ იცოდნენ კითხვები, რომლებზეც უნდა ეპასუხათ - ასეთი იყო დებატების წესები. აუდიტორიაში მაყურებლები არ ისხდნენ. დებატები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში გადაიცემოდა და ის დევიდ მუირს და ლინდსი დეივისს მიჰყავდათ. დებატები კანდიდატებმა ხელის ჩამორთმევით დაიწყეს. ჰარისმა განაცხადა, რომ ხალხი ტრამპთან შეხვედრებს ადრე ტოვებს "დაღლილობისა და მოწყენილობის გამო."  BBC-ს ცნობით, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ჰარისმა დებატები მოიგო, მაგრამ ტრამპის შეფასებით, რომ ჰარისმა "ძალიან ცუდად წააგო." ეს არ არის ამერიკის ისტორიაში პირველი დებატები, როდესაც მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობს, თუმცა ესაა პირველი დებატები, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში ქალი ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობს. ეს 2024 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესში მეორე საპრეზიდენტო დებატებია. პირველი დებატები მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შედგა. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ივლისში საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, კამპანიაში კამალა ჰარისი ჩაერთო. დებატების დროს, კამალა ჰარისი ხშირად იმეორებდა კამპანიის გზავნილს, რომ წარსულში დაბრუნება არ სურს, რომ დროა, ქვეყანა წინ წავიდეს და რომ ქვეყანაში სიახლეების დროა. დონალდ ტრამპი კი, ყველაზე ხშირად საიმიგრაციო საკითხებს უსვამდა ხაზს და საზღვრის უსაფრთხოებაზე საუბრობდა. ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები გამოკითხვების მიხედვით, ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორისაა, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად აწუხებთ. კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა თავის წარმომავლობას და იმას, რომ თავად საშუალო კლასის წარმომადგენლების ოჯახში გაიზარდა. შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ კარგად ესმის ამ ფენის გამოწვევები და აპირებს, სწორედ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოს. პრეზიდენტმა ტრამპმა კი, განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გაუარესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არალეგალური იმიგრაციაა, რომ უკანონო იმიგრანტები ამერიკის ეკონომიკას ძირს უთხრიან, სამუშაოს ართმევენ რიგით ამერიკელებს და რომ ის სწორედ ამ საკითხის მოგვარებას აპირებს. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ გადასახადებს შეამცირებს. აბორტის უფლება აბორტის უფლება ბოლო პერიოდში ამერიკაში ერთ-ერთი მწვავე საკითხი გახდა. 2022 წელს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „რო ვეიდის წინააღმდეგ“ - ისტორიული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ქალებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ამის შემდეგ, შტატებს მიეცა უფლება, თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა აბორტი. ტრამპმა განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და რომ ექვსმა მოსამართლემ, რომელმაც ხმა დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, სწორი ნაბიჯი გადადგა. ექვსიდან სამი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, მისი დანიშნულია. ტრამპის თქმით, ის აბორტის ეროვნულ დონეზე აკრძალვის შემოღებას არ აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება. მისი თქმით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან შტატები ამ საკითხს უკვე თავად აგვარებენ. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აბორტის უფლების მომხრეა. ის ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ არავინ უნდა ეუბნებოდეს ქალებს, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ სხეულს. მან რამდენიმე მძიმე მაგალითი მოიყვანა, როდესაც ქალებს, აბორტის აკრძალვის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გაპრეზიდენტის შემთხვევაში, ის კვლავ აამოქმედებს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებულ გადაწყვეტილებას. უკანონო იმიგრაცია და საზღვრის დაცვა იმიგრაციის და საზღვრის კვეთის თემაზე, დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან. კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკის კონგრესში იყო წარდგენილი და რომელსაც საზღვრის არალეგალური კვეთის, მათ შორის, საზღვარზე ფენტანილის და იარაღის არალეგალური გადატანის საკითხი უნდა მოეგვარებინა, რესპუბლიკური პარტიის წევრების ნაწილმა დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს დონალდ ტრამპის ჩარევით მოხდა. ამაზე დებატებზე თავად კამალა ჰარისმაც ისაუბრა. ჰარისმა ტრამპი საზღვარზე არსებული მძიმე მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ კანონპროექტის დაბლოკვით, ტრამპი საკუთარ ამომრჩევლებთან ქულებს იწერს, მან პრობლემის მოგვარებას არჩია, ეს საკითხი საარჩევნო პლატფორმის ნაწილად ექცია. ტრაპის თქმით კი, დემოკრატები კრიმინალებს და დამნაშავეებს ამერიკის საზღვრის კვეთის უფლებას აძლევენ და ეს ქვეყანას ვნებს. ტრამპი დებატების დროს, ასევე ამტკიცებდა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დამნაშავეობის დონე დაბლა იწევს, ამერიკაში პირიქით, მატულობს. თუმცა, მოდერატორმა იქვე შენიშნა, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს მონაცემებით, ეს ინფორმაცია სწორი არაა და ამერიკაში კრიმინალის დონე კლებულობს. საიმიგრაციო საკითხებზე საუბრისას, კამალა ჰარისმა ტრამპს მოუწოდა, არ ესაუბრა იმიგრანტების სავარაუდო კრიმინალურ საქმეებზე, როდესაც, მას თავად აქვს რამდენიმე ათეული ბრალი წაყენებული. ტრამპი მის წინააღმდეგ წარმოებულ და დაწყებულ სასამართლო საქმეებსა და განხილვებს ძალაუფლების იარაღად გამოყენებას უწოდებს. მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ტრამპი "კუდიანებზე ნადირობად" თვლის და ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სასამართლოს თავისი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტრამპი უარყოფს თავის ჩართულობას 2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში, მის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეში. მის წინააღმდეგ ამის გამო სასამართლო საქმეც მიმდინარეობს. ტრამპმა დებატების დროს თქვა, რომ თავის სიტყვით გამოსვლაში, მოქალაქეებს მოუწოდა, „მშვიდობიანად და პატრიოტულად“ მოქცეულიყვნენ. შეკითხვაზე, ნანობს თუ არა 6 იანვარს თავის საქციელს, ტრამპმა თქვა: „მე არაფერი გამიკეთებია“. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხი კანონმდებელ ნენსი პელოსის და ვაშინგტონის მერს უნდა მოეთხოვოთ. შეკითხვას, აღიარებს თუ არა, რომ მან გასული საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ის დღემდე თვლის, რომ არჩევნები სწორად არ ჩატარდა. ისრაელ - „ჰამასის“ ომი „ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს,“ - თქვა კამალა ჰარისმა. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის და მოქმედი ადმინისტრაცია განაგრძობენ მუშაობას იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რომ ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების გამოსავალი არსებობდეს. ჰარისი ამბობს, რომ ისრაელს ყოველთვის მისცემს თავდაცვის საშუალებას, მაგრამ აუცილებელია ღაზის მოსახლეობის უფლებების დაცვა და ღაზის თავიდან აშენებაც. „მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა,“ - განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არც უკრაინაში ომს არ დაუშვებდა. ტრამპი ამტკიცებდა, თითქოს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს სძულს ისრაელი და ამავდროულად, არაბი მოსახლებაც, რასაც ჰარისმა ტრამპის მხრიდან ნათქვამი ტყუილი და სიმართლიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. რუსეთ-უკრაინის ომი „მე ომის შეწყვეტა მინდა, სიცოცხლეების გადარჩენა,“ - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა შეკითხვას, სურს, თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს. ტრამპმა გაიმეორა თავისი ცნობილი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ომის დასრულება შეუძლია, რომ კარგად იცნობს, როგორც ვლადიმერ პუტინს, ისე ვოლოდიმირ ზელენსკის და რომ მას მოლაპარაკების შესაძლებლობა აქვს. კამალა ჰარისმა კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო და თქვა, რომ ომის დროს ამერიკის პრეზიდენტი რომ ტრამპი ყოფილიყო, პუტინი ახლა უკვე კიევში იჯდებოდა. კანდიდატებმა ასევე ისაუბრეს ავღანეთის თემაზე, ქვეყნიდან ამერიკისა და NATO-ს ჯარების გამოყვანაზე, ასევე რასობრივ პრობლემებზე, ჯანდაცვის საკითხებზე და კლიმატის ცვლილების თემაზე. დებატები საპრეზიდენტო კანდიდატთა დასკვნითი მიმართვით დასრულდა, რომელშიც მათ საკუთარი საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები გაიმეორეს. წყარო