მოლდოვის რეფერენდუმზე 13 596 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი - რამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე

მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერებმა 13 596 ხმით გაიმარჯვეს.

„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ რეფერენდუმზე ამ შეკითხვას მოლდოველების 50.46%-მა დადებითად უპასუხა. 49.54-მა - უარყოფითად. დათვლილია ხმების 100%. მედია წერს, რომ ეს დადებითი შედეგი დიასპორამ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალ კიშინიოვში.


კონკრეტულად, უბნების 85%-ის მონაცემების დათვლის შემდეგ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის შიგნით მდებარეობს, პასუხის - "დიახ" მხარდაჭერა მხოლოდ 45%-ს ოდნავ აღემატებოდა. შედეგი ევროპელული ინტეგრაციის სასარგებლოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც უცხო ტერიტორიებიდან დაიწყო მონაცემების მოწოდება, სადაც პროევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა ცხოვრობს.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, დედაქალაქ კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 55,98%-მა რეფერენდუმზე მოცემულ შეკითხვას დადებითად უპასუხა. ყველაზე პრორუსულ რეგიონ გაგაუზიაში - რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხი 95%-მდე ამომრჩეველმა გასცა.


კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ პუნქტს საზღვარგარეთ მხარი ამომრჩეველთა 76,96%-მა - 181254-მა მოქალაქემ დაუჭირა, წინააღმდეგი კი, ამომრჩეველთა 23,04%-მა - 54249 მოქალაქემ იყო. საერთო ჯამში, რეფერენდუმში ხმა 1 488 874-მა მოქალაქემ მისცა.

მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა.


საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება მიუთითებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.


მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ კრემლშიც, კერძოდ, პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი მტკიცებით, „ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე.“ „ეს ყურადღებას იპყრობს,“ ამბობს პესკოვი.


მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დასდო ბრალი.


სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 000 ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა.


თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა.


„ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვას რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია.


ეს არის რუსეთისა და მისი მარიონეტების მუდმივი ძალისხმევა - არამხოლოდ მოლდოვაში, არამედ, ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, პატივს ვცემთ გარკვეულ პრინციპებს. კანონების ჩათვლით, მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები და მისი მარიონეტები ამას პატივს არ სცემენ,“ - განაცხადა სტანომ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით.“ მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და განაცხადა, რომ ეს არის „სირცხვილი.“


შეგახსენებთ, Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ოქტომბერში დაუდასტურა, რომ ამერიკის საგარეო უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას, რადგან რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს.


ასევე წაიკითხეთ: