პოლიტიკა
ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: მზადყოფნას გამოვთქვამთ, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გაეროს ტრიბუნიდან მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ისაუბრა შუა დერეფანზე; ანაკლიის პორტის მშენებლობაზე; სამხრეთ კავკასიაზე, ძლიერ ეკონომიკებთან [აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა] ურთიერთობის განვითარებაზე; ახსენა ტრამპის ინიციატივა, ასევე, უკრაინა; 2008 წლის ომი და განაცხადა, რომ „საქართველო მტკიცედ დგას მშვიდობის სადარაჯოზე.“ „სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა, მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენ გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება, შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. გაეროს სესიიდან მიესალმა ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამასთან, აღნიშნა, რომ “საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში.“ „იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს, ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. შუა დერეფანი მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ქვეყნის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. „სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია, ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე, ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგო-სატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. გაეროს ტრიბუნიდან მიმართვისას ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ძლიერი ეკონომიკები [აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა] და მათთან ურთიერთობის განვითარება „ჩვენი ამოცანაა, კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი,“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, „საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს“ მიმართა: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი, მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს... „ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ, კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ, საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.“ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს და ღიაა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. „საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა, ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო უწყებაში ბრიტანელი დიპლომატი დაიბარეს
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის დეტალებზე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 24 სექტემბერს, უწყებაში ასევე იმყოფებოდა გერმანელი დიპლომატი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად „დაგმო საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიული რიტორიკა“ და „უსაფუძვლო დაბარება“. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით. “ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. თავის მხრივ, ხსენებულ საკითხზე სოციალურ ქსელში წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ხაზს უსვამს, რომ ეს “საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი “დაბარებაა.” „გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემ წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებიც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება,” - წერს ფიშერი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.“ უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ის, რომ „ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები.“ ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. „24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად. საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში.
ზელენსკი: ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა. „რუსეთი ცდილობს, მოლდოვასაც იგივე გაუკეთოს, რაც ირანმა ერთხელ ლიბანს, და ისევ, გლობალური რეაგირება საკმარისი არ არის. მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მსოფლიომ რუსეთის მიერ თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების აუცილებლობა ერთხელ უკვე უგულებელყო“. „ბელორუსის შემთხვევაში მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. მოლდოვის დაკარგვა არ შეიძლება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ესტონელი მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე: გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია
„ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია,“ - შესაბამისი განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთს რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის „მყარი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს“ და მან საბჭოს ესტონეთის საჰაერო რადარიდან ამონაბეჭდი ფოტოსურათები წარუდგინა. მან ხაზი გაუსვამ რომ „ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების უფრო ფართო მაგალითის ნაწილია.“ „რუსული თვითმფრინავები რაკეტებით იყვნენ აღჭურვილნი და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ, გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. მანამდე, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ „ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში“ დაადანაშაულა. ევროკავშირი და 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობენ
ევროკავშირი და 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობენ
რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ერთობლივი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. განცხადების თანახმად, რუსეთის წინდაუხედავი ქმედებები არამხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს. „2025 წლის 19 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ეს საშიში ესკალაციაა. ეს მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა იყო,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. მან „რუსეთს მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების დასრულებისკენ“ მოუწოდა. „დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების ნაწილია, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრას აგრძელებს,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა. ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა,“ - ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის რესპუბლიკის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ესტონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები და ევროკავშირი.
ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა
„ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა. „როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში უმასპინძლა. მხარეებმა 14 დოკუმენტს, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
დიდი ბრიტანეთის მთავრიბის განცხადებით, „დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება.“ . სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობ-გადამზიდი, რომლებმაც რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის პორტში, “ჩრდილოვანი ფლოტის” ფარგლებში. “ჩრდილოვანი ფლოტი”– მოძველებული და სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც არის რუსეთის მთავარი წყარო უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად. სანქციების ამ პაკეტში შესულ 2 გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე. ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრო-რუსული დეზინფომაციის გავრცელებისთვის. ასევე სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების“ მმართველ შტოსთან. ეს მოქმედებები მოყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი, კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილელების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს - კვლევა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. კვლევის მიხედვით, დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, 74% მხარს დაუჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 80% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად, მას ენდობა მოქალაქეების 67%. ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობადობა კვლავ მაღალია და 70%-ს აღემატება. ციფრების მიღმა, მოქალაქეები ევროკავშირის წევრობას აღიქვამენ როგორც გზას მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, შვილების უკეთესი მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. „ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური არაა, ის ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის სურვილსა და მისწრაფებებს,“ - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. კვლევა: როგორია წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კალასი: რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა უფრო აძლიერებს ბლოკის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას. კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას. „ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს. „უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია,“ - აღნიშნულია კალასის განცხადებაში. „კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან,“ - აცხადებს კალასი. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს
რუმინეთის ელჩის თქმით, შავი ზღვის რეგიონის დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია
რუმინეთის ელჩმა საქართველოში რაზვან როტუნდუმ, ორმხრივი კავშირების გაფართოების დიდ პოტენციალზე ისაუბრა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ფოთის პორტსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ჯერ კიდევ არასაკმარისად გამოიყენება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რუმინეთის მხარდაჭერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმართ, რომელიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ერთობლივი ინიციატივაა და, მოსალოდნელია, რომ ის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონული ენერგეტიკული ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. „რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის მეზობელი ქვეყნები არიან, ამიტომ, პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, რომ არსებობს მსგავსება კულტურასა და მენტალიტეტში, რაც ასევე ძალიან გვეხმარება. საჭიროა ბიზნეს სექტორებს შორის მეტი კონტაქტი და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოსი, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ამ შეხვედრის ორგანიზებაში. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ასე გავაგრძელოთ,“ - განაცხადა როტუნდუმ. სავაჭრო ურთიერთობები ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ვაჭრობა წარმატებულია. 2025 წლის იანვარ-ივლისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 188.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 134.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ვაჭრობის ძირითადი ნაწილი რუმინეთიდან იმპორტი იყო, რომელმაც 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 166.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობი და ნავთობპროდუქტები დომინირებდა 132.6 მილიონი აშშ დოლარით, რაც რუმინეთს რუსეთის შემდეგ საქართველოში ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებლად აქცევს. სხვა იმპორტში შედის თამბაქოს წარმოება (6.1 მილიონი აშშ დოლარი), რეზინის საბურავები (3.6 მილიონი აშშ დოლარი), მედიკამენტები (2.2 მილიონი აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილები (1.9 მილიონი აშშ დოლარი). რუმინეთში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 21.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია 2024 წლის 24.5 მილიონ აშშ დოლართან შედარებით. სასუქები წამყვანი საექსპორტო კატეგორია იყო - 16.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით. ვაჭრობის წლიური მაჩვენებლები თანმიმდევრულ მოცულობებს აჩვენებს: 246.9 მილიონი აშშ დოლარი 2024 წელს, 244.2 მილიონი აშშ დოლარი 2023 წელს და 314.7 მილიონი აშშ დოლარი 2022 წელს. რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს
მიხეილ ყაველაშვილი: მივიღე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. პარტიაში აცხადებენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პატიმრებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ. ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება." “გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს,” - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს. პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს. სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.
აშშ-მ საქართველოში თავდაცვის სფეროს ახალი გუნდი წარადგინა
„3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯო ჰილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა დენის შმიგალის თქმით, შეხვედრისას კოორდინაციას გაუწევენ „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის ძირითად საკითხებს“, რომელიც ლონდონში გაიმართება. „ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს,“ - წერს შმიგალი.
ერდოღანმა თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება დააანონსა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა. სომხური მხარის ცნობით, თანამოსაუბრეებმა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯები გაამახვილეს ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას, რათა შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო და რეგიონული კომუნიკაციები განვითარდეს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით. ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის გამო, ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მიმართ და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ამ პროცესში წვლილის შეტანას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ განიხილება თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები. ერდოღანი SCO-ს 25-ე სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და რეგიონული სტაბილურობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ალიევთან შეხვედრის დროს განიხილეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები. ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონული განვითარების ინიციატივების კოორდინირებულად ჩამოყალიბების მნიშვნელობას. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას თანამშრომლობის განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.
მარტა კოსი: არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კოპენჰაგენში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. კოსის თქმით, დღეს განიხილავენ, თუ როგორ შეგვიძლიათ, გააგრძელონ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. „ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო.“ ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა შეასრულეს საშინაო დავალება. ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ე.წ. სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს. „უკრაინასთან და მოლდოვასთან, შესაძლოა, დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები,“ - აღნიშნა მარტა კოსმა.
საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა. შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოთი თარიღდება. ახალი ელჩი შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის დასაწყისიდან მსახურობს. მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა უფლებამოსილების ვადის დასრულების შესახებ. განკარგულების თანახმად, ოლვიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა. ოლივიე კურტო საფრანგეთის სამთავრობო უწყებებში დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა. ფრანგული მედიის ცნობით, კურტო მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე, საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი. ასევე, 2015 წლისთვის, იორდანიაში საფრანგეთის საელჩოში პირველი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
სომხეთი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმდნენ
26 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუტიმ ერევანში, სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდი გამართეს. სომხურმა მხარემ ბრიტანელ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ, მათ შორის, დემოკრატიის განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერების მცდელობების შესახებ. სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ სომხეთის პროგრესი შეაქო და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ამ რეფორმების გაგრძელების მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდეს. ორივე მხარემ განიხილა თანამშრომლობის გაფართოება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, მათ შორის, სამომავლოდ, მაღალი დონის შეხვედრები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. „მხარეები მოუთმენლად ელიან ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას და ზრდის ხელშეწყობას თანამშრომლობის გზით, მათ შორის, სომხეთის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების, რეფორმებისა და დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხარდაჭერის ჩათვლით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით. მხარეებმა განიხილეს სომხეთ-დიდი ბრიტანეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება (CEPA). სომხეთმა აღიარა გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის დაფინანსების (UKEF) პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიას. გაერთიანებული სამეფო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ბოლო დროს მიღწეულ შეთანხმებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გადამწყვეტ ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისკენ,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ასევე, მხარეებმა განიხილეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა - როგორც რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმა.
მაკრონი პუტინზე: როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამია დგას, ამას გრძნობენ ქართველებიც, უკრაინელებიც და სხვა ხალხებიც
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა. 29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს.” “საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის,” - განაცხადა მაკრონმა. „ამგვარ აღწერას უარვყოფ. მე არასოდეს ვარ უხეში ან ვულგარული. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამიაა, ესაა სურათი, რომელსაც ბევრი იზიარებს - ვფიქრობ, ეს აღწერს რას გრძნობენ მკაფიოდ ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ხალხი. ანუ კაცი, რომელმაც გადაწყვიტა იმოძრაოს ავტორიტარული, ავტოკრატიული მიმართულებით და უხელმძღვანელოს საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს," - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ზელენსკი 29 აგვისტოს გამოვიდა შეხსენებით, რომ ბოლო ვადა, რომელიც ტრამპმა რუსეთს შეთანხმების მიღწევისთვის მისცა, არის ორშაბათი, პირველი სექტემბერი. მაკრონის თქმით, თუ პუტინი პირველ სექტემბრამდე არ დათანხმდება შეხვედრის გამართვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ეს ნიშნავს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააცურა, რაც, მაკრონის აზრით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.