პოლიტიკა

"ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეებში არასდროს ვერევით"

რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, საშინაო საქმეებში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ", რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს. „იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია “, - აღნიშნა პუტინმა. ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 ნოემბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ქვეყნის მთავრობამ მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათ-კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დედაქალაქის მეტრო. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 40 061-მდე გაიზარდა, გარდა ამისა კოვიდ 19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 588-ს მიაღწია.

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს"

სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, დამთავრდეს კრიზისი, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის გამო დაიწყო. „აზერბაიჯანის მიწების სომხებისგან გათავისუფლება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას გაუხსნის გზას“-, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს

სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. შეიძლება დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებიც. ჩვენ მოვლენათა ყველა შესაძლო სცენარით განვითარებას განვიხილავთ. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა პარტია "გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერის, დეპუტატ ედმონ მარუკიანის კითხვაზე პასუხისას. ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა „ტვიტერზეც“ დაწერა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არცახის „უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტორია“. „დღეს სომხეთი არცახის გვერდით დგას მისი სრული სახელმწიფო პოტენციალითა და მოსახლეობით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ სამშობლოს საზღვრების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას ეხმიანება. როგორც გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი „უკიდურესად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საკონტაქტო ხაზთან საომარი მოქმედებების განახლების გამო“. გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით. გაერო-ს გენერალური მდივანი მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა

აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე. კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

"სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე - ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. „ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეჩერება,“ - აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა

მთიან ყარაბაღში დღეს გახსნილი ცეცხლის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა..სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას სამშობლოს დაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი. საომარი მდგომარეობა გამოაცხადა თვითგამოცხადებული ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ არუთინიანმაც და ყველა სრულწლოვან კაცს მობილიზაციისკენ მოუწოდა. პარალელურად, სომხეთის მთავრობა აზუსტებს ცნობებს შეტაკებების შედეგად მსხვერპლის შესახებ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ფეისბუკზე წერს, რომ ამ ეტაპისთვის ინფორმაცია 2 დაღუპულ ადამიანზე ვრცელდება, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია და ერთი ქალი. არიან დაშავებულებიც. შუშან სტეფანიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვისას დაზიანდნენ სკოლებიც, მათ შორის სტეპანაკერტში. სომხეთი ამ მონაცემებს ყარაბაღის დე-ფაქტო ომბუდსმენზე დაყრდნობით ავრცელებს. განახლებულ სამხედრო მოქმედებებს ყარაბაღში ადასტურებს აზერბაიჯანიც, რომელიც პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. აზერბაიჯანის სახელისუფლებო პრესის ინფორმაციით, “სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 27 სექტემბერს თქვა, რომ "სომხეთი უნდა გაჩერდეს" და მას აზერბაიჯანი აუცილებლად გააჩერებს. BBC-ის რუსული სამსახური წინა დღეებში იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანში რეზერვისტთა მოულოდნელი გაწვევა და სამხედრო სწავლებები დაიწყეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთი ომისთვის ემზადებოდა, რამდენიმე დღის წინ, 21 სექტემბერს გააკეთა. რამდენიმე თვით ადრე, 22 ივლისს სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა თავდასხმაში სასაზღვრო ტავუში რეგიონში. როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, განახლებულ საომარ ოპერაციებში პასუხისმგებლობას მეორე მხარეს აკისრებს. ყარაბაღში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას . ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია. რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ დედაქალაქ მინსკში დღეს გამართული საპროტესტო აქციის დროს 10-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.

"არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობის გაგებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს"

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი. მისივე თქმით, ურჩევნია სწრაფად გაიგოს, გაიმარჯვა თუ დამარცხდა არჩევნებში, ვიდრე საარჩევნო ბიულეტენების მოსვლას დაელოდოს. “მიყვარს ტელევიზორის ყურება და „გამარჯვებული არის...“ მოსმენა, მაგრამ ამ დომხალის გამო, ეს შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ მოისმინოთ. ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის მიზნით რამდენიმე შტატის სასამართლოში სარჩელები შეიტანა.

"უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს"

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. „გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

"იძულებული ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცროთ"

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის პროვინციების შესაბამის სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისა და 1-კვირიანი კარანტინის დაწესების უფლება მისცა. „იძულებულები ვართ, რეგულაციები და ზედამხედველობა გავამკაცროთ,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, 25 სექტემბრის მონაცემებით, ირანში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 439 882-ს მიაღწია.

ჯო ბაიდენმა ლუკაშენკოს „სუსტი დიქტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპი უარს ამბობს მისი ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს, საჯაროდ დააფიქსიროს აზრი ბელარუსში დემოკრატიული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ. „დღემდე დონალდ ტრამპი უარს აცხადებს, ლუკაშენკას (ალექსანდრე ლუკაშენკოს) ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს ან პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართ პირადი მხარდაჭერა გამოხატოს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბაიდენი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბელარუსს „დიქტატორი“ მართავს, რომლის მოულოდნელი ინაუგურაცია, „სამარცხვინო ცერემონია“, ოთხშაბათს გაიმართა. „პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს შიშით ემალება, უარს აცხადებს ხალხის სურვილი მიიღოს, სუსტი, არალეგიტიმური ავტოკრატია და არა ძლიერი ლიდერი”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

პუტინმა აშშ-ს "ჩაურევლობის გარანტიების გაცვლა" შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს შესთავაზა, „გაცვალონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, ჩაურევლობის გარანტიები“. განცხადება დღეს გამოქვეყნდა კრემლის საიტზე. ის არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენებთან. განცხადების ყურადღების ცენტრშია წინადადება, შემუშავებულ იქნეს „ზომების კომპლექსური პროგრამა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის აღსადგენად საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში“. დოკუმენტში ლაპარაკია რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში. კერძოდ, წამოყენებულია წინადადება, უზრუნველყოფილ იქნეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირის არხები „ბირთვული საფრთხის შემცირების ცენტრებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ჯგუფების ხაზით.“ რუსეთის წინადადება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმების მიღწევას საინფორმაციო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. არჩევნებში ჩაურევლობის გარანტიებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი მიცემულ უნდა იქნეს „ურთიერთმისაღები ფორმით“ და უნდა ეხებოდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ასევე პუტინი გამოდის წინადადებით, მიღწეულ იქნეს გლობალური შეთანხმება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველ დარტყმაზე უარის შესახებ. ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი კრემლის განცხადებაზე. აშშ-ს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი ძირგამომთხრელ მოქმედებებში საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. მათ შორისაა მასშტაბური კიბერთავდასხმები უცხო ქვეყნებზე (კერძოდ - უკრაინაზე, საქართველოზე, მაგრამ ასევე თავად აშშ-ზე) და საერთაშორისო ორგანიზაციებზე; ჰაკერული თავდასხმები (მათ შორის 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებზე - რაც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო); ასევე ე.წ. „ტროლების ფაბრიკების“ მოქმედება, „ფეიკ ცნობების“ განთავსება ინტერნეტში, სოცქსელების გამოყენება არჩევნებში და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის უცხოეთის ქვეყნებში. კიბერთავდასხმებში კერძოდ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურებს, განსაკუთრებით - გენშტაბის მთავარ სამმართველოს (გრუ), ასევე ე.წ. „საინტერნეტო კვლევის სააგენტოს“, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთანაა დაკავშირებული.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილეინ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან. დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან. ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას.

"ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება არჩევნები საქართველოში"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებმა "ქცევის კოდექსს" ხელი მოაწერეს. "ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან ისმის. ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ სფეროში. ძალიან კარგი იყო, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და ასევე პარტიებმა ხელი მოაწერეს "ეთიკის კოდექსს". ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება ეს არჩევნები",-განაცხადა ჰარცელმა.

"მოვუწოდებთ მთავრობას, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია დაყოვნების გარეშე მოახდინოს"

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნოდ კიბერუსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც დღეს ამ თვალსაზრისით არსებობს. "მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობა მივიღე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თითოეული მათგანი კიბერუსაფრთხოებას და ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებას, ასევე იმ მიმართულებით მუშაობას, რაც გულისხმობს კიბერ-ქსელების, ინფორმაციის დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, რათა თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს, როცა საარჩევნო უბანზე წავა და ხმას მისცემს, მისი ინფორმაცია დაცული იყოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს",-განაცხადა დეგნანმა.

"მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ"

უკიდურესად შეშფოთებულები ვართ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გახშირებით, განსაკუთრებით კი სომხეთის მიერ თოვუზის რაიონში მოწყობილი სამხედრო პროვოკაციის შემდეგ,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75 სხდომის დებატების დროს განაცხადა, რომელიც ვიდეო ფორმატში გაიმართა. „სახელმწიფო საზღვარზე აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა, მეორე დღეს, 17 ივლისიდან სექტემბრამდე, სომხეთისთვის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით ათასი ტონა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მომსწრეები გავხდით,“- აღნიშნა ალიევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან. „იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ შეუძლია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინოს, ვვარაუდობთ, რომ მას იარაღს უფასოდ აწვდიან,“- აღნიშნა ალიევმა. მან ქვეყნებს მოუწოდა, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ. „აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

Facebook-მა რუსეთში შექმნილი, 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი წაშალა

კომპანია Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განმარტებით, რუსეთშია შექმნილი და რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა. კერძოდ, Facebook-ის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში. აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ. კომპანია Facebook-ში აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ. „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებენ

აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად, აპირებენ, რომ სანქციები დაუწესონ ბელარუსის რეჟიმის იმ მოხელეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებასთან და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან. როგორც ოთხმა სხვადასხვა ანონიმურმა წყარომ უთხრა სააგენტო „როიტერსს“, სანქციების შემოღების შესახებ სამმა სახელმწიფო, შესაძლოა, პარასკევს გამოაცხადოს აღნიშნული გადაწყვეტილება. დანია, ლატვია, ლიტვა, გერმანია, სლოვაკია, ჩეხეთი და ესტონეთი აცხადებენ, რომ ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების სია, მაგრამ მისი მიღება არ ხერხდება კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. კვიპროსი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ზომებს მიმართოს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების სადაზვერვო სამუშაოს ატარებს. 23 სექტემბერს მინსკში სპეცრაზმის წევრებმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, მიუხედავად მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტხანს მიმდინარე, უპრეცედენტო აქციებისა. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლუკაშენკას მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა მიულოცა გამარჯვება. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები.