პოლიტიკა

1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - 1 ნოემბრის მონაცემები

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 86, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 187, კახეთში - 57, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 046, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი - 503, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი - მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 77. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო 826 - თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში-1 430. სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 748 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში - 12 748, იმერეთში - 3 927.

ავღანეთში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - თავდაცვის სამინისტრო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველომ” გაიმარჯვა - №1 - ბაგრამის საავიაციო ბაზა - 93% (697 ხმა); №2 - მაზარ-ი-შარიფი - 84,7 % (111 ხმა). ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა და საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სულ 12 კანდიდატი იბრძვის. მედიის ინფორმაციით, მათ შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ პრეზიდენტ იგორ დიდონსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს აქვთ. ბოლო კვლევების მიხედვით, იგორ დიდონს ამომრჩეველთა 20% უჭერს მხარს, მაია სანდუს კი 18%. მოლდოვას კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

„ქართული ოცნება“ - 48.8%, „ნაციონალური მოძრაობა“ 26.07% - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.07 % აქვს. სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2556 უბანზე და შედეგები პარტიებზე ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.8 % "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" - 26.07 % "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" -3.79 % "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.23% "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.14 % „ლელო - 3.23 % „გირჩი“ - 2.99 % „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.38 % "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,03 % "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" - 0.85 %

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში. უფრო კონკრეტულად, თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია: #1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი: ბექა ოდიშარია - 47.72% შალვა შავგულიძე - 28.84% #2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი ნოდარ ტურძელაძე - 42.18% ელენე ხოშტარია - 35.89% #3 საბურთალოს რაიონი დავით სერგეენკო - 44.99% ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63% #4 ისნის რაიონი კახა კახიშვილი - 47% ხატია დეკანოიძე - 25.45% #5 სამგორის რაიონი სოზარ სუბარი - 46.61% ლევან ხაბეიშვილი - 38.23% #6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი გია ვოლსკი - 44.31% ანა დოლიძე - 20.04% (დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%) #7 ნაძალადევის რაიონი მიხეილ ყაველაშვილი - 45.67% შალვა ნათელაშვილი - 25.23% #8 გლდანის რაიონი ნიკა მელია - 43.94% ლევან კობიაშვილი - 42.68% რაც შეეხება რეგიონებს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია: #10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44% გიორგი ბოტკოველი - 40.69% #12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი ნინო ლაცაბიძე - 49.03% დავით კირკიტაძე - 30.13% #16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი ზაალ დუგლაძე - 48.32% ნატო ჩხეიძე - 31.05% #23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი ზაზა ლომინაძე - 39.93% გრიგოლ ვაშაძე - 36.5% #28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი რესან კონცელიძე - 41.01% ლევან ვარშალომიძე - 35.94% #27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი ირაკლი ჩიქოვანი - 46,14 % მალხაზ ჯალაღონია - 37,97 % შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 150 დეპუტატს შორის 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.

არჩევნებზე გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო. გარდა ამისა, საბანაძის თქმით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე. “სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში პუბლიკას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სსკ-ს 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, 39-ე და მე-40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ №78 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა საბანაძემ. მისივე თქმით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა

საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, „ქართულ ოცნებას“ 54,72 % აქვს. „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23,61 %. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3,99%;ლელო - მამუკა ხაზარაძე - 2,66%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3,34%;გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 2,46%; „გირჩი“ - 1,91%; შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0,92%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 0,73%;მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 0,93%. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.

„ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა, რომელიც მათი დაკვეთით ჩატარდა. შედეგები შემდეგია: ქართული ოცნება - 37,41%; ენმ - 28,96%; ევროპული საქართველო - 10,05%; სტრატეგია აღმაშენებელი - 5,57%; ლელო - 4,58%; ლეიბოსრისტული პარტია - 3,88%; გირჩი - 3,18%; ნინო ბუჯანაძე - ერთიანი საქართველო - 2,59%; პატრიოტთა ალიანსი - 1,29%; ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1,00%; მოქალაქეები - 1,00%სხვა - 0,50%; "როგორც ეგზიტ-პოლებში ჩანს, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამრიგად საჭიროა დავიცვათ თითოეული ხმა მას შემდგე, რაც ოფიციალური შედეგები დაიდება, განცხადებისაგან თავს შევიკავებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია - 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%" , - განაცხადა მიქელაძემ. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მისივე ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა. ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 51.63% იყო. ხმა მისცა 1 814 276-მა ადამიანმა. 2012 წელს კი - 60.8%. ხმა მისცა 2 197 243-მა ადამიანმა.

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული. არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა საარჩევნო უბნებთან დიდი რიგების შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა. "კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, რვა საათის შემდეგაც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნული ამომრჩევლები, რომლებიც რიგში იქნებიან 20:00-სთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ" - განაცხადა ცესკოს სპიკერმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 607 530 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% იყო, 2012 წელს კი –53.03%. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ტურის დროს 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 38.16% იყო, მეორე ტურის დროს კი 47.31%.

„რა გზარავს, მოდი!“ – 90 წლის ამომრჩეველი ხულოში არჩევნებზე ფეხით მივიდა

90 წლის ნუსრედინ შავაძე, ღორჯომის სოფელ პაქსაძეებში არჩევნებზე ჯოხით მივიდა. ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია და არც არასდროს მოითხოვს. ის სოფელში ყველაზე ხანდაზმულია, დურგალია და დღემდე ამუშავებს ხეს. ნუსრედინ შავაძე ამბობს, რომ ღორჯომის სოფლებში 156 ხის სახლი აქვს აგებული და ქვისგან სახლი არასდროს აუშენებია. „მე საერთოდ მოზარული ხალხი არ მიყვარს, მაგათ არასდროს დავლოცავ. საქმის მოზარულს, მისვლა-მოსვლის მოზარულს, არჩევნების მოზარულს. რა გზარავს, მოდი! ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, არ მიყვარს სიზარმაცე და უშნოობა არც ხალხში, არც მთავრობაში. თუ არ იშრომებ, არაფერი გექნება. მე ახლაც ვშრომობ, ხეს ვამუშავებ. ადრე ცხოვრება ბნელი და ძნელი იყო, მაშინ მჭადს თუ მონახავდი, პური ვინ იცოდა?! გამჩენმა თქვა – კაი და ბევრი შემეხვეწეთ, თქვენთვის არც დამელევა და არც დამენანებაო, ხოდა კარგი ვთხოვოთ. ჩემთვის მთავარია ომი არ იყოს. ბევრ ომს მოვესწარი. ვიბადებით, ვიზრდებით და მაინც ხომ ვკვდებით? რატომ უნდა მოვიკვლე თოფით? დრომ მოვიდეს და მომკლას, ხომ? არ მომითხოვია არჩევნებზე არასდროს გადასატანი ყუთი და არც მოვითხოვ. რომ მეთხოვა, მომიტანდნენ. სიარული მიყვარს. მთაშიც წავდივარ ზაფხულში, ბევრი კი აღარ მყავს, ორ ძროხას დავატარებ. 4, 5, 6, თვე ვართ მთაში, მე, ჩემი ცოლი და ბადიშები. ცოლი 86 წლისაა, ძროხებს ვეღარ წველის და ბადიშებს ასწავლის, აბა, მთაში ურონიო რანაირად იქნები? 156 ხის სახლი მაქვს დადგმული, ქვისგან სახლი არასდროს ამიშენებია. საერთოდ, ჯანმრთელობისთვის ხე ჯობია, ასე გამიგია და ასეც გამოვცადე,“ – გვითხრა ნუსრედინ შავაძემ.

ფაშინიანი რუსეთს ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში დახმარებას სთხოვს

31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის წერილით მიმართა. ფაშინიანმა პუტინს მიმართა, რათა ჩატარდეს დაუყოვნებლივი კონსულტაციები იმის დასადგენად, რა სახის დახმარების აღმოჩენას შეძლებს რუსეთის ფედერაცია სომხეთისთვის. საუბარია ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმებაზე. სომხეთის პრემიერ მინისტრმა წერილში აღწერა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დეტალები. რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა აღნიშნა, რომ დახმარების თხოვნა მოხდა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში. მანამდე მას არ გამოურიცხავს შესაძლებლობა, რომ კონსულტაციების დროს განიხილებოდა სამხედრო დახმარების თხოვნის შესაძლებლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა სომხეთის პრემიერმინისტრის წერილის მიღება და მისი შინაარსი. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია რომ 1997 წლის 29 აგვისტოს დადებული, რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ მოქმედებებს ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში. "შეთანხმების შესაბამისად რუსეთი ერევანს აღმოუჩენს ნებისმიერ აუცილებელ დახმარებას, თუ საბრძოლო შეტაკებები გადაინაცვლებს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე" - წერია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღს კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

რით განსხვავდება ბაიდენის და ტრამპის საგარეო პოლიტიკა

რით განსხვავდება ბაიდენის და ტრამპის საგარეო პოლიტიკა, ამ თემაზე ამერიკის ხმამ სტატია მოამზადა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განსხვავებული ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ შეერთებულ შტატებს დანარჩენ მსოფლიოსთან როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ძირითადად, ეს გამოიხატება ტრამპის დოქტრინაში “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” და ბაიდენის მხრიდან - მეტი საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაში. აქ არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ, კანდიდატების განსხვავებულ მიდგომას ასახავს. ნატო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ალიანსი სწრაფად გახდა ტრამპის სამიზნე. ის სხვა წევრებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას მოითხოვდა. ზოგიერთმა წევრმა, 2014 წელს ნატოს მიერ დადგენილ ხარჯების ზომას უპასუხა, მაგრამ ბევრმა ეს არ გააკეთა და ამ წლის დასაწყისში, ტრამპმა გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანა და იმავდროულად გერმანიას შეერთებული შტატების გამოყენება დააბრალა. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მან 2019 წლის ივნისში გამართული დებატების დროს, ნატოს “შეერთებული შტატების ისტორიაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი” უწოდა და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, “ის ჩამოიშლება”. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ასეთი საერთაშორისო პარტნიორობებისთვის პრიორიტეტის მინიჭება სურს. რუსეთი ბაიდენმა პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამერიკის არჩევნებში ჩარევის და სხვა ქმედებებისთვის დაუპირისპირდება. ტრამპმა უარყო ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების შეფასება, რომლის თანახმადაც რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია და უპირატესობას მის გამარჯვებას ანიჭებდა. მისი იმპიჩმენტის მცდელობის გამომწვევ საკითხებს კი “სიცრუე” და “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა. თავისი ადმინისტრაციის ძლიერების დამამტკიცებელ საბუთად, მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიყვანა. ჩინეთი ჩინეთის მიმართ ტრამპის პოლიტიკა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ცვლილებას განიცდიდა. მას შემდეგ, რაც მისი ადმინისტრაციის პირველი თვეების განმავლობაში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტს უმასპინძლა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, მზარდ ტარიფებიან სავაჭრო ომამდე გაუარესდა, სანამ იანვარში, სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზას მიაღწევდნენ. 2020 წლის პანდემიის ზრდასთან ერთად კი, ტრამპმა კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულა და იმავდროულად ჩინეთში ბაზირებული პოპულარული პროგრამების, “ტიკ-ტოკის” და “ვი-ჩეთის” აკრძალვას ითხოვდა. ბაიდენი ჩინეთში ადამიანის უფლებების და ჰონგ-კონგში ვითარების საკითხზე უფრო მტკიცე პოზიციისკენ მოუწოდებს. მას არსებული სავაჭრო პრაქტიკის გამო, ჩინეთზე წნეხის შენარჩუნება სურს. არჩევნებში ბაიდენის პარტნიორმა, სენატორმა კამალა ჰარისმა მაიკ პენსთან დებატების დროს თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ “სავაჭრო ომი წააგო”. ირანი ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ხუთ სხვა ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა. ტრამპი იმ შეთანხმებიდან გამოვიდა, მას “ოდესმე დადებული ყველაზე უარესი შეთანხმება” უწოდა და დაუწესა ახალი სანქციები, რომლითაც ირანის ეკონომიკას ავნო და მას ბირთვული საქმიანობის გაზრდისკენ უბიძგა. ბაიდენი ამბობს, რომ ირანის მიერ პირობების შესრულების ფონზე, შეთანხმებას დაუბრუნდება. ისრაელი ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიღწევის დიდი ხნის ისტორიის ძალისხმევაში, ორივე კანდიდატი ორი სახელმწიფოს პრინციპს უჭერს მხარს. ტრამპი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქტიური მხარდამჭერი იყო და ისრაელში შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. ბაიდენმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, მაგრამ მის შეცვლას არ გეგმავს. მას წინადადება შეაქვს, აშშ-ს საკონსულო გაიხსნას აღმოსავლეთ იერუსალიმში, რათა პალესტინელებთან ურთიერთობა გაღრმავდეს. კელი ჯარისკაცები ავღანეთს 2021 წელს დატოვებენ. ოქტომბერში კი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ ჯარის გამოყვანის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის სურს. ბაიდენმა უფრო ფრთხილი მიდგომა გამოხატა, რომელიც ადგილზე შექმნილ ვითარებაზეა დაფუძნებული. ჩრდილოეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ძალისხმევის ფარგლებში, ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების ორი რაუნდი ჰქონდა და მესამედ მას ორი კორეის გამყოფ საზღვარზე შეხვდა. მოლაპარაკებებს არანაირი ვალდებულებები არ მოჰყოლია, მაგრამ 2017 წლის შემდეგ ფხენიანს ატომური იარაღი ან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები არ გამოუცდია. ტრამპი ამბობს, რომ მან და კიმმა “ძალიან კარგი ურთიერთობა” განავითარეს და მისმა ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე სხვა შეხვედრის იმედი გამოთქვა. ბაიდენის პოზიცია ისეთია, რომ წინაპირობების გარეშე, კიმს არ შეხვდება. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია იქნება, გამოიყენოს სანქციების წნეხი, რათა კიმს მოლაპარაკებებზე წამოსვლა აიძულოს. აფრიკა ბაიდენი სთავაზობს, გაუქმდეს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვები, რომელიც ტრამპმა თანამდებობის დაკავების დასაწყისშივე დააწესა, მათ შორის ის აკრძალვები, რომელმაც რამდენიმე მეტწილად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყანაზე მძიმედ იმოქმედა. მათ შორის ნიგერიაზე, სუდანზე და სომალიზე. ტრამპმა ეს აკრძალვები გაამართლა, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიება. აფრიკულ ქვეყნებთან მიმართებაში თავის სტრატეგიის ნაწილად, ორივე კანდიდატს აქვს გეგმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და იმუშაოს კონტინენტის ახალგაზრდა ლიდერებთან და დიასპორის წევრებთან. ცენტრალური ამერიკა ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს გააფორმა შეთანხმებები გვატემალასთან, ელ სალვადორთან და ჰონდურასთან, რომ სამხრეთ ამერიკელი მიგრანტები თავშესაფარს პირველად ამ ქვეყნებში მოითხოვენ. თუ ისინი მექსიკა-ამერიკის საზღვარზე ამის გაკეთების გარეშე მივლენ, მათ უკან გააბრუნებენ. მისმა მრჩეველმა სტივენ მილერმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების დადება, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის მიზანი იქნება. ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის, როგორც თვითონ უწოდა “დრაკონული საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს ჩვენი თავშესაფრის და ლტოლვილთა შესახებ კანონები შეცვალოს. ის ამბობს, რომ რეგიონს გარკვეულ დახმარებას განუახლებს, რათა წნეხი განახორციელოს მთავრობებზე, რომ მათ ჩრდილოეთისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა შეზღუდონ. ტრამპის ადმინისტრაციის დროს, შეერთებულ შტატებში მთელი მსოფლიოდან დაშვებულ ლტოლვილთა რიცხვი 85 ათასიდან - რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს იყო - წელს 15 ათასამდე დაეცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბოლო შეზღუდვა ამერიკელების უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის დაწესდა, განსაკუთრებით - მიმდინარე კოვიდ-19 პანდემიის ფონზე.” ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამ მიმართულებას მკვეთრად შეატრიალებს და ლიმიტს 125 ათასამდე გაზრდის. მრავალმხრივი ძალისხმევები ტრამპის მიერ ამერიკული ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, რამდენიმე საერთაშორისო ძალისხმევიდან ჩამოშორება გამოიწვია, მათ შორის იყო კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა, კორონავირუსის არასათანადო მართვის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეკვეცა და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლა. ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს მხარს უჭერდა პარიზის შეთანხმებასაც და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასაც. ის არჩევის შემთხვევაში, ამ შეთანხმებებში ამერიკის დაბრუნებას და ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების აღდგენასაც შეეცდება.

17:00 საათისთვის 165 საჩივარი დარეგისტრირდა

ცესკოს პრეს-სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 607 530 მოქალაქემ, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 57.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 41.9%. "საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას", - განაცხადა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება საჩივრებს, მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 165 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. "თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განმარტა მან.

მნიშვნელოვანია, ხმების დათვლისას პარტიების მხარდამჭერებმა მშვიდად მიიღონ შედეგები - დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. "დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები",- განახცადა დეგნანმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ. საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.

საია შსს-ს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე, რეაგირებისკენ მოუწოდებს

საია მოუწოდებს შსს-ს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან პუბლიკას ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. იმავე უბანთან დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. "აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით" - აცხადებს ორგანიზაცია.

მელიამ მხარდამჭერებს გლდანის შტაბთან მისვლისკენ მოუწოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, გლდანის საარჩევნო უბანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ამიტომ კრიმინალების მობილიზება მოახდინა. მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გამოცხადდნენ გლდანის ცენტრალურ შტაბთან, რომ ხმები დაიცვან. "იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრო რაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და ვინმე დათო კვიჟინაძემ, კახა კალაძის ბავშვობის მეგობარმა, დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენ დამკვირვებლებს იარაღი. ამ დროს პოლიციამ დააკავა ჩემი შტაბის წევრი და არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული. როგორც ვატყობ, არამარტო გლდანის რაიონში. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს ვიცავთ, ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები. მივმართავ მხარდამჭერებს ამ ქვეყნისა, არა ჩემს მხარდამჭერებს ან ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის ხმებს სჭირდება დაცვა და გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში რომ რამდნეიმე საათში გადავმაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები". - ამბობს მელია. გლდანში საარჩევნო უბნებთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უბნებთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ომბუდსმენის აპარატს, პატიმრებთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ #15 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდებულმა ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მათ თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ინციდენტის ადგილზე იყვნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება. "სამწუხაროდ, ცალკეული პატიმრების აქტიური ჩარევითა და ინიციატივით, ვერ მოხერხდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ყველა იმ პატიმრის უფლების დაცვა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ე.წ. პრივილიგირებულ პატიმრებს. ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა. მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს, #15 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რითიც კონსტიტუციურ ორგანოს მისი ძირითადი და ასევე, გაეროს სპეციალური მანდატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია.

თავისუფალ არჩევნებში გაყალბება არ დაიშვება - კიზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. კონგრესმენის თქმით, დაუშვებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გაყალბება, ამომრჩეველთა დაშინება და მათი მოსყიდვა. "ვადევნებ თვალს ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს. ყველას მოვუწოდებ, მიეცით ხმა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პროცესის განვითარებას დაელოდეთ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ დაიშვება გაყალბება, დაშინება და ხმების მოსყიდვა. ჩვენი ერები ერთიანნი და ძლიერნი არიან, ამერიკას ეიმედება საქართველო", - წერს კინზინგერი ტვიტერზე. კინზინგერმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა საქართველოში 31 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს.