ეკონომიკა

USAID-მა და Gazelle Finance-მ საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყეს

USAID-მა და Gazelle Finance-მ საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყეს. სამწლიანი პროგრამა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭრას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება. პროგრამა გააძლიერებს 30-ზე მეტ, მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში მათი ეკონომიკურიგარემოს გაუმჯობესებისათვის. პროგრამა ორიენტირებული იქნება მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელს შეუწყობს მათ კერძო ფინანსების მოზიდვაში, ბიზნესის გაფართოებასა და მათ თემში სამუშაო ადგილების შექმნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ბენეფიციარ ბიზნესებს, გავიდნენ ახალ საექსპორტო ბაზრებზე, გააძლიერონ მენეჯმენტი და გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური საკითხები და ეფექტური გახადონ მმართველობა. შედეგად, ეს მხარდაჭერა ამ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკაში წამყვან ბიზნესებად აქცევს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ისინი სამაგალითონი გახდებიან სხვა დინამიკური კომპანიებისთვისაც. “პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესებს. ვიწყებთ რაპანდემიის შემდგომ აღდგენაზე ფიქრს, აუცილებელია რომ ბიზნესებმა მიიღონ ისდაფინანსება, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი გაძლიერებისთვის, განავითარონ ინოვაციური პროდუქტები და ისეთი სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გონივრულ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა. .“Gazelle Finance-თან ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის კარგი მაგალითია, რომლის ფარგლებშიც პერსპექტიულ კომპანიებს ხელს ვუწყობთ ზრდასა და ქვეყნის განვითარების მიზნებში წვლილის შეტანაში, მათ შორის საქართველოს მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობითაც. „პროგრამა ორიენტირებულია 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, შედეგადაც შეიქმნება 1 677 ახალი სამუშაო ადგილი და საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 15 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს“, - განაცხადა Gazelle Finance-ის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ლიბერთმა.

აპრილში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა

აპრილში ფულადი გზავნილები 145%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მიხედვით უმსხვილეს დონორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში 32.35 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

დღეს მოეწერება ხელი მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო €85 მილიონიან დახმარებას მიიღებს

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება. „მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით. წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით, სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ

„ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას. ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ისრაელის ელჩი: ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შევუწყოთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო. „ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან. ამასთან, ჩემი აზრით, ძირითადი ყურადღება ეთმობა ჩვენს ბრწყინვალე 26 საუკუნოვან წარსულ, თანაარსებობის ისტორიას და კარგი იქნება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული, რომ ახალი ბიძგი მიეცეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. დიალოგები, მეგობრობის ჯგუფები და ორმხრივი ვიზიტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ პრაქტიკულ შედეგებამდე მიყვანა სჭირდებათ. ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და სამრეწველო ერთობლივი საწარმოების შექმნას. გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 17 მაისიდან ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 3 მიმართულებით, კვირაში 21 სიხშირით იფრენს. ფრენები შესრულდება რიადი, ჯედა, დამამის მიმართულებით.

ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა

საქართველო მზადაა, საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში არსებული კანონმდებლობა სრულად მოარგოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, მუშაობის მთავარი შედეგია. პროექტის მიღწევები 6 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე შეჯამდა. "პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული კანონები ევროკავშირის წესებს მოერგება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი თავისი ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების რეორგანიზებას მოახდენს და საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში საკუთარ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. გაუმჯობესებული კანონმდებლობა, გაძლიერებული საზედამხედველო მექანიზმები და ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად მიღებული სტანდარტები უკეთ დაიცავს საბანკო სერვისების მომხმარებლებს და განავითარებს საქართველოს ფინანსურ ბაზარს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უსაფრთხოებას. Twinning-ის პროექტი 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა და მისმა ბიუჯეტმა 1.75 მილიონი ევრო შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს", - ნათქვამია ინფორმაციაშია.

საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა

აპრილში "შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი" წინა წელთან შედარებით 3,2 ლარით გაიზარდა და 202,8 ლარით განისაზღვრა - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აპრილის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებას, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა "შრომისუნარიანი მამაკაცისთვის" 1,8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლისთვის" 1,5 ლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

ნათია თურნავა: უახლოესი ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ

უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება. "გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რომ შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფო სტუმრები, თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან ერთმანეთთან და ვერ სადილობენ. რა თქმა უნდა, ეს დარტყმაცაა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. როგორც თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. აცრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა მთავრობის პრიორიტეტია საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, იმისთვის რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს უცხოელი ტურისტების მიღება. "მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ აცრა გამეკეთებინა ტურისტის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან ერთად. ჩემთან ერთად იმყოფება 20-მდე სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ტურიზმი. თავს კარგად ვგრძნობ, Sinopharm-ით ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა! მინდა ყველას მოვუწოდო, აიცრან", - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება

უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კოვიდპასპორტის დოკუმენტი მოქალაქეს, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭვდის სახით ექნება. "კოვიდ პასპორტი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ელექტრონული პლატფორმის კოვიდ პასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც. უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულ მატარებელზეც და ბეჭვდის სახით შეიძლება ვიქონიოთ. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია", - განაცხადა თურნავამ.

SpinCar-ის თანადამფუძნებელი: აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით, ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ

ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ, - ამის შესახებ, ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელმა, მაიკლ ქვიგლმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლების შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესწრებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ SpinCar-ი ინვესტირებას გააგრძელებს საქართველოში Pulsar AI-ის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. “ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ. საერთო მომხმარებელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. აქ ამერიკაში ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი ქართველის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია. ხსენებული კომპანია შეერთებული შტატების იურისდიქციაშია რეგისტრირებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ სტარტაპთან უწყვეტად გვქონდა კონტაქტი. სრულიად აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით. პარტნიორობა დავამყარეთ და ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში ამ სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით”, - აღნიშნა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა.

ნათია თურნავა: ქართული სტარტაპები  ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე

ძალიან შთამბეჭდავი წარმატებაა. ვულოცავ, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს - „პულსარის“ დამფუძნებლებს, ასევე ამერიკულ კომპანია SpinCar-ს, ვინც შეიძინა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ჩვენი ადგილობრივი სტარტაპი, - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე. „ჩვენთვის ორმაგად საამაყოა, იმიტომ, რომ სტარტაპი „პულსარი“ არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარი 2018-2019 წლებში. ჩვენ ვეხმარებოდით მათ, ისევე, როგორც ათობით სხვა ადგილობრივ ქართულ სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში. ზოგადად, ჩვენი პოლიტიკაა სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა საქართველოში, გაძლიერება და ეს კონკრეტული გარიგება, რაც ამერიკის ბაზარზე შედგა, „სილიკონ ველიზე“, არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი ადგილობრივი ქართული სტარტაპები არიან ძალიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა უკვე 10 წლიანი გეგმის ფარგლებში გავაძლიეროთ მათთან გვერდში დგომის სტრატეგია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

უმუშევრობის შემცირებისა და ეკონომიკის აღდგენის მიზნით USAID ახალ პროგრამას იწყებს

USAID/საქართველო პროგრამა „კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის იწყებს. ამის შესახებ Europe Time-ს USAID-დან აცნობეს. მისივე ცნობით, 5-წლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად ზრდას მაღალანაზღაურებადი დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით. პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC) ახორციელებს, ითანამშრომლებს კერძო საწარმოებთან და მხარს დაუჭერს სტუდენტებს, სამუშაოს მაძიებლებს და პროფესიონალებს, მიიღონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მოთხოვნადი ცოდნა და უნარ-ჩვევები. „კერძო სექტორზე დაფუძნებული განვითარებადი ეკონომიკა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ეკონომიკისათვის საჭირო ინსტრუმენტები. საქართველოს სტუდენტებს და პროფესიონალებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეგვიძლია მათ ამპოტენციალის რეალიზებაში დავეხმაროთ“,- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა. „ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას ხელს შევუწყობთ არამარტო დასაქმდნენ, არამედ წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამავდროულად, ჩვენ ბიზნესთან დასამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შევქმნით ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სამუშაოს მაძიებლებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან, ხოლო საქართველოს ბიზნესს უზრუნველყოფს ისეთი უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალით, რომელიც მათ სჭირდებათ. პროგრამა ორიენტირებული იქნება ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. კერძო სექტორის ჩართულობა სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებაში ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მოწყვლად კატეგორიების, მათ შორის სოფლის მოსახლეობის, ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გადამზადების პროგრამებში ჩართვას და მათ დასაქმებას“, - აღნიშნა პიტერ ვებლერმა.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ, 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით სარგებელს მიიღებენ, - ეს გადაწყვეტილება, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ცნობით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას. „დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა. „აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას.“ ინფორმციის თანახმად, პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში. „გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. „პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება. მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს წარმოადგენს კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის გაძლიერების წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა და 85 მლნ. ევროს განაწილება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პოსტპანდემიურ პირობებში, ფასდაუდებელია“,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ამასთან, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგ. ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით. „მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დანერგილი მყისიერი გადახდების სისტემა ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე მყისიერ ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებელს გახდის ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას და საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. ასევე, საფინანსო ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას“,- აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ფირმებზე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური დახმარების შემუშავებას და მიწოდებას ფირმებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირების მიზნით, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით. „აქცენტი გაკეთდება ძირითადი უნარების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც საჭიროა დიგიტალიზაციის და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე“ ეკონომიკაზე. ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი: მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა", - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს. „თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მოწმობს თქვენს ფართო გამოცდილებაზე საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხებში და ასევე, ადასტურებს იმ დიდ ნდობას, რომელიც თქვენს კოლეგებს ამ კრიტიკულ დროებაში თქვენს მიმართ აქვთ, რადგან თქვენი არჩევა ემთხვევა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების დაბრუნებას ევროკავშირის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების შესაბამისად. მივესალმები იმ ფაქტს, რომ პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობით, საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატის აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობით იმუშავებს. ამავდროულად, მსურს, ასამბლეის სახელით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი აქტიური მუშაობისთვის, რომელიც ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელობის პერიოდში გასწიეთ. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი დელეგაცია ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი აქტორები არიან და ასამბლეის მუშაობაში მათი წვლილი უკვე წლებია, განსაკუთრებულად ფასდება. მწამს, რომ ჩვენ მომავალშიც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის კონსტრუქციულ ჩართულობას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და მოველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ძვირფასო კახა, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენს ახალ, საპასუხისმგებლო საქმიანობაში“,- წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მისალოც წერილში.

ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

"წითელი ხიდიზე"  მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუბლის საქართველოში უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ( აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილი ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა. "აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს, ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში“ და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის კუთხით. „აღნიშნულ სექტორებში ჩვენი სურვილია, ძირითადად, დასავლური ტიპის ინვესტორების მოზიდვა. ასევე ვისაუბრეთ მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო უცხოურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს. ამ კუთხით, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბატონი ჰუდაკის გამოცდილება, მისი კავშირები ევროპელ ინვესტორებთან ევროპელ ფონდებთან, დონორებთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, „მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისის დროს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, მცირე საწარმოების სწრაფი დახმარება და რაც შეიძლება მეტი დასაქმება“.

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას", – განაცხადა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა​, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ. "ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. ასევე, ეკონომიკის განვითარების ახალმა სტრატეგიამ, რომელიც ახლა შემუშავების პროცესშია, ჩემი აზრით, უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები უცხოური ინვესტიციებისა და ინიციატივებისთვის. მოხარული ვიქნები, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას და ვითანამშრომლო ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობასთან, რათა მეტი პერსპექტივა შევქმნათ საქართველოსთვის", - განაცხადა ჰუდაკმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვაზილ ჰუდაკმა და ნათია თურნავამ შეხვედრაზე განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ​ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად წარადგინა. '