ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება

"ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. "ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით 31%-ით. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის", - განაცხადა თურნავამ.

საქსტატი: 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 821.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 952.4 მლნ. აშშ დოლარი (2.4 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოწვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. "უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი დასაგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტრო: IMF-ის 4-წლიანი პროგრამით საქართველომ, დაახლოებით, $687 მლნ მიიღო

IMF-ის შეფასებით, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ფინანსთან სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული 4-წლიანი პროგრამის დასრულებას ეხმაურება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე, დაასრულა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მერვე მიმოხილვა, რის შედეგადაც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა დამატებით, დაახლოებით, 111 მილიონი აშშ დოლარი. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამის მერვე მიმოხილვით დასრულდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, საერთო ჯამში, დაახლოებით, 687 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. „ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები - გაძლიერდა საჯარო ფინანსები, რამაც საქართველოს საშუალება მისცა ადეკვატურად ეპასუხა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებს. პირველი სამი წლის განმავლობაში პროგრამამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ბოლო ერთი წელი პროგრამის დახმარებით, ქვეყანამ შეძლო შეერბილებინა COVID-19-ის გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგები“, - ნათქვამია რელიზში. პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ რელიზში სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ განახორციელა მართებული ზომები პანდემიის ნეგატიური გავლენის შემსუბუქებისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასაცავად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მან გარდამტეხი როლი უნდა ითამაშოს COVID-19-ის კონტროლის მიმართულებით, რათა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. სსფ-ის საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება და მშპ წლის განმავლობაში 3,5 პროცენტით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მომავალი წლების პროგნოზი, და სამი წლის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ, პოზიტიურად აფასებს მთავრობის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამასთან, ხაზგასმულია მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ფისკალური დახმარების გაცემისთვის, გადაიხედოს ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა.გავრცელებულ რელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, საუბრობს ფისკალური წესების დაცვის მნიშვნელობაზე აღნიშნავს რა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება, ხელს შეუწყობს ფისკალური რისკების კონტროლს და შემცირებას. ამასთან, სსფ მიიჩვევს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდა, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. COVID-19 შოკის შედეგების შესამცირებლად, ფონდი მოკლევადიან პრიორიტეტად ასახელებს გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავებას და განათლების რეფორმას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კელი დეგნანი: მოლაპარაკებები უნდა განვაახლოთ, აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. „არაჩვეულებრივი იქნებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. ​ვფიქრობ, საჭიროა შარშან დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა. ბაზარი შეცვლილია და უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რამდენად არის საკმარისი მოთხოვნა. თუმცა ზოგადად, ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩი: აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია

„საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, კერძოდ, აგროტურიზმში. ონლაინ პლატფორმის agrogate.world-ის ამუშავება ტურისტებს იმ შესაძლებლობებთან დააკავშირებს, რომელთაც მათ სთავაზობენ, განსაკუთრებით სოფლად", ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანი დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიას – „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“ დაესწრო, სადაც ონლაინპლატფორმის agrogate.world-ის პრეზენტაცია გაიმართა. ელჩის თქმით, ახალი ონლაინ პლატფორმა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს აგროტურიზმისა და ტურიზმის აღდგენას, როდესაც ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას", - განაცხადა კელი დეგნანმა. აგროტურისტულ ონლაინპლატფორმაში agrogate.world, გაერთიანებულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები. ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებ-გვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდეოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დამატებით საგადასახადო შეღავათებზე ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

" დარწმუნებული ვარ, პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების გამკაცრება არ დაგვჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება. „მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

ისრაელში, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

დღეიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დდაიწყო. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს. „დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ. ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან. „დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის. ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

აშშ-ს თავდაცვის 2022 წლის ბიუჯეტში, პრიორიტეტად, ჩინეთის და რუსეთის შეკავება ჩაიწერა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 2022 წლის ბიუჯეტი გაუგზვანა განსახილველად. როგორც Reuters-ი იუწყება, 2022 წლის, აშშ-ს ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის 715 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება. თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პრიორიტეტებს შორის მითითებულია "რუსეთის და ჩინეთის შეკავება“. ჩინეთის მხრიდან მუქარებისთვის წინ აღდგომა დოკუმენტში დასახელებულია აშშ-ის „მთავარ გამოწვევად“. დოკუმენტში ასეცე ლაპარაკია რუსეთის მხრიდან „დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევის“ შეკავების აუცილებლობაზე. რუსეთი და ჩინეთი პროექტში „ავტორიტარულ სახელმწიფოებად“ მოიხსენიებიან. მასში ნათქვამია, რომ გამოიყოფა დამატებითი სახსრები მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ხელის შესაწყობად, ასევე კორუფციასთან საბრძოლველად აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. პრეზიდენტის პროექტში სახსრები არ არის დეტალურად გაწერილი. სავარაუდოდ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესი მიიღებს მიცემული პარამეტრების ფარგლებში. ამასთან, კონგრესს შეუძლია შეცვალოს ეს პარამეტრები და საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს მოწინააღდეგები ჰყავთ, რომლებიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას არ იწონებენ და პრიორიტეტად სოციალურ საკითხებს მიიჩნევენ.

საპროტესტო აქციაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ბავშვთა გასართობი ცენტრის მფლობელები, ტუროპერატორები, სასტუმროებს მფლობელები. აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ. დემონსტრაციას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ორი კარავი დროებით ჩამოართვა.

რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში - EBRD-ის რეკომენდაციები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კავკასიაში EBRD-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ინტერვიუ გამოქევყნა, რომელიც არსებულ კრიზისულ ვითარებაში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამოცანებზე საუბრობს. ჰანსენი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის აღდგენაზე მუშაობა, სასამართლო რეფორმის გატარება, FDI-ის აღდგენაზე მუშაობა და სხვა პირველი რიგის ამოცანების გადაჭრა. "რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში? არსებული კრიზისი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც მოიზიდავს უფრო ძლიერ უცხოურ ინვესტიციებს და გაზრდიდა პროდუქტიულობას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. ამგვარად, მნიშვნელოვანია შემდეგი სფეროები: 1. სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის აღდგენა 2. განახლებადი ენერგიის სექტორების დივერსიფიკაცია - საერთაშორისო კონკურენციის სახელშეკრულებო ჩარჩოების გათვალისწინებით 3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 4. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა 5. სასამართლო რეფორმა 6. განათლების სისტემის რეფორმა სამუშაო ძალის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს 7. ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად 8. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოსაყენებლად 9. კაპიტალის ბაზრების განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის დივერსიფიცირებისთვის 10. სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პოტენციალის შემდგომი ზრდა რეფორმების წახალისების გზით,"- აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ხელმისაწვდომობის პროგრამას აფართოვებს

დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“კატეგორიის მიწების გარდა, ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც. ასევე, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიჯარეებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე)“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, ყველა მოიჯარეს თანაბარ პირობებში აყენებს. „ამავე დროს, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. პროგრამის ეფექტიანობისა და მისდამი ინტერესის ზრდაზე ორიენტირებული ეს ცვლილება დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რათა მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება; ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თემურ ჭყონია: 10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს

„10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმის შეფასებას ეხებოდა. „10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს. დღეს პანდემიის პირობებში, მსოფლიოში დიდ და ხანგრძლივ გეგმებს არცერთი ბიზნესმენი არ ადგენს. დღეს იმდენად სხვა სიტუაციაა, რომ ყოველდღიური გეგმა გვჭირდება. 10-წლიანი გეგმის საბოლოო მიზანი რა გვაქვს? ანუ მე-10 წელიწადს რა გვინდა? - ამის განსაზღვრა არის მთავარი და ამ მიზანს რომ დავწერთ, მერე შეიძლება ეს მიზანი განხორციელდეს 2 წელიწადშიც, გააჩნია რა მიზანი გვაქვს; თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.

ნათია თურნავა: განვიხილავთ, რომ უსაფრთხო რესტორნის,  ღამის კლუბისა და სასტუმროს სტატუსები იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, გაჩნდეს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი, სასტუმროები, სადაც ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ სტუმრობა. როგორც თურნავამ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს ღონისძიებათა გეგმაზე, რომელიც წაახალისებს ბიზნესს, მოსახლეობას, რომ უფრო აქტიურად მიმართონ ვაქცინაციას. „ბიზნესს კარგად ესმის, რომ ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. ვმუშაობთ და განვიხილავთ, რომ გარკვეული უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. იცით, რომ მიუხედავად ყველა მოლოდინისა და რისკისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, ასევე 40-მდე ქვეყანაა, საიდანაც ტურისტები უბრალოდ „პისიარ“ ტესტით შემოდიან, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა: კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება - ბიზნესზე, დასაქმებაზე, ლარის კურსზე

კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება - ბიზნესზე, დასაქმებაზე, ლარის კურსზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "მესმის ეს ნეგატიური მოლოდინები, ჩვენ შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ სხვა ქვეყნების მსგავსად ვდგავართ მესამე ტალღის საფრთხის წინაშე. ეს ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება, ბიზნესზე, მცირე თუ საშუალო მეწარმეების გეგმებზე, დასაქმებაზე, უფრო პესიმისტურად აფასებენ ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, აისახება იგივე ლარის კურსზე, რომელიც თავის მხრივ იმპორტირებული საქონლის ფასებზე აისახება. რაც შეეხება მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ვითარების სრულიად ადეკვატური", - განაცხადა თურნავამ "ღამის კურიერში".

შესაძლოა, სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალოს, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

შესაძლოა, სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალოს, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20-მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფორმალურად, ფართის მესაკუთრე იჯარის ხელშეკრულებით გადასცემს მესამე პირს ფართს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული", - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, ფართის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საზედამხედველო უწყებებს მიაწვდის. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კელი დეგნანი ნათია თურნავას შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა და ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. როგორც შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა განაცხადა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით ესაუბრათ, ასევე იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში. ,,ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გვესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში", - განაცხადა დეგნანმა.

IRI-ს დირექტორი: საქართველოს მოსახლეობა მუდმივი ოპტიმიზმით გამოირჩეოდა, ბოლო კვლევის თანახმად ეს ტენდენცია იცვლება

თბილისი, საქართველო - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე. "წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე."- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა" (37%) და "მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად" ან "ძალიან" ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის "მეტ-ნაკლებად კმაყოფილია" (44%) და "ძალიან კმაყოფილია" (15%). ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით 20%-იან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45%-მა პროცენტმა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56%-ია. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% - "სრულიად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარკვეულწილად არ უჭერს მხარს". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. "ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს" - განაცხადა ნიქსმა. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI: მოსახლეობის 76%-ს აზრით, გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა". საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა დღეს გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 37%-ს აზრით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. რესპოდენტთა 63% მიიჩნევს რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათი ოჯახებში საგრძნობლად გაუარესდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. თბილისი, საქართველო - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე.

სებასტიან მოლინეუსი: ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო. სებასტიან მოლნეუსმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის დროს საქართველოს საჭიროებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან დასაფასებელია მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო ასეთი რთული გამოწვევების დროს. პრემიერმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის საქმიანობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით არაერთი პროექტის დაფინანსებისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფას, რაც ჯამში 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ინიციატივა, დააფინანსოს საგზაო პროექტები, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელს, რომელიც 12 აქტიური საინვესტიციო და განვითარების პროექტისგან შედგება და ჯამში 928 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს პირველი შეხვედრა იყო მთავრობის ახალ მეთაურთან. მსოფლიო ბანკის სახელით მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა. ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე. საუბარი დავიწყეთ ახალი კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი ვითარების მიმოხილვით და შევეხეთ ვაქცინაციის პროგრამას. ხაზი გავუსვით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის დაცვას შესაძლო მესამე ტალღისგან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანა. მოხარული ვარ, რომ მთავრობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე რამდენიმე საკვანძო სფეროში: სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ადამიანური კაპიტალი. შევეხეთ ასევე კონკურენციის საკითხებს, რეფორმებს და მიმაჩნია, რომ ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი გვაქვს. მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო განსახილველი საკითხი იყო ადამიანური კაპიტალი. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო და მამოძრავებელი ფაქტორი, თან სტრატეგიული მიდგომის ნიშანი იმისა, რომ მკაფიო გრძელვადიანი სტრატეგია და ხედვა არსებობდეს საქართველოს მომავლის შესახებ. მთავრობას მხარს დავუჭერთ ამ სტრატეგიის უზრუნველყოფასა და ქმედითად ქცევაში. ამ პროცესში წვლილს შევიტანთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ანალიზით და მისი განხორციელების ინსტრუმენტების უზრუნველყოფით“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა შეხვედრის შემდეგ.

ნათია თურნავა: არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ „ნამახვანჰესი“ საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანიჰესის“ უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, საჭიროებს მშვიდ და საქმიან გარემოს. „ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენს გვსურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანჰესი“ საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს“, – განაცხადა მინისტრმა.