სამართალი

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმებიან. სიტყვით ისარგებლა გზირიშვილმა. ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამავე თემაზე: ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება დაწყებულია მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტზე. ამჟამად ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები არეულობაში მონაწილე პირების დასადგენად, ასევე მიყენებული ზარალისა და მომხდარი მოვლენების გარემოებების დასადგენად. 21 დეკემბერს სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლთან გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა. აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ საკვამლე ხელყუმბარები გამოიყენეს.

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, პოლიციას ბრალდებულმა მკვლელობის შესახებ თავად აცნობა, ამასთან, თავად დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლების გამოყენებას აპირებს. ადვოკატის თქმით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს და ეს იშვიათად ხდება, თუმცა დაცვის მხარე ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას, რადგან ბრალდებული მიიჩნევს, რომ „ამას იმსახურებს“. „მან თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და არავითარი გირაო არ მოითხოვა, ვინაიდან, თქვა, რომ იმსახირებს ამას“, - განაცხადა ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველმა და დაამატა, რომ სამართლებრივად სრულ კაპიტულაციას აცხადებს. „ამბობს, რომ მოხდა შელაპარაკება, ახსენა შეურაცხყოფა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. აღარ ჩავეძიე, რადგან მდგომარეობა არ არის ადეკვატური. ის იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს“, - ამბობს ადვოკატი „ტვპირველთან“. ამავე თემაზე: ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

შს სამინისტრომ ”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად, ბორჯომსა და რუსთავში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1982 წელს დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად კი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი - 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები - დაკავებული ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს - პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. პოლიციამ ლ.ჯ., და ნ.შ. ბორჯომში, ხოლო დ.წ. რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ,,ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს - დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს.

ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის“. ამავე თემაზე: ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ჯარჯი წიკლაური: 7 ნოემბერს ჩადენილი უმძიმესი სისტემური დანაშაული დღეს ვიდეომტკიცებულებებით დადასტურდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვიდეოკადრების სახით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარადგინა. როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, ეს კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება და საქართველოს მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს. „ბრალდების მხარემ წარმოადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს იყო ვიდეოკდარები და ამ კადრებით დასტურდება, რომ შვიდ ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამას ცდილობენ, წარმოაჩინონ, არამედ მძიმე კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება. საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქციები. ეს კადრები გამოვიკვლიეთ დღეს და როდესაც ბრალდების მხარე საქმის შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს, თუნდაც ამ ძალადობრივ კადრებზე. მან განაცხადა, რომ იგი არაფერ შუაშია, მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, რომ დილით მხოლოდ ტელევიზიით გავიგე აღნიშნული დარბევის შესახებო", - განაცხადა წიკლაურმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ადვოკატი: 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მიერ დღეს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრებით, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს, 7 მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება. ამასთან, ბასიალაია აცხადებს, რომ 7 ნოემბერს ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და რომ პოლიციელების მხრიდან ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა გადაცდომებს ადგილი. „საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მომიტინგეებს საკმაო დრო მიეცათ, საპოლიციო მოთხოვნა შეესრულებინათ. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო, ვნახეთ, რომ მხუთავი აირით დაზიანებულ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ასევე ვნახეთ საკმაოდ მძიმე კადრები, როცა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე და ეს არ ყოფილა პერმანენტული. მე არ მითქვამს, რომ აქციის დაშლის დროს ყველა ეპიზოდში იყო პროპორციული ძალა", - განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხიელ სააკაშვილის ადვოკატი: ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოვითხოვთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება. "მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მისი პოლიტიკურ მძევლობაში აყვანა მოხდა, პერმანენტულად ვითხოვდით სასამართლო პროცესების გამართვას, მაგრამ პროცესებს არ ნიშნავდნენ. შემდეგ, ჩანიშნულ სხდომებზე აღარ მოჰყავდათ, მისი ჯანმრთელობის დამძიმებას ელოდებოდნენ. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და ორჯერ დაესწრო სასამართლო განხილვებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მან დღეს პროცესზე დასწრება ვერ შეძლო", - განაცხადა ბასილაიამ.

ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ვარკეთილში, ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ამირან ძაბუნიძის) საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა. სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება. ფრაქციას „ქართულ ოცნება“ სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფში კვოტები განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.

ომბუდსმენი: წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების, მათი მშობლებისა და სოციალური მუშაკების განცხადებების საფუძველზე დაწყებული საქმეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყების გაჭიანურება და სტერეოტიპული მიდგომა. „ჩვენ გავეცანით მიმდინარე საქმეების გამოძიებას. აქ შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წლიდან დაწყებული საქმეები შევისწავლეთ, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს. ეს არის საქმეები, რომლებიც ეხება განცხადებებს, რომლებიც გაკეთებულია სოციალური მუშაკის ან უშუალოდ ყოფილი ბენეფიციარებისა და მათი მშობლების მხრიდან და ეხება ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობრივ ფაქტებს, მათ შორის, ერთ -ერთი ასეთია სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი. შესწავლილი საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე აჭიანურებდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენდნენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებდნენ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებდნენ ძალიან ხშირად სტერეოტიპულად, არ ანიჭებდნენ მსხვერპლებისა და დაზარალებულების სტატუსს, არ ცდილობდნენ, რომ შეეკრათ დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და არ ცდილობდნენ, გამოევლინათ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში. ეს არის ძირითადი მიგნებები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

რიკოთის უღელტეხილზე, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოიშალა

აღმოსავლთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე, რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები და სასწრაფო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სხდომას არ ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება პროცესს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, დაცვის მხარეს კი რამდენიმე შუამდგომლობა ექნება, რომელიც მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის მოთხოვნას შეეხება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია 12 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 პირი დააკავეს. კერძოდ, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1967 წელს დაბადებული ს. შ., 1975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ გ. და 1971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს. ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა. სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. 2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინია" ამოღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ. მინდა გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები. მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ. ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა. საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს და პარტიის მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეები 4 კარავში განთავსდნენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტის ამ ფორმას წინ უძღვოდა აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც მელიამ „მთავარ არხს“ განუცხადა, კონკრეტული სიის შედგენა ახლა მიმდინარეობს.

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყურადღება დღეს რუსთაველის გამზირისკენაა მიპყრობილი, რადგან ხალხმრავალ აქციას ელოდება. ამასთან, როგორც ხერხეულიძემ ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. „მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია.

ქრთამის აღების ბრალდებით სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ სუს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

საქართველოში 21 მლნ რუბლზე მეტი არადეკლარირებული თანხა შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს.შემოსავლების სამსახურის ცნოით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. „ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი აღმოაჩინეს. ამ თანხამ ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა.

პოლიციამ ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილს და მობილურ ტელეფონს მიაკვლია

სამართალდამცავებმა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია. წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს. ამასთან, მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა". ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს. შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.