სამართალი

დააკავეს მოქალაქე, რომელმაც მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს. წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც ცნობილია, დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სასამართლომ გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პოლიტიკოსი გოგი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ Europetime-ს დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა. უფლებადამცველის თქმით, დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეცვალასთან დაკავშირებით. ,,დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც იხილებოდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გოგი წულაია 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - განაცხადა გელბახიანმა. ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წულაია ბრალს არ აღიარებს.

არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებული ო.წ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურაურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა. "სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ო.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას და მის გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. "საქართველოს პარლამენტი გეგმავს დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატების განხილვის პროცედურა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამა წლის 17 ივნისს წარუდგინა. სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე. მათი ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მაგალითად, 2020 წლის 30 სექტემბრის კანონით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა აღნიშნული ორგანო დღეის მდგომარეობით სრულადაა დაკომპლექტებული 2019 წლის დეკემბერში, უაღრესად პრობლემური და ნდობის არმქონე პროცესის შედეგად არჩეული მოსამართლეებით, რის გამოც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე ვეღარ სარგებლობს ნდობით და აზრს უკარგავს გასაჩივრების მექანიზმის არსებობას. მას შემდეგ, რაც 2019 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, უკვე 2 წელია გასული და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია. დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც ასევე საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“ აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა გაამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა. 7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პროკურატურა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის გააუპატიურაბაში ბრალდებულს, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მოსამართლეებმა მათ მიმართ კრიტიკას, ერთობლივი განცხადებით უპასუხეს

ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მოსამართლეთა განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. „სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს. ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს. სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს. მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები“, - ნათქვამია მოსამართლეთა განცხადებაში. განცხადებას ხელს 310-ზე მეტი მოსამართლე აწერს.

8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ 26 ივნისს მიიღო. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე და არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო. ბრალდებულ მამა-შვილს სამი სახაზინო ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესს არც ერთი მხარის ახლობელი არ ესწრებოდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ივლისსაა ჩანიშნული. ორივე მათგანი სამართალდამცავებმა 25 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. პროკურატურამ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დერეკ შოვინს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მინეაპოლისის სასამართლომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს 22.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორ ცნობილია, ბრალდების მხარე დერეკ შოვინისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. შოვინი დამნაშავედ 2021 წლის აპრილში ცნეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა გადასახადების დამალვისთვისაც. ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი პროტესტი და არეულობები გამოწვია.

უკრაინის ეროვნული პოლიცია: ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის განცხადებით, კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიფიანი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო შეყვანილი "დღეს, 25 ივნისს, ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, "ავტორიტეტი" თავის სამშობლოში იძულებით დააბრუნა. ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო შეყვანილი, როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 42 წლის, რამდენჯერმე ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, მეტსახელით "ვატო ყიფიანი", წარსულში სხვა ქვეყნების სამართალდამცველებმა დააკავეს მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. უკრაინაში ის წარმოადგენდა გავლენიანი რუსული და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში და უშუალოს იყო პასუხისმგებელი დანაშაულებრივი შეკრებების ორგანიზებაზე"- ნათქვამია განცხადებაში. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს

კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი მკვლელობის მომზადების მუხლით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურდა. უწყების ცნობით, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიდიანი თბილისის აეროპორტში დააკავეს, თუმცა შსს-ს პრესსამსახურს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზეა დაკავებული. სუს-მა ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა 2020 წლის იანვარში აღკვეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

პროკურატურამ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამეგრელოში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბ.გ-ს და ზ.გ-ს ბრალდება წარუდგინა. ასევე, ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. "სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაშია. ცნობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დღეს დააკავეს. თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს

გურიაში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 13 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში

ევროსასამართლომ 2005 წელს ჩეჩნეთში 11 ადამიანის გაუჩინარებისთვის რუსეთს 2 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, 2005 წელს ჩეჩნეთის სოფელ ბოროზდინოვსკაიას 11 მოსახლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რუსეთს თითქმის 2 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მრავალი მუხლი, მათ შორის - სიცოცხლის უფლება. "განმცხადებლები ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ ჩხრეკდნენ სახლებს, აპატიმრებდნენ და ცუდად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს, ცეცხლი წაუკიდეს ოთხ სახლს და 11 მოსახლე გაიტაცეს.", - ნათქვამია განაჩენში. როგორც ცნობილია, ბატალიონის სამხედროთა უმრავლესობა ჩეჩნეთიდან იყო. რუსეთმა დამოუკიდებლად გამოიძია მომხდარი. „ვოსტოკის“ ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება უარყო. 2005 წლის ოქტომბერში გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ვოსტოკის“ ასეულის მეთაურს, მუჰადი აზიევს. ბოროზდინოვსკაიას წმენდისთვის მას პირობითი პატიმრობა მიესაჯა. აზიევი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ცნეს დამნაშავედ. გაუჩინარებულთა ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა 2006 წლის ბოლოს გაიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-მ  ევროკავშირს 50 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს

ბრიუსელში, პირველი ინსტანციის სასამართლომ AstraZeneca-ს ვალდებულება დააკისრა, 2021 წლის 27 სექტემბრამდე ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50 მილიონი დოზა მიაწოდოს. ვაქცინების მიწოდების გრაფიკი ასეთია: 15 მილიონი დოზა - 26 ივლისისთვის 20 მილიონი დოზა - 23 აგვისტოსთვის 15 მილიონი დოზა - 27 სექტემბერს. მიწოდების ვადების შეუსრულებლობის შემთხვევაში, AstraZeneca-მ უნდა გადაიხადოს ჯარიმა 10 ევრო, მიუწვდომელ დოზაზე. მოსამართლის გადაწყვეტილება ემყარება იმ ფაქტს, რომ AstraZeneca-მ დაარღვია ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება. "ეს გადაწყვეტილება ადასტურებს კომისიის პოზიციას: AstraZeneca- მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კარგია, რომ ამას დამოუკიდებელი მოსამართლეც ადასტურებს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, ევროკომისიამ მაისის ბოლოს უჩივლა სასამართლოში AstraZeneca-ს და მას ბრალი დასდო უფრო ნაკლები რაოდენობის ვაქცინის მიწოდებაში, ვიდრე შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას მ.დ.-ს და მის მეუღლეს ა.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. „ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე დედა და მამინაცვალი დააკავეს

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე დედა და მამინაცვალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე - ა.ს. არასრულწლოვანს - 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა მედიაში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ,,მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ.აღნიშნული აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დაინტერსებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზეც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიო ფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში.გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კერძოდ, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე - გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით, ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე - უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ასევე ფორმალურად შექმნილი საფუძვლებით და გამოგონილი სახელებითა და მეტსახელებით, გარდა დასახელებული პირებისა, ფარული სატელეფონო მიყურადება მასობრივად მიმდინარეობდა ასეულობით პირის მიმართ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, „ქართული ოცნების“ წევრების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების, მედია საშუალებების ხელმძღვანელების და ჟურნალისტების კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე. გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ან/და სხვაგვარად იყვნენ დაკავშირებული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენებთან. მოწმეებმა დაადასტურეს 2011-2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები.ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით. დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების საწყის ეტაპზევე, ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება ტელეკომპანია „პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. ამავდროულად, ტელეკომპანიას და მის წარმომადგენლებს, როგორც საჯაროდ, ასევე უშუალოდ გამოკითხვის პროცესშიც, შეეთავაზათ, მათთვის მისაღებ დროსა და ვითარებაში, მათთვის მისაღები ფორმით, გამოძიებისთვის გადაეცათ ფარული აუდიო ჩანაწერების პირველადი, დაუმუშავებელი ვერსია.მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი პროცესის არაერთგზის საჯარო განმარტებისა, საგამოძიებო უწყების მცდელობა, მოეპოვებინა ე.წ. ფარული ჩანაწერების დაუმუშავებელი ვერსია მისი ავთენტურობის დადგენის მიზნით, უსაფუძვლოდ გახდა მედიასაშუალებების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და შეფასდა, როგორც ტელეკომპანია „პირველში“ შეჭრის მცდელობა. საბოლოოდ, ტელეკომპანია „პირველს“ გამოძიებისთვის სიუჟეტში გასული ჩანაწერები ამ დრომდე არ გადაუცია.ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყუდარებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას. ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები. გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით - ,,დაგირეკავენ მინისტრები“, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა - მინისტრები.ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა ,,მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები.ამდენად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.აქვე გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - ნათქვამია განცხადებაში.