სამართალი

ჩეხეთში დააკავეს 5 ადამიანი, რომლებიც დონბასში პრორუსულ შეიარაღებულ ძალებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი

Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ დონბასში პრორუსულ შეიარაღებულ ძალებთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საუბარია ჩეხეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან. დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან ისეთი დანაშაულების ჩადენაში, როგორიცაა ტერაქტი, ტერორიზმის დაფინანსება და ტერორიზმის მხარდაჭერა.

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო 2 პოლიციელი დააკავეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ", - ნათქვამია განცხადებაში.

აუდიტი: თავდაცვის სამინისტროში ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ 697,406,534 ლარი შეადგინა

თავდაცვის სამინისტროს აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში არსებული ნაკლოვანებები, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უტყუარ და სამართლიან წარდგენას“, - ამის შესახებ აუდიტის სახელმწიფო დასკვნაშია აღნიშნული. აუდიტის დასკვნის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა. „სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას. კერძოდ, სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან. 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა. სამინისტროს განმარტებით, 2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული მიმართულებით პრობლემის გამოსწორების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება სამუშაო პროცესი“, - აღნიშნულია დასკვნაში. აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობის გამომწვევი მიზეზები, თუმცა აღსანიშნავია, რომ უზუსტობები ძირითადად გამოწვეულია აღრიცხვა- ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით. „ ამასთან, ხშირ შემთხვევაში არ არის დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ქვედანაყოფებსა და სამინისტროში ეკონომიკური მოვლენები აისახება სხვადასხვა პერიოდში. მაგალითად: 2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული14 4,758,776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში. ზოგიერთ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად.15 მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3,734,819 ლარის16 ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის. II ქვეით ბრიგადას 2018 წლის აგვისტოში გადაეცა 1,603,967 ლარის სათადარიგო ნაწილები, რომელიც ბრიგადის მიერ აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად. ერთ-ერთ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანება, ღირებულებით 39,280 ლარი, ჩამოწერილია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც17 , კომპანიას დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების სამინისტროსთვის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელს დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა და აქტივების შემოსავლებში აღრიცხვა, ხოლო ქვედანაყოფის მიერ მარაგები მიღებული და შესაბამისად აღრიცხული არ არის. ü საინჟინრო ბრიგადამ 2019 წელს სამხედრო სისტემებს დაარიცხა 1,936,540 ლარის ცვეთა, თუმცა სამინისტროს არ აქვს შემუშვებული და დამტკიცებული აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე ცვეთის ნორმა. მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან“, - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტს აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი არცილ ჩოფიკაშვილი აცხადებს. ადვოკატის თქმით, მისი შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა. „აფგან მუხთარლის და „უფლებები საქართველოს“ მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის, ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.

ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. მოსამართლემ დერეკ შოვინის სასჯელის ზომა რვა კვირაში ვადაში უნდა გამოაცხადოს. ცნობისთვის, 46 წლის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო. სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ.

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია შვიდ კილოგრამამდე „ჰეროინი“. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს. 1988 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ.-ს, 1996 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1971 წელს დაბადებულ რ.ე.-ს, 1985 წელს დაბადებულ გ.თ.-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ ბრალად“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიოვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულ ი.ი.-სა და 1988 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, სამართალდამცველებმა ისინი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ.-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ზ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. შსს-ს ცნობით, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თელავში 9 წლის ბიჭს, ზებრაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა

თელავში 9 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ერეკლე მეორის ცენტრალურ მოდანზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში შესაბამისი დახმარება უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა

„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა. ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს. "საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივარი მომზადდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას - ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. ნასიძის ქუჩაზე დღეს სროლა იყო. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

სასამართლომ ბრალდებულს, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასმართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ნიკოლოზ წურწუმიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ „საქართველოს ბანკში" მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

BBC: სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან არიან კავშირში

BBC ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი. ჩეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი 2014 წლის 11-16 ოქტომბერს თავდაპირველად პრაღაში ჩავიდნენ, შემდეგ კი იმ ადგილას გაემგზავრნენ, სადაც აფეთქება მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების დროს, პეტროვი და ბოშიროვი ჩეხეთში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პოლიციამ რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხდა. საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

7 და 16 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ  63 წლის კაცს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე 63 წლის კაცს, თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ს.-მ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა თ.ს. 2021 წლის 15 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდონბის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ 7 და 16 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 63 წლის კაცი დააკავა

პოლიციამ 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი მენაბდეს აღკვეთის სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თვილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე მომხდარიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.მას გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია განცხადებაში. შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ქუთაისში, რადიოაქტიური ნივთიერების გაყიდვის მცდელობის ფაქტზე სუს-მა ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები, ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხორავას ქუჩაძე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავა. დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე, გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვ

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებული, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა. ასევე იმსჯელეს მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე. საქმეზე დაკავებული ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამავეს ითხოვდნენ კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატებიც, თუმცა ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით 4 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ. ბრალდების მხარე კი კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ გაიზიარა. დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ბრალდებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავებიან. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

შსს: ხობში 79 წლის კაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს - 1997 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. „მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – ამან თქვა, იმან თქვაო, ავდექი და ლიფტთან დაიწყო – არ წახვიდე, სად მიდიხარო. ლიფტთან წავიქეცი და „შირმას“ დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, კომენდატის საათი იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, იმან თქვა, ამან თქვაზე აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით. ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, ოთხი სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი“, – განაცხადა კოდუამ. ცნობისთვის, პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალი 13აპრილს წარუდგინა.