სამართალი

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და რუსთავის საკრებულოს წევრის გ.მ.-ს დაჭრაში ბრალდებულ ნ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 აპრილს, ქ. რუსთავში, მეზობლებს ნ.ტ.-სა და გ.მ.-ს შორის საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ნ.ტ.-მ იძალადა გ.მ.-ზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც ბრალდებულმა გ.მ.-ს ფეხის არეში დანით დაზიანება მიაყენა. ნ.ტ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."- ნათქვამია უწყების განცხადებაში. რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობა არ შეაჩერა

5 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა​ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა შეჩერებულიყო 19-სართულიანი (3 მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბათუმის ბულვარის - ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი. - ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ( ყოფილი EMC) ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, “საზოგადოება ბათომის” სახელით, მიღებულ განჩინებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რომლის ფარგლებშიც მოითხოვს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაღალი ინტერესების ხელყოფის აღკვეთას. "ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე უარის თქმით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, რატომ არ იზიარებს სასამართლო მოსარჩელეთა პოზიციასა და წარდგენილ მტკიცებულებებს. ზოგადად საერთო სასამართლოების მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების არგამოყენება მართლმსაჯულების პრაქტიკის სერიოზული გამოწვევაა. მნიშვნელოვან სასამართლო დავებშიც კი, სადაც აშკარაა უფლებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზული და შეუქცევადი დარღვევის რისკები, სასამართლოები როგორც წესი შეჩერების მექანიზმს არ იყენებენ და ამას აშკარად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით აკეთებენ. ამ პრაქტიკით სასამართლოები აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლსა და ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტრესების ეფექტიან დაცვაზე უარს ამბობენ, რაც ზოგჯერ მართლმსაჯულების როლს მთლიანობაში მოჩვენებითსა და არარეალურს ხდის. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უკიდურესად პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის მიუხედავად, აჭარის მთავრობის წარმომადგენელები, “ამბასადორი ბათუმის” უკანონო მშენებლობის უგულებელყოფის პარალელურად, განაგრძობენ საჯარო ინტერესის დათმობას კერძო კომპანიების სასარგებლოდ სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ადგილობრივების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია ბათუმის საკრებულოს სხდომამ, რომელზეც ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანიის მოთხოვნით, საკრებულოს ბულვარის პლაჟის ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯელა. მოქალაქეთა პროტესტის საპასუხოდ, 30 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების დაწყებაზე გამოცხადდება სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. თუმცა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული მორატორიუმი არ შეეხება “ამბასადორი ბათუმის” მიმდინარე მშენებლობას. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი. ამ პირობებში ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა დროულად, გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოს და სასამართლოს კონტროლი მშენებლობის პროცესის მიმართ რეალური და ეფექტიანი გახადოს. პარალელურად სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) და “საზოგადოება ბათომი” სხვა აქტივისტურ ჯგუფებთან და მოქალაქეებთან ერთად განაგრძობენ სამოქალაქო ბრძოლას საჯარო სიკეთეებისა და კულტურული სივრცეების დასაცავად.", - ნათქვამია განცხადებაში.

პოკროვის კოლონიასთან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ექიმები დააკავეს

რუსეთში, პოკროვის მეორე კოლონიასთან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დააკავეს. მათ შორის არის ორგანიზაცია „ექიმთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა, რომელიც პოლიტიკოსთან შეშვებას ითხოვდა. Telegram-ის არხი Avtozak Live-ი იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან CNN-ის კორესპონდენტი მეთიუ ჩენსი და Belsat TV-ის კორესპონდენტი, რომლის სახელსა და გვარს არ იტყობინებიან. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულია ცხრა ადამიანი. რამდენიმე ათეული აქტივისტი პოკროვში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ალექსეი ნავალნის კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაყვანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. „ჩვენ მივაღწიეთ ერთ მიზანს – ამ საშინელი პრობლემისადმი ყურადღება მივიზიდეთ. ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ კოლონიის ხელმძღვანელობას გაეცნობიერებინა, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ალექსეი და შედეგად რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ჩვენ გვსურდა, სამედიცინო-სანიტარული ნაწილის ექიმთან დალაპარაკება, რათა გაგვეგო, რა მკურნალობა უტარდება მას“, – განაცხადა „ბიბისის“ რუსულ სამსახურთან ვასილიევამ. ინციდენტამდე „ექიმების ალიანსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოკროვში მიემგზავრებიან „არა პროტესტისთვის“, არამედ ნავალნის „გადასარჩენად“. 31 მარტს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და მასთან მიწვეული ექიმის შეშვება მოითხოვა. მანამდე, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ აცხადებდა. ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში გერმანიიდან ჩასვლისას დააკავეს.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც ფსიქიატრიულში უკანონოდ განათავსეს, კლინიკას სასამართლო დავა მოუგო

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო, ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო. სასამართლომ დაზარალებული ქალის სასარგებლოდ, კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 5000 ლარის გადახდა დააკისრა. PHR საქმის დეტალებს ასაჯაროებს და აცხადებს რომ დაზარალებულის კლინიკაში გამოკეტვის ფაქტს, წინ უძღოდა ოჯახური ძალადობის შემთხვევა. მისი ფსიქიატრიულში გადაყვანაც სწორედ ოჯახის წევრმა მოითხოვა. "დაზარალებული ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს. აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება - იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში. აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი - მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და შპს "N5 კლინიკური საავადმყოფოს" დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო. PHR აგრძელებს შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანის ხელისუფლებამ 10 ადამიანს ბრალი წაუყენა

Reuter-ის ინფორმაციით, თეირანის აეროპორტის მახლობლად უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანის ხელისუფლებამ ათ ადამიანს ბრალი წაუყენა. როგორც ცნობილია, ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გასულ თვეს თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზად რადარის ხარვეზი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ოპერატორის შეცდომა დაასახელა. „თანამდებობის ათ პირს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს. საჭირო გადაწყვეტილებები სასამართლოში იქნება მიღებული“, – განაცხადა თეირანის სამხედრო პროკურორმა, ღოლამ აბას ტორკიმ. ცნობისთვის, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი 2020 წლის იანვარში საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ირანის მთავრობამ ინციდენტს „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა, რომელიც იმ დროს იქნა დაშვებული, როდესაც ქვეყნის სამხედრო ძალები აშშ-სთან რეგიონული დაპირისპირების საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ავიაკატასტროფამდე ირანმა ერაყში არსებული ამერიკული ბაზა დაბომბა.

საია: სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, ოჯახურ დანაშაულებზე ბრალდებულთა გამართლების ხარჯზე იზრდება

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაზრდილია. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნულუი. საია-ს მტკიცებით, აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად, გამოწვეულია ოჯახური დანაშაულების საქმეთა ბრალდებულების სასარგებლოდ დასრულებით. „კერძოდ, როდესაც დაზარალებული სარგებლობს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და ჩვენებაზე უარს ამბობს, საქმეზე აღარ რჩება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობას დაადასტურებდა. ეს კი, საბოლოოდ, ბრალდებულთა სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტას იწვევს. პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. ამ კატეგორიის დანაშაულის საქმეები, ძირითადად, გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება“, - ვკითხულობთ ანგარიშში საია-ს ცნობით, სხვადასხვა მონაცემით, ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ წარმოებული ამგვარი საქმეების რაოდენობა და მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა.

უვადოდ არჩეული ქართველი მოსამართლე აშშ-ში შვილის მოსანახულებლად გაემგზავრა და საცხოვრებლად დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაია სვიანაძე, რომელიც მოსამართლის პოსტზე უვადოდ აირჩიეს, აშშ-ში შვილის მოსანახულებლად გაემგზავრა და საცხოვრებლად დარჩა. სვიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გათვაისუფლების მოთხოვნის შესახებ განცხადება, აშშ-დან გამოუგზავნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადასტურებს, რომ მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან 5 აპრილს გაათავისუფლეს. "მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის", - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. როგორც მედიასთან საუბრისას მოსამართლე მაია სვიანაძე აღნიშნავს, მისი შვილი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს და მას აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების უფლება აქვს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ანგარიშს აქვეყნებს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში, რომელიც საია-მ დღეს გამოაქვეყნა, ოთხ წლიან პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ძირითადად საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასა და საპროცესო შეთანხმებებზე. "პატიმრობის მოთხოვნა არის გაზრდილი, შუამდგომლობით შესვლა პატიმრობასთან და არა აღკვეთის სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. საგულისხმოა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული და ხშირ შემთხვევაში არის შაბლონური. პატიმრობისა და გირაოს გარდა, სხვა აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც აღკვეთის ღონისძიების გარეშე ტოვებს სასამართლო პირებს.გადაუდებელი ჩხრეკა-ამოღების დაკანონებაზე როდესაც მიდგება საქმე და სასამართლომ უნდა დააკანონოს ჩხრეკა-ამოღება, ძირითადად დადებითი გადაწყვეტილებით სრულდება ხოლმე და ეს განჩინებები ხშირ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი და შაბლონურად გამოიყურება ხოლმე. მეტ-ნაკლებად დადებითად გამოიკვეთა, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა ბოლო წლებში,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. საია-ს განცხადებით, პარლამენტს მიმართავენ შემდეგი რეკომენდაციებით: აღკვეთის ღონისძიებების სახეები გაფართოვდეს, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ პატიმრობა და გირაო არ იყოს გამოყენებული. "ჩვენი მოწოდებაა, რომ სადაც შესაძლებელია ჩხრეკა-ამოღების თუ დაკავების ვიდეო-აუდიო გადაღება, დავაზღვიოთ ყველა რისკი. მნიშვნელოვანია ნარკოტიკულ დანაშაულთან ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, მეტი ჰუმანიზება, რომ არ იყოს არათანასწორი, არასამართლიანი, არაპროპორციული სასჯელები.

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა. როგორც Europetime-ს მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა, მოსამართლე კვლავ ნინო ჩახნაშვილი იქნება. ,,8 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა საქმის არსებითი სხდომა, მეტი ჩვენთვის ცდნობილი არაფერი არ არის. მოსამართლე ისევ ქალბატონი ნინო ჩახნაშვილია. დიდი ალბათობით, ამ პროცესზე განიხილება ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადახედვა, ანუ დატოვებენ უკანონო პატიმრობაში, თუ გაათავისუფლებენ. ეს არის სტანდარტული პროცედურა კანონის მიერ", - განაცხადა კონდახაშილმა. კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს. ,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, სასამართლომ გირაოს არგადახდის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა პედაგოგებიც ჩაერთონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსიზე ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა პედაგოგებიც ჩაერთონ. „პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა [საკოორდინაციო] საბჭოზე საუბარი. ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე.. ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომელბიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფაროთოების შემდეგ ..ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 11 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს. ,,საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროჯასტთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინეს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან - გ.გ.-სთან და გ.ლ.-სთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, მათ შორის კ.კ., გ.მ., მ.თ., ვ.ნ., ა.მ., ა.გ., ქ.ი. და გ.ბ.. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოიპოვებდნენ რა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, ქ.თბილისში ნაქირავები ოფისიდან, სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ზემოხსენებული პირები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას. ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ევროჯასტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი შეადგენს 620 000 ევროს. ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც დაყადაღებულია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამცემი სასამართლოს განჩინებით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც. პროკურატურამ ჯ.ჰ.-ს, გ.ლ.-ს, ა.მ.-სა და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, გ.გ.-ს, ვ.ნ.-ს, კ.კ.-ს, ქ.ი.-ს, გ.ბ.-ს, მ.თ.-სა და ა.გ.-ს კი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“, მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. საქმეზე გრძელდება გამოძიება. საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ კი ევროჯასტის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს სხვა დაზარალებული მოქალაქეებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის იდენტიფიცირება", - აღნიშნულია განცხადებაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა.

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი მთავრობის კრიტიკის გამო დააპატიმრეს. ინფორმაციას ALJAZEERA ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 4 აპრილს გადამდგარმა ადმირალებმა წერილი გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს თურქეთის მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. გადამდგარმა ადმირალებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „შეშფოთებით აკვირდებიან „სტამბოლის“ არხის შექმნის საკითხის განხილვას საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების იურისდიქციის კონტექსტში“. მათ მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ მონტრეს კონვენციიდან თურქეთის გასვლის შესაძლებლობის განხილვა. სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის შენარჩუნება.

რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დააკავა. დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა საკრებულოს წევრს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და მიიმალა. მღებრიშვილი ფეხის არეში დაიჭრა. დაშავებულს ფეხზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.ინციდენტი რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება კორუპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილ უთანხმოებას მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობის" მტკიცებით კი დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. რასაც კატეგორიულად უარყოფენ რუსთავის საკრებულოში. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 2000 ლარით დააჯარიმეს

ნამახვანჰესის საწინააღდეგო აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. აქციის მონაწილეები ღამეს კარავში ათენებდნენ. ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ხელისშეშლის მიზნით, დემონსტრანტები რამდენიმე კვირაა კარვებში მორიგეობით ღამეს ათენებენ. დაჯარიმებული აქციის მონაწილეების განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ღამეს კარავში ათვდა, ზოგი კი მანქანებში, როდესაც პოლიცია მოვიდა, იძულებით გარეთ გადაყვანეს და ჯარიმა დაუწერეს. უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც ნამოხვანში პროტესტი გრძელდება. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. "ნამახვანჰესის" დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნამდე ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება. "ჰესის" პროექტის ინვესტორი კომპანია "ენკას" წარმომადგენლები დილიდან რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებოდნენ, თუმცა წინსვლა ამჯერადაც არ არის - პროექტზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება. დღეს აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. დაპირსიპირების დროს პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს დღეს ომბუდსმენიც შეხვდა. შს სამინისტრომ დღეს უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდა.

გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახის წევრებმა მისი დაკარგვის შესახებ განაცხადეს. ოჯახმა გარდაცვლილთან კონტაქტი 2 აპრილს დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეგი ბაქრაძის ადვოკატის მტკიცებით, მიმოწერები ნახეს, სადაც ექთნის დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობენ

ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ. მეგი ბაქრაძის ბიძისა და ადვოკატების თანდასწრებით გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი დაათვალიერეს. ადვოკატის განცხადებით, საერთო ჩათებში ტექსტური შეტყობინებების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელშიც საუბარია დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე. "მოხდა კონკრეტული მოწმეების იდენტიფიცირება, კონკრეტული "ჩატის" მონაწილე პირების მიმოწერის ავტორების იდენტიფიცირება, ვინც საუბრობდა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიც არის კლინიკა "იმედიდან" მეგი ბაქრაძის დაგვიანებით ტრანსპორტირებაზე და თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ისეთი პირების მიმოწერები და შინაარსი არის, რომ მკვდარი წამოიყვანეს მეგი ბაქრაძე კლინიკა "იმედიდან" ,- ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.

რიონის ხეობაში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღდეგეთა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირსიპირება მოხდა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ 2 პირი დააკავა. "ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ჰესის ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ დასახლებაში შეკრებილები ცდილობენ კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ. „თვალნათლივ არის ყველაფერი წარმოდგენილი, კომპანიამ ისევ განაახლა მუშაობა, რასაც თვითონ მოსამზადებელ სამუშაოებს ეძახიან, უკან არ დავიხევთ!“ - აცხადებს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე. შსს: უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება

შსს: უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან მობილიზებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ნამახვანჰესის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა.

შსს ნამახვანჰესზე: რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.

სუს-მა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 9 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგულებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს .გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - აღნიშნულია განცხადებაში.