სამართალი

სოზარ სუბარი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 1000-მდე ადამიანს შეეხება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები კრიმინალის ზრდას არ გამოიწვევს. მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე მსჯავრდებულს შეეხება. როგორც სუბარი განმარტავს კანონპროექტი შეეხება მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თუმცა არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც, ოღონდ იმ ნაწილში, სადაც ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „ განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევა ნარკოტიკების ფლობა, თუ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. და დღეს პარლამენტში უნდა გავიდეს მეორე მოსმენით. დაისვა არაერთი კითხვა და წინადადება. შესაბამისად, მათი ნაწილი გათვალისწინებულია. გაფართოვდა როგორც მუხლების რაოდენობა, ისევე იმ პუნქტების შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს ეს კანონი. ამნისტიის ეს აქტი შემუშავებულია ისე, რომ კრიმინალის ზრდის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, ჰუმანური აქტია, თუმცა ამნისტიას ყოველთვის აქვს ერთი მინუსი ის, რომ ის თანაბრად ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ამ კონკრეტული მუხლის ქვეშ ხვდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არანაირად არ ნანობს ან ადამიანი, რომელმაც დღეს დაიწყო სასჯელის მოხდა. წარმოდგენილი რედაქცია დაახლოებით 1000-მდე ადამიანს შეეხება“, - განაცხადა სუბარმა.

შაქარაშვილის საქმეში სამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს: საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ბრალდების მხარე მათ ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებოდა. ბრალდებულებს პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა, საქმის ამ კონკრეტულ ნაწილში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანიც. ბრალდებულების ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა ბრალდებული. აღნიშნულ 3 პირთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შაქარაშვილის ოჯახი არ აპროტესტებს. "არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, სადაც გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე. 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შევიდა. „კანონპროექტში უკვე შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული ახალი ნაწილები, ახალი ფრაგმენტები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები და მათთან დაკავშირებით არჩეულია პოზიცია, რომლითაც მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ მოხდება ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში ორი ფორმაა გამოყენებული, ეს გახლავთ: განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება და ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც მიღებული იქნა კანონპროექტი პირველი მოსმენის დროს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთა საბოლოო ვერსიები პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი. „პირველი ვერსიისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ მუხლებს შეეხება ეს პროექტი და თუ პირველ ვერსიაში იყო მხოლოდ გათავისუფლება ან განახევრება, ახლა უკვე გარკვეული ვადით შემცირებაზეც არის საუბარი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაბალანსებულ მოდელს მივიღებთ“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხნაშვილმა. კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გერმანიაში, რეგულაციების დარღვევის გამო, პოლიციამ ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები დააჯარიმა

რეგულაციების დარღვევის გამო, გერმანიაში პოლიციამ ეკლესიაში შეკრებილი 100-ზე მეტი მორწმუნე დააჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფორმაციას Deutsch Welle ავრცელებს. შემთხვევა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ ჰერფორდში მოხდა. პოლიციის ცნობით, 100-ზე მეტ ადამიანს ჯარიმა მასობრივი შეკრების აკრძალვის შესახებ წესის დარღვევისა და სოციალური დისტანციის უგულვებელყოფის გამო გამოუწერეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ტაძარში მყოფ პირებს პირბადე არ ეკეთათ და საგალობელს ასრულებდნენ, რაც ასევე აკრძალულია, რადგან ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეკრების ორგანიზატორებს უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრებათ. გერმანიაში მოქმედი კანონით, ეკლესიაში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია.

მიხეილ სარჯველაძე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე - იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მიღებულია გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გარკვეულ დანაშაულებებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქებას მოიცავს. სარჯველაძის თქმით, სასჯელის შემსუბუქებაში მისი განახევრება და მეოთხედით შემცირება იგულისხმება. „შემოვიდა კანონპროექტში გარკეული ახალი ნაწილები სისხლის სამართლის კოდექსის, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები, რომლთა დაკავშირებითაც არჩეულია პოზიცია, რომ მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ - ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში, ორი ფორმაა გამოყენებული, ეს არის განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება. თუმცა ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენის დროს კანონპრექტი, ეს ძირითადი მიდგომები კვლავაც შენარჩუნებულია. ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, ძალადობრივ დანაშაულებს, ოჯახურ დანაშაულებს, სადაც კვლავ პრინციპულია მიდგომა. იქ, სადაც შესაძლებლობა ვნახეთ, რომ გარკვეული გაფართოება მოგვეხდინა, ასეთ შემთხვევაში ეს გამოყენებული იქნა. იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მისი გავრცელების ინტენსივობა, ამის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონრპოექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის ქალს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 3 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის ქალს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. „არ მჯერა რომ ეს ყველაფერი მოხდა, თითქოს სიზმარში ვარ და ველი რომ ამ სიზმრიდან გამოვალ. ციხეში თუ არ ვიქნები და გამათავისუფლებენ მონასტერში წავალ და აღვიკვეთები“- განაცხადა შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა. პროცესზე პროკურატურა ეჭვმიტანილის მხოლოდ პატიმრობას მოითხოვდა. მათი თქმით, 2021 წლის პირველ იანვარს ღამის საათებში, ბრალდებულმა თ.ა-მ შვილს ი.ა-ს გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით მიაყენა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება არსებობდა. შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საზღვრის რამდენჯერმე კვეთა უფიქსირდება. ასევე აქვს საზღვარგარეთ ბინადრობის უფლება. „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს დანა, ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქები, მოკლულის ტანისამოსი რომელზეც ასევე სისხლის ლაქებია და დაზიანებულია,“- აღნიშნა ბრალდების მხარემ. მათივე განმარტებით არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაჭერის და ჩხრეკის ოქმები. გარდა ამისა ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო პროცედურები. დაკავებულის ადვოკატის, ეკა აბაშიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია საქმე ეხება თავდაცვას. ადვოკატის ინფორმაციით, 61 წლის ქალს მისი შვილი ადრეც დაესხა თავს, რომელსაც ფსიქო-ემოციური პრობლემები ჰქონდა. ადვოკატმა გარდაცვლილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, სასამართლოს დოკუმენტები წარუდგინა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაზარალებული და ამას მოწმობს, გასულ წელს მომხდარი ფაქტი, რომელშიც გარდაცვლილს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა და სადაც დაზარალებული მისივე დედა იყო, მიუხედავად ამისა დედამ შვილს 5000 ლარი გირაო გადაუხადა. მოკლულს რიგი დაავადებები ჰქონდა, ასევე იყო ფსიქო-ემოციურად გაუწონასწორებელი. საზღვარგარეთიდან კი დედა სწორედ, შვილის მისახედად და სამკურნალოდ ჩამოვიდა“, - აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოთქმულ აზრს, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენები, რადგან აბაშიძის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს სახლში, იმ კონკრეტულ ოთახში მხოლოდ დედა და შვილი იმყოფებოდნენ. ეკა აბაშიძე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მიმალვის საშიშროება არ არსებობს. აბაშიძემ სასამართლოს შესთავაზა საქმის მიმდინარეობის პერიოდში ბრალდებულს საერთაშორისო პასპორტი ჩამოერთვას და საზღვარგარეთ ბინადრობის უფლების დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. „დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო თვლის რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება,“- განმარტა მოსამართლემ.

თელავში სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაკავებული აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თელავში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაკავებული მოძრაობა „საქართველოს“ წევრი გივი ცინცაძე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო. დღეს თელავის პოლიციის შენობასთან კარვების გაშლის მცდელობისას, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეები 1 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროულად გამოძიებას და ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვლიფიკაციის მინიჭებას მოითხოვდნენ. 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილი აქტივისტების კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა. აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. აქციის მონაწილეების თქმით, მორიგი აქციას ჯერ პროკურატურასთან, შემდეგ კი თელავის საკრებულოსთან გამართავენ. .

თელავში აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

თელავის პოლიციის შენობასთან კარვების გაშლის მცდელობისას, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავებული მოძრაობა „საქართველოს“ წევრი გივი ცინცაძეა. ინცინდენტის დროს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა. დაზიანდა კარავიც. ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილეები 1 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროულად გამოძიებას და ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვლიფიკაციის მინიჭებას მოითხოვდნენ. 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილი აქტივისტების კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა. აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

შაქარაშვილის საქმეზე სამ ბრალდებულს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ადვოკატები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, თუ მხარეებისთვის ყველა პირობა მისაღები იქნება. ბრალდებულების მტკიცებით, შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს მცხეთის გზატკეცილზე არ ყოფილან. გოგშელიძე და წაქაძე მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. თუმცა მათი თქმით, მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონიათ და არც ინფორმაციას ფლობენ. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო იყო განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ასევე ე.წ. აგარაკის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა. „ჩიქოვანმა აღნიშნული თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. თანახმაა, რომ დაკავებულებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება. ტექნიკურად თუ მოესწრო, დღესაც არის თეორიულად შესაძლებელი პროცესის ჩანიშვნა, თუმცა ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ სამივე დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე აღიარებენ მათთვის წარდგენილ ბრალს. დღის განმავლობაში გვეცოდინება, მოესწრება თუ არა დღეს სასამართლო სხდომის ჩანიშვნა. თუკი მხარეებისთვის ყველა პირობა იქნება მისაღები, მაშინ საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება შედგება“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ. 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინეს. - ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 430 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. "სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 95 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 430 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. უშუალოდ ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი,​ დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში. პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. „მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18:00 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას 5 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17:00 საათზე", - განმარტავს საია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 390 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველის მიმართ ბრალის წაყენების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვ.ზ. -ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებული ვ.ზ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში პოლიციელია ბრალდებული.

გოჩა ლორთქიფანიძე: რუსეთის თანხმობა, ევროსაბჭოს შუამავლობით განიხილოს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხის გადახდის საკითხი, ფრთხილი წინსვლის იმედს გვაძლევს

რუსეთის თანხმობა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუამავლობით განიხილოს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხის გადახდის საკითხი, ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედს გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ლორთქიფანიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს ამ ვალდებულების შესრულებას მუდმივად ახსენებდა. „ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მუდმივად ახსენებდა ვალდებულების შესახებ რუსეთის ფედერაციას, რათა გადაეხადა 10 მილიონი ევრო, მინიმუმ 1 500-ზე მეტი მსხვერპლისათვის და ამ მიმართულებით არის წინსვლა. რუსეთის ფედერაცია დათანხმდა, რომ განიხილოს მოდალობები, რომლის მიხედვით, ამ საკითხის გადაჭრა მოხდება ევროპის საბჭოს შუამავლობით. ეს ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედებს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ გადახდის ნაცვლად, ჩვენ ვიწყებთ განხილვას მოდალობების მიხედვით, როგორ უნდა მოხდეს ეს”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. შეგახსენებთ, საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას, მათი უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

კახეთში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ.-ა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, საკარანტინო წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. " ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ბ.ჯ. კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ა.კ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ბ.ჯ.-ს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა.პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს" - ნათქვამია განცხადებაში