სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა

ხაშურში, ცხრამუთის დედათა მონასტერში, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს უცნობი პირი შეიჭრა. როგორც ცნობილია, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მონაზონს და კლინიკაშია გადაიყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა უცნობმა პირმა მონასტრის გაქურდვა და ნივთების წაღება.  ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.  

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. "სააგენტოს ცნობით, შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა", - ნათქვამია განცხადებაში. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5 000 ლარით დაჯარიმდა.  

შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. შეგახსენებთ, თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.   

შსს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოსახლეობას სატელეფონო მოკლეტექსტური საინფორმაციო შეტყობინები გაუგზავნა. საქართველოს მთავრობა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა „ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აღნიშნული დანაშაულის შესახებ, დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის facebook გვერდს"- აღნიშნულია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან დაგზავნილ SMS შეტყობინებებში. ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.  

გურჯაანში, 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა კლინიკაში თავად გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 წლით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ცხრა პირი პასუხისგებაში მისცა - საგამოძიებო სამსახური

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ცხრა პირი, მათ შორის ორი ყოფილი, ერთი მოქმედი საჯარო მოხელე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს, მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი. ასევე დადგინდა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თერჯოლაში, სუპერმარკეტში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.  შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს  

შალვა თადუმაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს

საქართველოს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს. მისივე თქმით, ის სასამართლოს “კლანის” წევრი არ არის. “გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობენ. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით ზეწოლის ქვეშ არასდროს მივქცეულვარ”, - განაცხადა თადუმაძემ.  

შსს: ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "თბილისის პოლიციამ 1972 წელს დაბადებული გ.მ. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა. შიდა ქართლის პოლიციამ 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი. გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1941 წელს დაბადებული ო.ო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 680 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და 5 სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დმანისის პოლიციამ 1967 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი. საგარეჯოს პოლიციამ 1996 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა.. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი და 28 ვაზნა. ოზურგეთის პოლიციამ 1952 წელს დაბადებული გ.წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა სისტემის 2 პისტოლეტი, შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება, 2 ხელყუმბარა, 12 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 293 ვაზნა. ონის პოლიციამ 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 16 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. გეკო. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

შსს-ს თანამშრომლები ანკარაში, ანტიტერორისტულ სწავლებაში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, ხოლო მეორე ეტაპი - მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს. კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუვნებლება, ასევე, პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან. აღნიშნული სწავლება, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.  

სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  

ახალგაზრდა კაცი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან, 29 წლის კაცი გადახტა. როგორც ცნობილია, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე კაცს შენობიდან გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მივიდა და მასთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ქვეყნის პირველ პირს სააკაშვილის სამედიცინო დასკვნები პირადად გააცნოს. "მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს", - თქვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევისას 17 წლის მოზარდი დაიღუპა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.   

13 წლის გოგო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის კაცი, ბაბუის ძმაა

13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის კაცი ბაბუის ძმაა. შიდა ქართლში, არასრულწლოვანზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე. „დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.  

ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებული კაცის ოჯახი წევრები ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ

ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები, - ამის შესახებ ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახის წევრმა განაცხადა. „ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები - ერთს ჩვენ ვზრდით, მეორეს მული და მესამე მასთან არის. ბავშვს დედამ შთააგონა, რა და როგორ უნდა ეთქვა. მისი ინტერესი აქვს, ეს სახლ-კარი უნდა და მიზეზიც ეს არის. ასეთი ტყუილი მოიგონა“, - აცხადებს დაკავებული მამაკაცის მეუღლე. შეგახსენებთ, სამეგრელოში, მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.  

სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. წირვა-ლოცვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.      

პოლიციამ, ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.