სამართალი

პროკურატურა: ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად,,ქურდული სამყაროს“ წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს მიმართეს. კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისსა და სამეგრელოში რამდენჯერმე ე.წ. ქურდული გარჩევები მოაწყვეს. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავის თაობაზე პრესკონფერენციას ხვალ გამართავს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში ამ საქმეზე 31 ბრალდებული და 57 დაზარალებულია.

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ს. ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. „დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.   

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანია. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა, ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 274 675 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 27 467 ლარით დაჯარიმდნენ.  

რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19), გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში, სამართალწარმოება მთლიანობაში არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში. ამასთან, სასამართლო ორი პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს. კერძოდ: სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;   სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას; (უდანაშაულობის პრეზუმფცია)   კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, მოპასუხემ, სახელმწიფომ განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს ხარჯის სახით დაეკისროს. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევაზე დავობდა. ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია რას ცვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ჯანდიერის განცხადებით, მსჯავრდებულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი მსჯავრი უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა გიორგი ჯანდიერმა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იურისტმა უპასუხა: „მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული. სასამართლომ თქვა, მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის კონვენციის დარღვევას ვერ უყურებს, რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობის განხილვას და გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი“. რამდენად კანონიერად შეიძლება, ჩაითვალოს გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი ჯანდიერის განმარტებით, როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი. „მტკიცებულებებთან ნაწილში სასამართლოს შემდეგი აქვს ნათქვამი. პირველი, ის, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, გადააფასოს კანონიერად მოხდა თუ არა მტკიცებულებების მოპოვება. ანუ, სტრასბურგის სასამართლო არ აფასებს კანონიერების საკითხს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით“. შესაძლოა, თუ არა, რომ ეს გარემოებები ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდეს იურისტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საფუძველია საქმის წარმოების განახლების. „სასამართლო ხარჯები დაკმაყოფილებულია, რაც შეეხება სხვა ნაწილს, მორალური ზიანი არ დაუკმაყოფილებია, ეს არ არის გამონაკლისი. როცა სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ის მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვეულად აღიარება საკმარისი საფუძველია და აღარ საჭიროებს თანხობრივი კომპენსაციის განსაზღვრას“, - აღნიშნავს გიორგი ჯანდიერი. გიორგი მამალაძე მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, (შემოსავლის დაკარგვის გამო) 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის ითხოვდა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დეკანოზი ასევე ითხოვდა 6360 ლარს, სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარს დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის, რომელიც დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 4 პირს, მათ შორის პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ. „მოგვიანებით, თაღლითობის თაობაზე ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორისთვის. ამ უკანასკნელმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მეგობრული და საქმიანი კავშირების გამო, არ მოახდინა სამართლებრივი რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე, რამაც დაზარალებული პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცველებისთვის შეტყობინების შიშით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხსენებულ პატრულ-ინსპექტორს დაზარალებულისთვის დასაბრუნებლად 6 200 აშშ დოლარი გადასცეს, საიდანაც მან დაზარალებულს 4 800 აშშ დოლარი მისცა, ხოლო 1 400 აშშ დოლარი მიითვისა. დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 პირს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273’-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.  

მედია: პოლიციამ იპოვა ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, რომლის მოპარვის შესახებ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რეკორდულ დროში იპოვეს. ამის თაობაზე ნეაპოლიტანური მედია წერს. მისივე ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა პოლიციელებმა ნეაპოლიდან 24 კილომეტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს. 3 ნოემბერს, იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.  

ბექა ძამაშვილი მამალაძის საქმეზე: მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დაკისრებულ კომპენსაციაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მისვე თქმით, გიორგი მამალაძის საქმეში ერთმანეთისგან ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს. „ერთი არის, როდესაც მომჩივანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური. კონკრეტულად ზიანის ნაწილში მომჩივანი ითხოვდა დაახლოებით 450 ათასი ლარით ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და 150 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას. ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა ამ ნაწილში სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს, ანუ საერთოდ არაფერს გადაიხდის. და მეორე მხარე არის, როდესაც სტრასბურგში საქმის წარმოება უწევს ადამიანს, იქ აქვს მას გარკვეული ხარჯები. ეს არის იურიდიული მომსახურების ხარჯები თუ სხვა. სწორედ ამ ნაწილში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9400 ლარის ოდენობით აუნაზღაუროს ეს ხარჯები. არა ზიანის ნაწილში, არამედ ხარჯების. ეს ხარჯები იქნება იგივე ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა და ა.შ. შესაბამისად, ყველასთვის რომ გასაგები იყოს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ის პროცედურული დარღვევები, ის მცირედი, არ ყოფილა ისეთი არსებითი ხასიათის, რომ რაიმე კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარი მოთხოვნა რაც იყო მომჩივნის, ის არ დაკმაყოფილდა. განაჩენის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა და შესაბამისად, ამიტომაც არ ჩათვალა სასამართლომ საჭიროდ, რომ მომჩივანს რაიმე განსაკუთრებული მორალური ზიანი მიადგა ამის გამო“-  განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.  

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას Corrieredellosport-ი ავრცელებს. მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს. გამოცემა წერს, რომ ამ დროის ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა, თუმცა ვერაფერი შეამჩნია. „ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა, დღეს კი, გუნდთან ერთად ვარჯიშზე წავიდა“, - წერს იტალიური მედია.

ფინანსთა სამინისტრო: თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი" სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ვერცხლი (საერთო წონა 8500 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13670.42 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა, 13 670,42 ლარი შეეფარდა.  

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილა და მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა. ადოკატის თქმით, ევროპული სასამართლოს წინაშე სამი ძირითადი მოთხოვნა იყო დაყენებული. „ერთი - ეს უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებასა და გამოყენებას. მეორე საკითხი იყო დაკავშირებული საქმის განხილვასთან დახურულ რეჟიმში, მთელი პროცედურის განმავლობაში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. სხვა დანარჩენ ნაწილებში კი სასამართლომ თქვა რომ დარღვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ჯანდიერმა.  ამასთან ადვოკატმა განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია საქმის წარმოების განახლება. ასევე შესაძლებელია მამალაძეს, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელი შეუმსუბუქდეს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს.  ჯანდიერის განცხადებით, თუ რა მიმართულებით იმოქმედებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ საკითზე ის დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.    რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე  ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა. რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“, - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.  თავის მხრივ, პროკურატურის შეფასებით, რომელსაც IPN ავრცელებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

პროკურატურამ "კანონიერი ქურდობისა" და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ,,ქურდულ გარჩევებში“ და გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს; საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. „ასევე, ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თავისი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მისაღებად, აგრეთვე, სხვისთვის უპირატესობისა და ძალაუფლება-გავლენის მოპოვების მიზნით, ერთვებოდნენ სხვადასხვა პირებს შორის წარმოშობილი კონფლიქტებისა თუ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, რომელთა მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, დაზარალებულს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი („ქურდული სამყაროს“ წევრობა), მეორე ნაწილებით („კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ (გამოძალვა დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით) ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების განმარტებით, შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში დაკავებულები არიან: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად „ბონჩოს“ და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს. შსს-ში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრობა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის, მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუ“-ს და მათგან მითითებებს იღებდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 -ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.  

გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19). ამის შესახებ Europetime-ს ევროპული სასამართლოდან აცნობეს. ოფიციალურ ცნობაში წერია: განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დაქვემდებარებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი. შეგახსენებთ, ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი იურისტმა დავით ჯანდიერმა მოამზადა. გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის ივნისში მიიღო. ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

არასამთავრობო ორგანიზაციები: ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

არასამთავრობო ორგანზიაციები სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ამასთან, NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება. „2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დღევანდელი განაჩენი მცირედით განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2022 წლის 16 მაისის განაჩენისაგან, რადგან სასამართლომ ნიკა გვარამიას ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასჯელი დაუმძიმა და ჯარიმის ნაცვლად, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელის ვადა არ შეცვლილა. საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა. მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას. საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება”,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ღია საზოგადოების ფონდი; ადამიანის უფლებათა ცენტრი ;ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.