ახალი ამბები

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.

პროკურატურა 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, -

საია 117 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს 117 უბნის შემაჯამებელი ოქმები და ხელახლა გადაითვალოს მონაცემები. „გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები“, - აცხადებს საია. კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საიამ 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, საქართველოს მასშტაბით 3800-მდე საარჩევნო უბანი მუშაობდა. დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ, რასაც ხელისუფლება დიდწილად უარყოფს.

589 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 281 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევიდან 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში მკურნალობს 299 პაციენტი, აჭარაში - 90. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, აქედან, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში 3 080 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 1 412. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა.

დიდი ქალაქების სკოლების უმრავლესობა, დისტანციურ სწავლებაზე დარჩება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა დისტანციური რეჟიმში შენარჩუნება. როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. საუბარია 4 ნოემბრიდან 25 ნომბრამდე პერიოდზე და ის 1-12 კლასის ჩათვლით, ყველას ეხება.

პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამასთან, სკვების ობიექტების მუშაბის შეზღუდვა, რომელიც 22:00სთ-ზე დახურვას უკავშირდება, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. შეზღუდვა აქამდე, მხოლოდ იმერეთს, აჭარას, თბილისსა და მცხეთას ეხებოდა.

მაშველებმა იზმირში, მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

მაშველებმა იზმირში, 30 ოქტომბერს მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აილა გეზგინი 107-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს. ექიმების ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პარტიებმა არჩევნების გაუქმების მოთხოვნას ხელი მოაწერეს

10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინი, ვინც არსებული მონაცემებით ხვდება პარლამენტში და ისინი, ვინც ზღვარს ვერ ლახავენ თანხმდებიან, რომ არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს. მათ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად აცხადებენ არჩევნების შედეგებს, ხელი მოაწერეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, "სტრატეგია აღმაშენებელი", ლელო, გირჩი, მოქალაქეები, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, ერთიანი საქართველო. ​როგორც ითქვა, დოკუმენტს ხელს აწერს "პატრიოტთა ალიანსიც"."2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალდობისა და დაშინების სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მანდატი. შესაბამისად, ეს არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან არის ის უკანონოდ არჩეული", - წაიკითხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება, 847 კი უკვე გაწერეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული.

საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გადანაწილდა ასე: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში-1 412. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრისპერიოდში, საზღვრიდანგადაყვანილია - 11 489 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 267 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 881 პირი, აჭარაში - 12 537, იმერეთში კი - 2 889.

ოქტომბერში ინფლაციამ 3.8% შეადგინა - რა პროდუქტები გაძვირდა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ტრანსპორტისა და დასვენების ჯგუფების გარდა, ყველა სექტორში ფასების მატება შეინიშნებოდა. მათ შორის ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე შესამჩნევი გავლენა სურსათის ქვეჯგუფში 5.5%-ით მომატებულმა ფასებმა იქონია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი). საქართველოში ინფლაციის დონემ 6%-იან ნიშნულს 2019 წლის ბოლო კვარტალში გადააჭარბა, მომატებული ინფლაცია კი მაისის ჩათვლით ნარჩუნდებოდა, რის შემდეგაც ამ მაჩვენებელმა ეტაპობრივად შემცირება დაიწყო.

რას ფიქრობს თამარ ჟვანია საკუთარ გადადგომაზე

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ თუ რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ის გადადგება. ასე პასუხობს რუსთავი 2-ის ეთერში თამარ ჟვანია კითხვას, თუ რა შემთხვევაში დატოვებს ის თანამდებობას. "თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას [გადადგება], რომელზეც საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა, მე ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, აკურატულად გადმოცემული, რაც წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, რაც აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღიარებულია პარალელური დათვლის შედეგებით. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღონ ყველამ ოქმები, ყველასთვის ხელმისაწვდომია და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, დათვალოს ის. თუ რომელიმე არასწორი იქნება, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე". – ამბობს ცესკოს თავჯდომარე. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში მის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

აშშ ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ავსტრიელ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას პოლიციის მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიელ ხალხს“, – აცხადებს მაიკ პომპეო. შეგახსენებთ, 2 ნოემბერს ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე თავდასხმები მოხდა, რის შედეგადაც, დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

BBC: ავსტრიის დედაქალაქში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, არიან გარდაცვლილებიც

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სავარაუდოდ, არიან დაღუპულებიც. ინფორმაციას BBC შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.. უცნობმა პირებმა სინაგოგასთან ცეცხლი გახსნეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი მოკლულია, მეორემ კი გაქცევა მოახერხა. ავსტრიის შს სამინისტრო ტერაქტზე საუბრობს. პოლიცია ამ დროისთვის სპეცოპერაციას ატარებს.

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, სახლში დარჩნენ

ავსტრიაში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილი Facebook-ზე წერს. „ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩით სახლში. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:+43676 3259839“, - წერს ქეთევან ციხელაშვილი. ელჩის ამ მოწოდებას ავსტრიის დედაქალაქში სროლა უძღოდა წინ, რასაც წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანი ემსხვერპლა. ავსტრიის შს სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. BBC-ის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, არიან გარდაცვლილებიც. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ამერიკელი ხალხი მომავალ პრეზიდენტად მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჯო ბაიდენს აირჩევს. BBC-ის ინფორმაციით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც კი დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ამ ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს. აღსანიშნავია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ 27-29 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, დონალდ ტრამპს კი - 43% უჭერს. სხვადასხვა შტატში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს დაიხურება. მაგალითად, ჯორჯიაში არჩევნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე), ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში - ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, ფლორიდასა და პენსილვანიაში - 20:00 საათზე, არიზონაში, ვისკონსინსა და მიჩიგანში კი 21:00 საათზე.

ანდერს ფოგ რასმუსენი - იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან

იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც რასმუსენი წერს, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა. "მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა. 31 ოქტომბერს, გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა. დემოკრატიების ალიანსის ფონდმა იმუშავა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან რომ დაენერგა ღირსეული, ეთიკური ციფრული კამპანიის პრინციპები, რაც არ მისცემდა მავნე ძალებს ნოყიერ ნიადაგს ჩარევისათვის. თუმცა, ეს სიმშვიდისთვის არ კმარა. იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან. მე კი, განვაგრძობ ხმა ავიმაღლო საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდასაჭერად!"- წერს რასმუსენი.

"ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

"ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. “კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, რომ არჩევნები მათ მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა. ამგვარი შეფასებების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, თვისებრად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას. აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას. სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რის მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა”, – განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა დაფიქსირდა და ეს საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობაა, რომელიც მისი თქმით, ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. “მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა. ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში”, – აღნიშნა მან. არსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები, პარლამენტი შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, უარს აცხადებენ.

NDI-მ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI, ინსტიტუტი) მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში წერია. „არჩევნების დღეს სანდო სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და დამკვირველებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მოსყიდვის და გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე, ასევე საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტვისტების ყოფნაზე, რაც მათი შეფასებით დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. კენჭისყრის დღის შემდეგ ოპოციზიის აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები წამოიწყეს, სადაც ხმის ხელახალ დათვლას, შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. საკანონმდებლო ჩარჩომ არჩევნების ჩატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. 2020 წლის ივნისში გატარებულმა საკონსტიტუციო და სამართლებრივმა რეფორმებმა მონაწილეთა უფრო მეტ მრავალფეროვანებას შეუწყო ხელი. თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობის შესახებ და გასაჩივრების პროცესის მიმართ უნდობლობა გამოხატეს. კამპანიის დაფინანსების წესების შესახებ არსებული შენიშვნები კვლავ რელევანტურია. საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო. თუმცა, ამავე პერიოდში, ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამომრჩევლთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები. მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ. მათი საარჩევნო მესიჯები ძირითადად ოპონენტების კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე. საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. თუმცა, ამ პროგრესის მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წევრები კვლავაც არ იქნებიან სათანადოდ წარმოდგენილნი ახალ პარლამენტში. არჩევნების პოლარიზებულმა გაშუქებამ ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალა ხელი“, - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები. NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს გასცემს. „მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება გაამახვილონ შემდეგზე: პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იყოს განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. მათ, ასევე უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს. პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ. მონაწილე მხარეებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა მათ საქმიანობა ზეწოლისა და დაშინების გარეშე გააგრძელონ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და ოქმების შევსება. მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ. ამომრჩეველებისთვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ. უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან. აღნიშნული საარჩევნო ანალიზი ეფუძნება ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს, დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს და სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ“, - აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში, რომელსაც თან ერთვის კომენტარები. ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შემცველი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით „ფეისბუქზე“, - აღნიშნულია ანგარიშში. „შემდგომი რეფორმების გარეშე საკვანძო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა ელჩმა დერეკ მიტჩელმა. მისივე თქმით, „მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.” „მისასალმებელია, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მაინც მივიდნენ“, - განაცხადა ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კრისტინ ტოდ უიტმანმა, რომელიც NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი იყო. მის კომენტარს და ანგარიშს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს. „პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ“, - აღნიშნავს კრისტინ ტოდ უიტმანი. წინამდებარე ანალიზი ასევე ეყრდნობა NDI საქართველოს საარჩევნო მონიტორინგის (GEORGIA ELECTION WATCH) ანგარიშებს, რომელიც 19 აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1%. ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს, რადგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის ბოიკოტს შეუერთდა

ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის ბოიკოტს შეუერთდა. ინფორმაცია, პარტიების ლიდერებმა, ბრიფინგებზე გაახმოვანეს. პარლამენტში შესვლაზე უკვე თქვეს უარი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, მმართველი პარტია კი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული ოცნება – 48.15%ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14ევროპული საქართველო – 3.78%ლელო – 3.15%სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%პატრიოტთა ალიანსი – 3.14%გირჩი – 2.86%მოქალაქეები – 1.33%ლეიბორისტული პარტია – 1%30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.