ახალი ამბები

სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩევლის ვაგარშაკ არუთუნიანის წარდგენა იგეგმება. დავით ტონოიანი თავდაცვის მინისტრად 2018 წლის 11 მაისიდან მსახურობდა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე [სამადბეგიშვილი] 65 წლის ასაკში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. საპატრიარქოს პრეს-სპიკერ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ეპისკოპოსს სხვა თანმხლები დაავადებებიც სჭირდა. მეუფე ლაზარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი იყო.

სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

ჯორჯიაში ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა დასრულდა, რის შედეგადაც შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შტატში 5 მილიონამდე ბიულეტენს ხელით, 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ. შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან, ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გაიმართება. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირება იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრსა და „ქართულ ოცნებას“ შორის აუდიენციას, მესამე რაუნდი, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებისგან კრიზისული სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალთან დაკავშირებით შეთავაზებას ელიან, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.

3 768 ახალი შემხთვევა და 41 გარდაცვლილი - 20 ნოემბრის სტატისტიკა

20 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 77 932-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში - 676, იმერეთში - 541, ქვემო ქართლში - 183, შიდა ქართლში - 165, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363, კახეთში - 130, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26. 3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 123 - თბილისში, 1 646 - აჭარაში, 336 - იმერეთში. 8 718 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 426, აჭარაში -1 122, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 564 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 276 პირი, აჭარაში - 16 379, იმერეთში - 5 224“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდისთვის მზადებას იწყებს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მზადება სანქციების ახალ რაუნდზე, რომელიც ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ბრიუსელში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა. „ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიები ადამიანების წინააღმდეგ არ წყდება. ჩვენ სასანქციო სიაში უკვე შევიყვანეთ 50-ზე მეტი ადამიანი სანქციების ორი რაუნდის შედეგად და დღეს ჩვენ მოვილაპარაკეთ დავიწყოთ მზადება სანქციების ახალი რაუნდისთვის“, - განაცხადა ბორელიმ. მისი თქმით, ამჯერად, სანქციები შეეხება არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, არამედ ინსტიტუტებსა და კომპანიებს. ბორელიმ დასძინა, რომ ლუკაშენკო არ მიდის საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგზე და ბელარუსში ვითარება ბოლო დროს მხოლოდ უარესდება.

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მას აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ - ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. "ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაზის მეუღლეს-ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

New York Times: ჩინეთის შავ ბაზარზე Covid-19-ის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია

ჩინეთში ახალი რეალობაა, ხალხს შესაძლებლობა აქვს, ვაქცინა შავ ბაზარზე შეიძინოს. ამის შესახებ სტატია New York Times-მა მოამზადა. მოსახლეობა საათობით დგას რიგში ვაქცინის მისაღებად. გადამყიდველების წყალობით, ისინი პრეპარატს ყიდულობენ. ფარმაცევტულ კომპანიებთან დაახლოებული პირისგან შესაძლებელია ერთი ინექციის შეძენა $600-დან $1500-მდე. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა საბოლოოდ არ არის შემოწმებული, მოსახლეობა მაინც ყიდულობს პრეპარატს“, - წერს NY Times-ი. ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან ორმა უკვე განაცხადა საკუთარი პრეპარატის შესახებ და მათივე თქმით, ვაქცინა 90%-თ წარმატებულია, თუმცა წამლის ხელმისაწვდომობა და ხალხის თანხმობა ინექციაზე საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყნის ვაქცინების ოთხი კანდიდატიდან სამმა მიაღწია მესამე ფაზას. საცდელი პერიოდები ჯერ არ დასრულებულა - მიუხედავად ამისა, პეკინი მოითხოვს პრეპარატის სწრაფ გამოშვებას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთში დღეს 12 იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა. ზოგიერთი ცნობით, ჩინეთი, სადაც ინფექციამ პირველად იფეთქა, მონაცემებს მალავს. მედიამ რამდენიმე დღის წინ ისიც დაწერა, რომ ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს და მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ ედება. მან გაავრცელა ცნობები ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც.

კელი დეგნანმა მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა

„ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საერთო დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას. ეს ღირებულებები: დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ქმნის“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა. „სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა, რათა დაეფიქსირებინა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს არჩევანისადმი, გააღრმავოს ევროატლანტიკური კავშირები; რათა ხელახლა დაადასტუროს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, რუსული აგრესიის პირისპირ. სახელმწიფო მდივანი ასევე მხარს უჭერს საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებას, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯების გადადგმას, რაც უკავშირდება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელებას. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე, ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, დღესაც ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელობის როლს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თავისი ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი, რათა ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისათვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

სამოაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წყნარ ოკეანეში, სამოაზე ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ტუილაეპა საილელე მალიელეგაუიმ ქვეყნის 200 ათას მოქალაქეს ტელეეთერით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ინფიცირებული მეზღვაურია, რომელიც სამოაზე ახალი ზელანდიიდან ჩავიდა. ასევე ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენიდან 4 დღეში ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება. „ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, - განაცხადეს ევროკომისიაში. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არა აივაზიანი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არა აივაზიანი დაინიშნა. 51 წლის აივაზიანი მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე მას მექსიკაში, კოსტა-რიკაში, კუბაში, ჰონდურასში, გვატემალასა და პანამაში ელჩის თანამდებობა ეკავა, კიდევ უფრო ადრე იყო ელჩი ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნებში. ცნობითვის: პრემიერმა ფაშინიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ზოგრაბ მნაცაკანიანი რამდენიმე დღის წინ გადააყენა. გადაყენებულია მისი მოადგილე შავარშ ქოჩარიანიც.

ბარაკ ობამა: ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის დაესაჯა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემასა და ამ თემაზე რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან გამართულ საუბარს იხსენებს. „G20-ის სამიტზე „ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე უფრო მედვედევთან შეხვედრა მაინტერესებდა. აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაბალ ნიშნულზე იყო. გასულ ზაფხულს, მედვედევის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში რუსეთი მეზობელ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რითაც ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვია“, - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა პუტინის მზარდი გაბედულობისა და აგრესიულობის ნიშანი იყო. „ეს იმის ნიშანი იყო, რომ პუტინს შემაშფოთებლად არ სურდა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა. ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ დაწყებას იმედოვნებდა, რათა დიალოგი დაგვეწყო ჩვენი ინტერესების დასაცავად, რეგიონში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიზნებისთვის თანამშრომლობის მისაღებად. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მედვედევს პირადად შევხვდებოდი სამიტის წინა დღეს“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა თავის მემუარებში. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, 2009 წელს, G20-ის სამიტზე დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის საკითხის განხილვით დაიწყო. „როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ჩაეჭიდა. მან საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა კრიზისის გამწვავებაში და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ძალადობისგან დასაცავად მოქმედებდა. მან უარყო ჩემი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში აშშ-ის ძალებისგან განსხვავებით, რუსულ ძალებს, როგორც განმათავისუფლებლებს მიესალმნენ. ამ ყველაფრის გაგონებაზე საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები გამახსენდა, რომ „ტყუილი არა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი გახდა“. მედვედევს განცხადებაში გარკვეული ირონიული განკერძოებულობა შევატყვე, თითქოს უნდოდა მცოდნოდა, რომ მას ნამდვილად არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა“, - იხსენებს ბარაკ ობამა. წყარო

დგას კითხვა, ამ პირობებში, რამდენად სრულფასოვნად შეძლებენ ზამთრის კურორტები მუშაობას - თურნავა

"თუ რა დოზით შეეხება წერტილოვანი შეზღუდვები ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვისაც გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თურნავამ განმარტა, არსებულ პირობებში რამდენადაა შესაძლებელი სრულფასოვნად იმუშაონ ზამთრის კურორტებმა, ეს კითხვა დგას. „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე. ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პირობებში, რამდენად შევძლებთ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, ეს კითხვა დგას. ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდება. შეხვედრის გადადების მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება სახელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისი იქნება. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა.

დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 000 ხმით აჯობა. უისკონსინში ხმების ნაწილობრივი გადათვლის მოთხოვნა ტრამპის იურისტებმა, პროცედურისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, მილუოკისა და დეინის რაიონებში არჩევნების დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტები არჩევნების შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებენ. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,6 მილიონი ხმით მეტი მიიღო. წინასწარი პროგნოზებით, საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენი 306 ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 232-ს. იმისათვის, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს, აუცილებელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ სულ მცირე სამ შტატში შეიცვალოს. ამჟამად ხმების ხელით გადათვლა გრძელდება ჯორჯიის შტატში. შედეგები 20 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების საჭიროება არ იქნება - ფინანსთა მინისტრი

ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი წამყვანია, რის გამოც 2020 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული პროგრამის ამოქმედება სწორი ნაბიჯი იყო. „საკმაოდ დიდი ნაწილია ათვისებული. დინამიურია, დაახლოებით 60%-ზე მეტი იყო, თუ არ მეშლება. გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ამ სექტორს. თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ამ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ლომის წილი ამ პროგრამასაც ეუთვნის. მგონია, რომ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020-ში გვქონდა, სწორად მოვიქეცით. იმიტომ, რომ ეს სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წამყვანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შესაბამისად ეს იყო სწორი ნაბიჯი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“,- განაცხადა მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

ენმ-ის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არჩევნებზე არ მივიდნენ

"ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიამხარდამჭერებს მოუწოდებს, მათაც ბოიკოტი გამოაცხადონ და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნების მეორე ტურზე. ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოქალქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. „მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი ბლოკის, მეორე ტურში გადასული მაჟორიტარების სახელით, მინდა მოვუწოდო ყველას, პარტიის და მათ შორის, ისნის ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოართვა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. არ მივდნენ, თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. „აქციები გაგრძელდება, იქნება მასშტაბური აქციები, ცოცხალი ჯაჭვის აქციას. 21 ნოემბერს გვექნება სხვადასხვა წერტილოვანი აქციები, მათ შორის, ვგეგმავთ ცოცხალ ჯაჭვს. ვგეგმავთ, სხვადასხვა ადგილზე გამოხატვის თავისუფლებას ახალგაზრდები, ოპოზიციური პარტიები“,-განაცხადა დეკანოძიემ.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 250 029-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11.5 მილიონს მიაღწია. შეერთებული შტატები პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში როგორც კოვიდიფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით. 1 სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვასა და ნებრასკას შტატებში. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქალაქ ნიუ-იორკში დღეიდან სკოლები იხურება.