თეგი: განაჩენი
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მიანმარის ყოფილ ლიდერს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის კორუფციაში დასდეს ბრალი და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც Reuters-ი იუწყება, ეს არის პირველი განაჩენი იმ 11 საქმიდან ერთ-ერთზე, რომელიც აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ აღძრეს. 76 წლის პოლიტიკოსი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ცნობისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატს და ყოფილ უფლებადამცველს აუნ სან სუ ჩის ყველა საქმეზე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 190 წლის გატარება მოუწევს.
სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ, გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის - თ.თ.-ს მიმართ. ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 მაისს უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა რაოდენობა საკმაოა, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს და თუკი, მცირედი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ილია ჯიშკარიანიმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა. „მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- განაცხადა ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა
„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რადგან, ჩემი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. ამით მოხდა მისი ინტერესების დარღვევა“, - ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის არ დაარღვევს მოსამართლისთვის მიცემულ პირობას და არ ისაუბრებს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. ამასთან, როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს შვიდ საათზე გამოცხადდება
ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს 7 საათზე გამოცხადდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი
ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი ეს იქნება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი მედიასთან, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას... მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა", - განაცხადა ბასილაშვილმა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულები, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ამხელდა დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა პროკურორმა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია როგორც „რუსთავი 2“-სთვის 6 7000 ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედაა ცნობილი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. „ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 -ე მუხლის მესამე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2015 წლის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2019 წლის ე.წ. ავტომობილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისიდან. ნიკა გვარამიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღის და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად“, - განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.
ბექა ძამაშვილი მამალაძის საქმეზე: მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დაკისრებულ კომპენსაციაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მისვე თქმით, გიორგი მამალაძის საქმეში ერთმანეთისგან ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს. „ერთი არის, როდესაც მომჩივანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური. კონკრეტულად ზიანის ნაწილში მომჩივანი ითხოვდა დაახლოებით 450 ათასი ლარით ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და 150 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას. ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა ამ ნაწილში სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს, ანუ საერთოდ არაფერს გადაიხდის. და მეორე მხარე არის, როდესაც სტრასბურგში საქმის წარმოება უწევს ადამიანს, იქ აქვს მას გარკვეული ხარჯები. ეს არის იურიდიული მომსახურების ხარჯები თუ სხვა. სწორედ ამ ნაწილში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9400 ლარის ოდენობით აუნაზღაუროს ეს ხარჯები. არა ზიანის ნაწილში, არამედ ხარჯების. ეს ხარჯები იქნება იგივე ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა და ა.შ. შესაბამისად, ყველასთვის რომ გასაგები იყოს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ის პროცედურული დარღვევები, ის მცირედი, არ ყოფილა ისეთი არსებითი ხასიათის, რომ რაიმე კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარი მოთხოვნა რაც იყო მომჩივნის, ის არ დაკმაყოფილდა. განაჩენის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა და შესაბამისად, ამიტომაც არ ჩათვალა სასამართლომ საჭიროდ, რომ მომჩივანს რაიმე განსაკუთრებული მორალური ზიანი მიადგა ამის გამო“- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
ზელენსკი მალაიზიის ბოინგის საქმეზე: დამკვეთებიც უნდა დასაჯონ
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ აუცილებელია დამკვეთებიც დაისაჯონ. მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლომ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, დამნაშავედ ცნო „მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პირველი განაჩენი მალაიზიური ბოინგის #MH17-ის საქმეზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის პასუხი დამკვეთებმაც აგონ. რადგან დაუსჯელობა, იწვევს ახალ დანაშაულებს. უნდა გაქარწყლდეს ეს ილუზია. რუსები ადრე და ახლა ჩადენილი მხეცობისთვის უნდა დაისაჯონ, ეს გარდაუვალია“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად ცნო. იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი; სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი; ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. „სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა. შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა
სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ამავე თემაზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სააპელაციო სასამართლომ სამ პირს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და საქმიანობის სფეროდ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „FOREX“ და ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განსაზღვრეს. „ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ბრალდებულები ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. 2018 წლის სექტემბერში კი პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და შესაბამისად ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს. საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში 3000-მდე მოქალაქის მიერ სავაჭროდ შეტანილმა თანხამ 27 533 986 ლარი შეადგინა, საიდანაც 12 730 434 ლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფულადი თანხები სესხისა და საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადარიცხეს მათთან დაახლოებული პირების მიერ მათივე მითითების შესაბამისად დარეგისტრირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3 545 143 ლარის, 442 909,74 აშშ დოლარის და 27 370 ევროს შემოსავალი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.