თეგი: ევროპული საბჭო
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები ბრიუსელში გუშინ, NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ ჩატარდა. ცნობისთვის, შარლ მიშელი, რომელიც წარსულში ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეორე ვადის უფლებამოსილების შესრულებას 1 ივნისს დაიწყებს და ამ პოსტს 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე დაიკავებს.
ევროპული საბჭო: მტკიცედ ვგმობთ სისასტიკეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს
ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს სისასტიკეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უზენაესი პოლიტიკური ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი. „მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი სისასტიკის სიაში შევა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
სახალხო დამცველი შარლ მიშელს სთხოვს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას სახალხო დამცველის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. Europenews ნინო ლომჯარიას წერილს სრულად გთავაზობთ. „თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ. მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას. შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის წერილში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბრიუსელში დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის წინ, მიშელმა განაცხადა, რომ „ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის“. დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი „ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს და ვაღიარებთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონის ევროპული ინტეგრაციის პროცესის განახლებას. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს: შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა
შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ ევროპულ საბჭოს უთხრა, რომ ქვეყანა მზადაა იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც კანდიდატი სტატუსის მისაღებად არის საჭირო. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება "უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა... შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ტრიოს სამეულში არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა... მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა... პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, იმ ასოცირების ტრიოს წევრებს, რომლის ნაწილიც ასევეა საქართველო. "უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა... კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს
სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს: შეგიძლიათ, ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ
პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს: შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა „გმადლობ ძვირფასო შარლ, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება - ტრიოს სამეულში არ ვართ, მაგრამ ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა, დამოუკიდებლობიდან - 1991 წელიდან უცილობლად, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც სხვა ფორმებით - რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ამ ევროპული პერსპექტივის დაშვებაა. მახსოვს სხვადასხვა ნაბიჯი, რაც საქართველომ ამ ევროპულ გზაზე გაიარა და ყოველ ჯერზე, იქნებოდა ეს სამეზობლო ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ასოცირების შეთანხმება, მუდამ მეორდებოდა, რომ ეს იყო ყველაფერი, გარდა წევრობისა, რომ გზა არ იყო წევრობისაკენ, რომ ეს იყო პარალელური გზა. დღეს, ვხედავთ, რომ ახლა ჩვენი გზა ნათლად წევრობისკენ და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენაა, რაც უაღრესად ისტორიული ნაბიჯია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი განმარტებით, ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გაიგოს, რომ შანსი, რომელიც ქვეყანას მიეცა, ასევე გამოწვევაა. „გამოწვევაა იმ მხრივ, რომ შევძლოთ მომავალ ექვს თვეში სერიოზულად მივუდგეთ იმ რეფორმების გზას, რაც აქამდე გვქონდა, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი ნაბიჯი დროულად არ გადაიდგა, ზოგიერთი ნელა გადაიდგა. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. წლის ბოლომდე გვაქვს დრო, ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა. მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ. ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს ბატონო პრეზიდენტო, და მათი, ვინც მაგიდის გარშემო სხედხართ, რადგან თქვენ ჩვენ შანსს გვაძლევთ“,- აცხადებს ზურაბიშვილი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. „არ მსურს სიტყვა უკრაინისა და მოლდოვისადმი მილოცვის გარეშე დავასრულო, განსაკუთრებით უკრაინისადმი, რადგან უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, მადლიერებით უნდა დავიწყოთ. და შემდეგ ერთობა, ერთობა სამ ქვეყანას შორის, იმ რეფორმებზე მუშაობისთვის, რომლებსაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიაღწიოს და ერთობა ჩვენს ხალხს შორის - დეპოლარიზაცია, რომლისთვისაც ვიბრძვი და რომლისთვისაც, აქ თქვენ უზარმაზარ სტიმულს მაძლევთ, რომ განვაგრძო გზა დეპოლარიზაციისაკენ. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო. და, რა თქმა უნდა, შავი ზღვის უსაფრთხოებას, თანამშრომლობას, სტაბილურობას ორივე მხარეს სჭირდება დემოკრატიული და ევროპული ქვეყნები და ეს გზა მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის, ეს გზა მსურს დავინახო ევროპისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება
შარლ მიშელი: ჩვენ არასოდეს მივიღებთ სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება
„უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტისადმი მიძღვნილ ვიდეოგზავნილში განაცხადა. „თქვენ, უკრაინელი ხალხი, მამაცურად იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას. პირველივე დღიდან ვდგავართ თქვენ გვერდით, ერთიანობით და კონკრეტული მხარდაჭერით. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება. უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული”,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში გამართული სამიტის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად $3.2 მილიონი შეაგროვეს როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.
ისტორიული სამიტი ბრიუსელში დღეს იწყება
ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება, სადაც გაფართოების პაკეტზე იმსჯელებენ. პაკეტი 10 ქვეყანას მოიცავს. გაფართოების პაკეტი შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში პირველად საკითხად მითითებულია: ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას. შემდეგი საკითხი: ახლო აღმოსავლეთი: ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ. და, გაფართოება: ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ კუთხით შემდგომ ნაბიჯებს. უსაფრთხოება და თავდაცვა ევროკავშირის ლიდერები შეაფასებენ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ მისი წინა დასკვნების განხორციელებაში და გამოვლენ დამატებითი მითითებებით. საგარეო ურთიერთობები: ევროკავშირის ლიდერები კონკრეტულ საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. ცნობისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა დაამტკიცეს. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას, მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით. 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს. მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მედია წერდა, რომ თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.