თეგი: შეწყალება
სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის
საქართველოს პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხზე განაცხადა, რომ სიტყვას ასრულებს. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გადახედავს თუ არა შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას „არა და არასდროს“. პრეზიდენტი 28 იანვარს სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. „სიტყვას საერთოდ ვასრულებ და მგონი არავინ არის, ვისაც შეუძლია, თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე {უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება} დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა, ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს... მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იყო პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ქვეყანას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ჩიხიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას, პრზიდენტმა საზოგადოების ძალაზე გაამახვილა ყურადღება „თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის, თუ არ გვჯერა საზოგადოების ხმის და გვგონია, რომ ყველაფერი შერიგება- გარიგებით იწყება და მთავრდება, მაშინ ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში რომელიც იქნება მუდვივად პოსტსაბჭოთა ქვეყანა“, - განაცხადა საქართთველო პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა. რვა მსჯავრდებულ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
კობახიძე გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს
„ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება, შეწყალების საგანი გახდეს“, ამის შესახებ ,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დირექტორის შესაძლო შეწყალებაზე დაუსვეს შეკითხვა. „როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძე: 2017 -2019 წლებში, საელჩოების განცხადებებმაც მისცა საშუალება ნიკა გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.
სალომე ზურაბიშვილი: არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს!
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელში მოკლე შეტყობინება გაავრცელა. „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, - დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ზე. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება, რათა უკეთ დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი. „არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა. 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია.
სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა
ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. კითხვას, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე. „როგორც პრეზიდენტმა, მე უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას, შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ. ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის – შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთი შეგრძნებაა ზოგადად. ამასთანავე, არის შეგრძნება, რომ საჭიროა მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება მორალური საკითხია, რომელზეც მე პასუხისმგბელობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან. თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშავო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ხომ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხმა, შესაძლოა, უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა დაანგრიოს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უერთიერთობები ამაზე მაღლა დგას. „ვიმედოვნებ, რომ არა და ვფიქრობ, რომ არა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან ის ყოფილ პრეზიდენტს ეხება, თუმცა ისევ ვიტყვი, რომ ამ საკითხში პირველი მსაჯული არის ქართველი ხალხი, რომელმაც ის წლები გამოიარა. ქვეყნის ფარგლებს გარედან ყოველთვის ძალიან რთულია მსჯელობა იმაზე, როგორ აისახა ან არ აისახა ესა თუ ის რეჟიმი მოსახლეობაზე. ამიტომ ეს ალბათ ასევე გასათვალისწინებელია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მრავალ ადამიანს მიუმართავს მისთვის ამ თხოვნით. „მრავალ ადამიანს უთხოვია ჩემთვის პირადად, თუმცა მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა, არსებობს სხვა გზები, და თუ არსებობს ზეწოლა, ეს ზეწოლა უნდა იქნას გამოყენებული იქ, სადაც პასუხისმგებლობა დევს და სადაც არის რამის შეცვლის ძალაუფლება. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ყველაფერი ეს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც იქნებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უფრო მეტად შესაბამისი. ეს არ არის ახალი საკითხი. მრავალი ქვეყნის მრავალი პრეზიდენტი იყო გასამართლებული და ზოგჯერ ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, არის ასევე ზოგადად მიღებული მიდგომები მოცემული სირთულის გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო მეტად შევესაბამებოდეთ მათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სიტუაციაა. „ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა – ეს სხვა საქმეა. თუმცა, შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი. მე თავად ვიყავი ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც იყო არამხოლოდ ჟურნალისტი. ის ასევე სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და არა ის პროკურორი, რომელიც ნამდვილ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება - ეს ერთადერთი უფლებაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადება იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსი და იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს. კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მორიგი მაგალითია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ. არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე, ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მისთვის ბევრ ადამიანს მიუმართავს, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა. „გლობალურმა ომის პარტიამ ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. გლობალურ ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას, არც ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძის, ხაზარაძის და სხვების იმედი და რაღაცნაირად, იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ვითარებას ააყირავებდნენ. ამიტომ ლამის ნახევარი მსოფლიო ჩართეს, რომ სააკაშვილი გაეთავისუფლებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიყალბეს უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.“ „კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე. ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას. რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსთავი2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული ირაკლი ჭელიძის ძმას შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. ჭელიძის თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაჰპირდა. ის აცხადებს, რომ შეხვედრა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს ძალადობრივი ქმედებებისთვის გასამართლებული პატიმრის ახლობლებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შორის ათონელის რეზიდენციაში შედგა.
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალებული 9 მსჯავრდებულიდან 5 პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. „5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა. ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს,“ - განაცხადა თოდუამ. ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს. მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით. რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.
ირაკლი შოთაძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება
გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წლის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, ირაკლი შოთაძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კითხვას, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ. კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“ შეგახსენებთ, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.
პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს. „14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან," - წერია გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუძლია ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანის შეწყალება.