ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდასა და „თალიბანის“ დამარცხებიდან 20 წლის შემდეგ, რომელიც ევროატლანტიკური სივრცის გარეთ, NATO-ს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა, დაჯგუფება „თალიბანი“ ძალაუფლებას იბრუნებს. ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, ქვეყანამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად ვერ შეძლო.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დასკვნაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ ამერიკელი სამხედროების გასვლიდან 6 თვეში, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაშლილიყო. დასკვნაში ეწერა, რომ „თალიბანმა“ ათეულობით რაიონი დაიკავა. ხშირ შემთხვევაში კი, ავღანეთის თავდაცვის ძალები ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და ტექნიკას.
ავღანეთის ხელისუფლება მოსალოდნელზე სწრაფად ჩამოიჩალა.
- ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის
- დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს
ავღანეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყანამ ეს ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო - აცხადებს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში.
„როდესაც ავღანეთზე ვსაუბრობთ, მთავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ავღანეთისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მათ შეძლებოდათ. შეერთებულმა შტატებმა ჩადო უზარმაზარი რესურსი, მათ შორის ფინანსური, დაახლოებით 2 ტრილიონი დახარჯა. გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს ფული წავიდა სასახლეების მოწყობაში, პირად კომფორტსა და კორუფციაში.
რეალობა ისაა, რომ ქვეყანაში აღმოჩნდა ხელისუფლება, რომელმაც ეს დახმარება ვერ მიიტანა ხალხამდე, ვერ გამოიყენა სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და სახელმწიფოს წარმატებისთვის. დაახლოებით 10 წელი აფრთხილებდნენ ავღანეთის ხელისუფლებას, რომ ჩვენ ნელ-ნელა გავალთ და ქვეყანაზე პასუხისმგებლობა თქვენ აიღეთო. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ეს დახმარება ვერ გამოიყენეს.
ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უნდა იყოს მაგალითი, რომ დახმარება ვერ იქნება მუდმივი და მუდმივად არავინ არაფერს გაჩუქებს. დახმარება უნდა გამოიყენო ეფექტიანად და საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო“, - აღნიშნავს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში.
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ელემენტალური წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოხერხდა იმ ჯარების მხრიდან, რომელიც გაწვრთნა და თანამედროვე იარაღით აღჭურვა შეერთებულმა შტატებმა.
როგორც Europetime-თან ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, საერთო აზრი არსებობდა, რომ ადრე თუ გვიან, „თალიბები“ მოახერხებდნენ ძალაუფლების ხელში აღებას, თუმცა არ ელოდნენ, რომ ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად განხორციელდებოდა.
გიორგი სანიკიძე: მოსალოდნელი მოულოდნელობა“ , - ასე შეიძლება „მოვნათლოთ“ ის, რაც მოხდა. დონალდ ტრამპის დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ, საერთო აზრი არსებობდა, რომ ადრე თუ გვიან, „თალიბები“ მოახერხებდნენ ძალაუფლების ხელში აღებას, თუმცა მეორე მომენტია, რომ არ ელოდნენ, თუ ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად განხორციელდებოდა და იმ ჯარების მხრიდან, რომელიც გაწვრთნა და თანამედროვე იარაღით აღჭურვა შეერთებულმა შტატებმა, ელემენტალური წინააღმდეგობის გაწევა არ იქნებოდა.
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ექსპერტის დასკვნით, „თალიბანი“ არ არის ისეთი ძალა, რომლის მოთოკვაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო“.
თენგიზ ფხალაძე: ეს არის პარტიზანულ ომებში გამოვლილი ხალხი, რომელზეც ვერ იტყვი, რომ რეგულარული ჯარი და ისეთი ძალაა, რომლის მოთოკვაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო, მაგრამ სწორედ უავტორიტეტობის გამო, „თალიბანს“ სხვებზე მეტი ნდობა და ძალა აღმოაჩნდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავღანური საზოგადოება არის ძალიან რთული, რაც გამოიხატება მის სიჭრელეში. იქ არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, ძალიან სერიოზული თემური ინსტიტუტები, უხუცესთა საბჭოები... იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო“.
როგორი იქნება „თალიბების“ პოლიტიკა, გიორგი სანიკიძე აქ ორ ვარიანტს განიხილავს: შემზარავი და საშინელი რეჟიმის დამყარება, რომელიც საერთაშორისო ინტერვენციამდე იყო. მეორე ვარიანტი - როგორც თავად აცხადებენ, ლოიალურად იქნებიან განწყობილნი მოსახლეობის იმ ნაწილისადმი, რომლებიც „თალიბებს“ არ უჭერენ მხარს. თუმცა ძველი გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ტალღა მეზობლებისა, მიაწყდება მეზობელ ქვეყნებს და უფრო შორსაც, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის.
ტერორიზმთან ბრძოლის 20 წელი და მოსალოდნელი საფრთხეები
- თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
- ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო
ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი მიიჩნევს, რომ „თალიბანის“ გაძლიერება ქმნის ტერორიზმის გაძლიერების საფრთხეს. ასევე იზრდება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ალბათობაც. ეს შეიძლება, არ იყოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, მაგრამ სპეცსამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ კოორდინაციაში იმისთვის, რომ ამ საფრთხეების ლოკალიზება მოხდეს და არა მისი გადმოდინება და გაზრდა.
თენგიზ ფხალაძე: ეს მისია რომ არ ყოფილიყო, გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ტერორიზმის საფრთხე აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, ყოველთვის ის შედეგი არ მოაქვს ძალისხმევას, როგორიც გვინდა. თუნდაც ის, რომ ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარდა ოპერაცია, და კიდევ ბევრი სხვა ოპერაცია, მნიშვნელოვანი იყო. თავისთავად ცხადია, რომ ავღანეთი პრობლემად რჩება.
იქ არის ორი ძირითადი თემა: ტერორიზმი და ნარკოტიკები. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც, დღეს აქტუალურია. თუმცა, ამაზე ძალიან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რადგან „თალიბანის“ გაძლიერება ქმნის ტერორიზმის გაძლიერების საფრთხეს. ასევე იზრდება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ალბათობაც.
ეს შეიძლება, არ იყოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, მაგრამ სპეცსამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ კოორდინაციაში იმისთვის, რომ ამ საფრთხეების ლოკალიზება მოხდეს და არა მისი გადმოდინება და გაზრდა.
ანალოგიურ საფრთხეზე საუბრობდა Europetime-თან (ივლისში გამოქვეყნებულ ინტერვიუში) პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია: თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ და გარკვეული კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს ინფორმაციის გაზიარება, რადგან მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ნარკოტრაფიკის საშიშროებას. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, თუნდაც ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით. ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე იგივე გამოწვევის წინაშე არიან.
გიორგი სანიკიძე: რა შეიძლება ითქვას საქართველოსთან დაკავშირებით, ავღანეთთან ტერიტორიულად ახლოს არ ვართ და არც საზღვარი გვაქვს, თუმცა ცენტრალური აზიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ცვლილებები მიმდებარე რეგიონებზეც აისახება და ეს არც თუ ისე სასურველი ცვლილებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. რაიმეს პროგნოზი დღეს რთულია.
რადიკალური იდეოლოგიის შესაძლო ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში
გიორგი სანიკიძე: ეს იედოლოგია საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ასეთი ტიპის გარდაქმნებისა და ცვლილებების მოწინააღმდეგეებიც ახლო აღმოსავლურ საზოგადოებებში ბევრად მეტნი არიან, ვიდრე „თალიბების“ ტიპის მოძრაობის მომხრეები.
რას წარმოადგენს „თალიბანი“
„თალიბანი“ სამხრეთ ავღანეთში პუშტუნთა ტომის (აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში) წევრმა, მულა მოჰამედ ომარმა დააფუძნა, რომელიც შემდეგ მოჯაჰედის (ისლამის თანახმად, რელიგიური მოტივებით საბრძოლო მოქმედებების მონაწილე) მეთაური გახდა. მან 1989 წელს, ხელი შეუწყო ქვეყნიდან საბჭოთა კავშირის გაძევებას. 1994 წელს, ავღანეთში სამოქალაქო ომის დროს, მულა ომარმა ყანდაარში, დაახლოებით 50 მიმდევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოაყალიბა.
„თალიბანი“ ანუ სტუდენტები - ასე დაერქვა სახელი მულა ომარის მიერ დაფუძნებელი ჯგუფის წევრებს. მულა ომარის „სტუდენტებმა“ სწრაფად დაიპყრეს ყანდაარი და დაიკავეს დედაქალაქი ქაბული, 1996 წელს, როდესაც ავღანელები იმედგაცრუებულნი იყვნენ ქვეყნის დაუცველობით.
„თალიბანმა“ სასწრაფოდ დააწესა მკაცრი ისლამური წესები, რომლებიც კრძალავდა ტელევიზიას და მუსიკას, გოგოების სკოლაში სიარულს და აიძულებდნენ ქალებს ბურკის (ბურკა - ფართო ქსოვილი, რომელიც ქალს მთლიანად, სახის ჩათვლით ფარავს) ტარებას. „თალიბანი“ თანამშრომლობდა ბინ ლადენთან, როდესაც მან 11 სექტემბრის ტერაქტი დაგეგმა.
2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტებმა აშშ-ში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღად სამგზავრო თვითმფრინავები გამოიყენეს. მეორე დღეს კი, პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მუხლი) და ამით დაადასტურეს, რომ NATO-ს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე. შესაბამისად, ალიანსმა მიიღო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. როდესაც „თალიბანმა“ უარი თქვა აშშ-ის მოთხოვნაზე, გადაეცათ ბინ ლადენი, ამერიკული ძალები ავღანეთში შევიდნენ და მულა ომარის მთავრობა სწრაფად დაამხეს. მოლა ომარმა და „თალიბანის“ სხვა ლიდერებმა თავშესაფარი მეზობელ პაკისტანში იპოვეს.
2020 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ადგენს 14- თვიან ვადას, ამერიკის მიერ ავღანეთიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ და იმავდროულად, „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც ომის დასრულებას გულისხმობდა.
დიპლომატიური აღიარება „თალიბანმა“ მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. „თალიბანს“ აშშ-ში არ აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი.
სტატიაში „თალიბანის“ შესახებ მასალა მომზადებულია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის და BBC-ის მიხედვით.
ამავე თემაზე:
The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა