„თალიბანის“ მმართველობას ავღანეთში ქალები ყველაზე მეტად უფრთხიან, რადგან ახსოვთ ძველი გამოცდილება და მათთვის დაწესებული სასტიკი ზომები, რაც ზღუდავს მათ უფლებებს. ისინი უკვე მიმართავენ სხვადასხვა ზომას თავის დასაცავად, აქციაც გამართეს მათი უფლებებისთვის, მათ შორის იყო სალიმა მაზარი, ავღანეთის ერთ-ერთი პირველი ქალი გუბერნატორი, რომელმაც იარაღი აიღო და „თალიბანის“ წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ის მეამბოხეებმა უკვე დააკავეს.
ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს
როგორ იბრძვიან სხვა ქალები და რა მეთოდებით ცდილობენ თავის გადარჩენას ქაბულში, Europetime-მა ქალი ფეხბურთელის და კინორეჟისორის ისტორია შეკრიბა.
ავღანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მოთამაშეებს აფრთხილებს
ავღანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მოუწოდა მოთამაშეებს, წაშალონ სოციალური მედიის ანგარიშები, საჯაროდ იდენტიფიცირებას მოერიდონ და უსაფრთხოების მიზნით დაწვან ეკიპირება, რადგან ქვეყანა კვლავ „თალიბანის“ მმართველობის ქვეშაა.
ხალიდა პოპალმმა, რომელიც კოპენჰაგენში ცხოვრობს, Reuters-ს განუცხადა, რომ მებრძოლებმა წარსულში მოკლეს და გააუპატიურეს ქალები და ფეხბურთელი ქალებიც დაშინებულები არიან.
„დღეს მე მათ ვურეკავ და ვეუბნები, დაწვით ან მოიშორეთ თქვენი ეროვნული ნაკრების ფორმა", - ამბობს ხალიდა პოპალმი.
„ეს ჩემთვის მტკივნეულია როგორც აქტივისტისთვის, რომელიც წამოდგა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოეპოვებინა ეს იდენტობა, როგორც ქალთა ნაკრების მოთამაშეს“.
ავღანელი კინორეჟისორი ქაბულიდან გაქცევას იხსენებს
საჰარა კარიმი თითქმის სამი საათის განმავლობაში ელოდებოდა რიგში ქაბულის ბანკიდან ფულის აღებას, როდესაც ბანკის მენეჯერი მივიდა და სთხოვა დაეტოვებინა ტერიტორია - ამ დროს შორიდან ისმოდა სროლის ხმა.
კარიმი, ავღანელი კინორეჟისორი და პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ავღანეთის სახელმწიფო კინო ორგანიზაციას. მან გადაწყვიტა ავღანეთიდან წასვლა, ძმებთან და დისშვილებთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ქაბულის აეროპორტში ქაოსი იყო.
ახლა ის უკვე კიევის ერთ-ერთი სასტუმროდან უყვება Reuters-ს გაქცევის შესახებ, რაშიც მისი თქმით, თურქეთისა და უკრაინის მთავრობები დაეხმარნენ.
36 წლის ქალი ამბობს, რომ „თალიბანის“ მმართველობის დაბრუნება დაანგრევს კინოინდუსტრიას და ქალთა უფლებებს.
„ის მომენტი, როდესაც პირველი თვითმფრინავი გამოვტოვეთ, იყო ყველაზე სამწუხარო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვიფიქრე: კარგი, ჩვენ აღარ შეგვიძლია წასვლა, ჩვენ დავრჩებით ", - ამბობს კარიმი.
კარიმი და მისი ოჯახი თავდაპირველად უკრაინის ბორტით უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ როდესაც ათასობით ავღანელი აეროპორტში შევარდა გაქცევის იმედით, მათ ეს ვეღარ მოახერხეს.
პირველი თვითმფრინავის გამოტოვების შემდეგ, კარიმი კვლავ დაუკავშირდა ოფიციალურ პირებს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ. უთხრეს, რომ დაშორებულიყო ხალხის ჯგუფს და რამდენიმე საათის შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც ის არ ასახელებს, ოჯახი აეროპორტის სხვა ნაწილში გადაიყვანეს, საიდანაც მან და მისმა ოჯახმა უკრაინის მიმართულებით თურქული ბორტით იფრინეს.
ცნობისათვის, ავღანეთში დემოკრატია არ იქნება, განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაჰიდულა ჰაშიმიმ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში 19 აგვისტოს. მისივე თქმით, ავღანეთის მმართველი „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი ჰაიბათულაჰ ახუნდზადა იქნება. მან ავღანელ პილოტებსა და სამხედროებს მოუწოდა, მათ რიგებს შეუერთდნენ.
„დემოკრატიული სისტემა ავღანეთში საერთოდ არ იქნება, რადგან ჩვენ ამის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ არც კი განვიხილავთ, რა პოლიტიკური სისტემა იქნება ქვეყანაში, რადგან ეს ისედაც ნათელია. ეს არის შარიათის წესი“, - განაცხადა ვაჰიდულა ჰაშიმიმ.
ამავე თემაზე
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ