საგარეო უწყება: საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ და შესაბამისად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა . ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენი ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ ჩვენს ქმედებებს, იქნება ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან“- განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან დადებითი ტენდენციები და ქვეყნაში ხდება გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, ევროკავშირიდან სესხის აღება არ მოხდეს ამ ეტაპისთვის.

„რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას, ეს არის თემა , რომელსაც უკვე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. ქვეყნის მიზანია შეამციროს საგარეო ვალი და იყოს ნაკლებად დამოკიდებული იმ ფინანსურს რესურსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან. როგორც ვიცით, ეს შეთანხმება გაფორმებული იქნა რამდენიმე წლის წინათ და მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე სასესხო პირობებს, პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული და შესაბამისად სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყო ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით", - განაცხადა ჯანჯალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ის ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ აიღო კონკრეტულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება. ჯანჯალიას განმარტებით, განხორციელდა სასამართლო რეფორმის 4 ტალღა და ეს რეფორმები ჯერ არ დასრულებულა და კვლავაც გრძელდება.

„2022 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და რა ვალდებულებებიც ავიღეთ მათ წინაშე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მოხდება განხილვა დამატებით იმ საკითხების, რომელიც მოცულია შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც და ამისათვის საჭიროა, რომ მობილიზებული იქნას პოლიტიკური სპექტრი.“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამავე თემაზე:

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული

ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე