დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით „ალმას“ განცხადებას პასუხობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს „ალმასთან“, რომელიც თავის განცხადებაში საუბრობდა ბანერის განთავსების ვადებზე, 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის.
„ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული.
სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ცენტრსა და შპს „ალმასს“ შორის მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალსწინებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალსწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმას“ შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს - „ალმა’’ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
NCDC-მ კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა გუშინ მოითხოვა და შესაბამისი წერილით კომპანია „ალმას“ მიმართა. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია დააფიქსირა მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბანერებთან კავშირს უარყოფს, თუმცა მათი ნაწილი შინაარს იზიარებს, ზოგს არ მოსწონს. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება, მით უმეტეს, საჯაროდ, ბანერებით, არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული.
თავის მხრივ, ცესკომ განაცხადა, რომ საკითხის მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შესაბამისი საჩივარი შეიტანა.