ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა

„ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც 2 ოქტომბრის კენჭისყრა შეაფასა. ჩეხი პოლიტიკოსი არჩევნებს კოლეგებთან ერთად აკვირდებოდა.

„როგორც დაკვირვების შედეგად შევამჩნიეთ, შაბათის არჩევნები ძირითადად კარგად ადმინისტრირებული და მშვიდი იყო. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ არჩევნებისადმი ასეთი მიდგომისთვის. მათ აჩვენეს, რომ დაძაბულ ატმოსფეროშიც კი სურთ, თავიანთი დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა.

ჩვენ ვგმობთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციას. საკუთარი თვალით ვნახეთ ძალადობის წამქეზებელი რეკლამა, მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა კანდიდატის წინააღმდეგ ზეწოლასა და მმართველი და სხვა პარტიების კამპანიის დაფინანსების დისპროპორციულობაზე.

თუმცა მჯერა, ახლა ყველა პარტია დაიწყებს ფოკუსირებას იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, ასევე მოქალაქეებს მისცეს. ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით“, - განუცხადა Europetime-ს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგებოდა: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი).

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, ODIHR-ის დოკუმენტიდან დებულებები არ გამოარჩიონ და მასზე ყურადღება სერიოზულად გაამახვილონ

ექსკლუზივი: რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან

ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული

ექსკლუზივი: მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო

ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს