რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს თავის „აშკარად აგრესიულ რიტორიკას“, რუსეთი მიიღებს „შესაბამის საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“.
პუტინის თქმით, რუსეთი „მკაცრ რეაგირებას მოახდენს არამეგობრულ ნაბიჯებზე და მოსკოვს ამის სრული უფლება აქვს“.
კონფლიქტის შესახებ მინიშნების მიუხედავად, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთს სურს, თავიდან აიცილოს „სისხლისღვრა“.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.
მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა. მოსკოვი გარანტიებს ითხოვს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
კრემლს NATO-დან შეახსენეს, რომ გავლენების სფეროების ხანა დასრულდა.
თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ აშშ არ დათმობს პრინციპებს და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
Europetime-თან კომენტარში NATO-ს ოფიციალურმა პირმა რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ: ჯეიკ სალივანი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ტელეფონით ესაუბრა