უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებებს მართავს. შოლცი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს კიევში, მარიინსკის სასახლესთან მიესალმა.
11 თებერვალს, ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ოლაფ შოლცმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.
12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს
ოლაფ შოლცი რუსეთსა და უკრაინაზე - ინტერვიუ The Washington Post-თან.