ევროკავშირის ელჩი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან კახეთში გააკეთა. კარლ ჰარცელის თქმით, ამ სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ.

ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს სათანადოდ ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა არამხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერომ, ევროპის საბჭომ", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირის მოთხოვნაა, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. შესაბამისად, პირველი მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები.

7 თებერვალს, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დასრულდება, ვიდრე ახალი დანიშვნები მოხდება.


ასევე წაიკითხეთ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

ლონდა თოლორაია: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო

კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს