აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შესაძლებლობას განიხილავს. რატომ არ უწესებს ვლადიმერ პუტინს პერსონალურ სანქციებს დღესვე, ჟურნალისტის ამ შეკითხვას, ჯო ბაიდენმა არ უპასუხა.
„ეს არ არის ბლეფი. ეს შესაძლებლობა მაგიდაზეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პუტინთან საუბარს არ გეგმავს.
ბაიდენი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია რუსეთს ძვირი დაუჯდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად.
- პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული იქნება. პუტინის არჩევანი უკრაინასთან სრულიად გაუმართლებელი ომის თაობაზე რუსეთს უფრო სუსტს გახდის და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა