აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი „ახლა განსახილველად მაგიდაზე არ დევს“.
- უკრაინის ცაზე არასაფრენის ზონის შექმნა ახლა არ განიხილება. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ახლა არის ამ ომის დასრულება, ვაიძულოთ რუსეთი, დატოვოს უკრაინა, შეაჩეროს ეს თავდასხმები როგორც უკრაინელ სამხედროებზე, ასევე, ეს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ასე რომ, თუ ჩვენ განვიხილავთ არასაფრენი ზონის რაიმე მსგავსს, ეს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს.
ჯულიან სმიტი ასეთი ვარიანტის განხილვის სარგებლიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„მაგალითად, ბოლო თავდასხმაზე რომ ვისაუბროთ, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრი. ეს აჩენს კითხვას, ექნება თუ არასაფრენი ზონის შექმნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რეალურად დიდი გავლენა რუსეთის უნარზე, შეტევა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს უფრო ფართო ჭრილში წარმოშობს კითხვებს“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი NATO-ში.
ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს.
ასევე წაიკითხეთ