სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს

სლოვაკეთი აცხადებს, რომ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას S-300, თუ NATO შეავსებს „დანაკლისს“. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • „შეეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან განვიხილავთ S-300-ების განლაგების, გაგზავნის ან უკრაინელებისთვის მიცემის შესაძლებლობას და ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას.


 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.