ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, უკრაინის ცის დახურვას ლატვიაც ითხოვს

ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს გაეროს ქვეყნებს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის პარლამენტი ავრცელებს.

ამგვარად, საგარეო ურთიერთობათა კომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებისა და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, ხაზგასმულია, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი მოწოდებით გაეროს წევრ ქვეყნებს მანამდე ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტებმაც მიმართეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ცის დახურვაზე უარს რუსეთთან დაპირისპირების მაღალი რისკით ხსნიან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას.

ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა, მოწოდება გაიმეორა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვის დროსაც. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს.


ასევე წაიკითხეთ

NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს