გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას. ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა. 38 ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა თავი შეიკავა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს კრემლის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ.
ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც "საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს".
ამ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს უკრაინამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ.
„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით პირველი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის 2 მარტს მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო