თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვედრა სამშაბათს დილით აქვთ დაგეგმილი.
„რუსი და უკრაინელი დელეგატები, რომლებიც უძღვებიან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებს, ხვალ ისევ შეხვდებიან სტამბოლში. ჩვენ შევიკრიბებით დელეგატებთან და მათთან მოკლე შეხვედრას გავმართავთ მათი შეხვედრის წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ სატალეფონო საუბრები, რომლებსაც ვაწარმოებთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
27 მარტს ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.
მანამდე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი უკრაინულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკებები 28-30 მარტს გაიმართება.
როგორც ცნობილია, თურქეთში, ანტალიაში 10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
დიმიტრი კულებამ და სერგეი ლავროვმა მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის საკითხი განიხილეს.
რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ლიზ თრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს
დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - წინსვლა არ არის