გერმანია და საფრანგეთი რუსული გაზის იმპორტის პოტენციური შეწყვეტისთვის ემზადებიან, რადგან მოსკოვი 1-ელი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის რუბლში დაფარვას ითხოვს, რაზეც ევროპელები არ თანხმდებიან. ამის შესახებ Le Figaro წერს.
გამოცემის ცნობით, დღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცახდა, რომ რუსული გაზის საფასურს მხოლოდ კონტაქტში მითითებული ვალუტით გადაიხდიან.
ამასთან გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ გაბეკმა თქვა, რომ გერმანია ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა, მათ შორის ევროპაში რუსული გაზის ნაკადების შეჩერებისთვისაც.
31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. G7-ის ქვეყნების შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა 30 მარტს განაცხადა ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება