გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა, რადგან ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვიდან იმპორტირებული ენერგორესურსების წილი 35%-დან 25%-მდე შეამცირა.
ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება.
12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს.
11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.
ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
ასევე წაიკითხეთ
გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს
Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან
გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს