ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა კითხვარის შევსების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და მოკლე ვადაში დასრულდეს.

„ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“.


ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.