რუმინეთმა MIG-21-ის ფრენები შეაჩერა

NATO-ს წევრმა რუმინეთმა სამხედრო თვითმფრინავების - MiG 21 LanceR-ის ფლოტის მოქმედება გახშირებული ავარიების გათვალისწინებით შეაჩერა და ნორვეგიიდან F-16-ების შესყიდვას დააჩქარებს. ამის შესახებ Reuters-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არ იყო დაკავშირებული რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში, რომელსაც რუმინეთთან აქვს საზღვარი.

მოკავშირე ქვეყნებს ასევე ჰყავთ თვითმფრინავები განლაგებული ქვეყანაში გაძლიერებული საჰაერო მისიებისთვის, რაც  აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერების ფარგლებში, NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

რუმინეთმა თავისი პირველი F-16 თვითმფრინავები პორტუგალიისგან 2016 წელს იყიდა, რადგან მუშაობს ძველი ეპოქის MiG-ების ეტაპობრივად გასხვისებაზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ დააჩქარებს პროცესს ნორვეგიიდან დამატებით, 32 F-16 თვითმფრინავის შესაძენად.

ბოლო ავარია მარტის დასაწყისში მოხდა, როდესაც საჰაერო პატრულირების მონაწილე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. შვიდი ჯარისკაცი გაგზავნეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, თუმცა ისინი ასევე ავარიის შედეგად დაიღუპნენ.


ინფორმაციისთვის, MiG 21 - ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც შეიქმნა მიქოიანის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ, საბჭოთა კავშირში. F-16 მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აწარმოა. დაპროექტებულია  როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი და წარმატებულ მულტიფუნქციურ თვითმფრინავად ითვლება.


ასევე წაიკითხეთ

რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს