დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გაზის მოპოვებას ზრდის

დანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და განახლებადი ენერგიის მიწოდებას გაზრდის.  ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის მოპოვებას ჩრდილოეთის ზღვაში. დარწმუნებულები ვართ, რომ სჯობს მოვიპოვოთ გაზი ჩრდილოეთის ზღვაში, ვიდრე რესურსი ვლადიმერ პუტინისგან ვიყიდოთ“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დანიას აქვს შესაძლებლობა რუსული გაზისგან დამოუკიდებელ ქვეყნად იქცეს, ჩრდილოეთის ზღვიდან გაზის ტრანზიტის გაზრდის შედეგად.

„რადგან ჩვენ ვართ ევროპის გაზის ქსელის წევრი, ასევე საჭიროა, რომ სხვა ქვეყნებმაც მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ფრედერიქსონმა. დანიის ხელისუფლებამ ასევე წარმოადგინა ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის [ქარი, მზე] წყაროების ზრდის გეგმა, რომლის მიზანიცაა ენერგოიმპორტის ჩანაცვლება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ

სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის